Thumbnail
  • გეტლანდმა დაადასტურა, რომ უელსს 2027 წლის მსოფლიოზეც უხელმძღვანელებს
  • უელსის მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსა და ტიერ 2-ის ქვეყნებზე ილაპარაკა

უელსის მთავარმა მწვრთნელმა, უორენ გეტლანდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "დრაკონებს" 2027 წლის მსოფლიო თასზეც უხელმძღვანელებს, რომელიც ავსტრალიაში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთში მიმდინარე ტურნირს მეოთხედფინალში არგენტინასთან მარცხით დაემშვიდობა, ჯგუფში ძალიან კარგად იასპარეზა.

გეტლანდის დაბრუნებამდე უელსს უეინ პივაკი წვრთნიდა, რომელმაც რამდენიმე მოულოდნელი მარცხი განიცადა, მათ შორის იყო სახლში საქართველოსთან და იტალიასთან. შესაბამისად, ასეთ თანაბარ ჯგუფში დომინირება ნაკლებად წარმოსადგენი იყო.

უელსმა C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

პრესკონფერენციაზე გეტლანდმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის კი, ტიერ 2-ის ქვეყნების განვითარებაზე. უელსის მთავარმა მწვრთნელმა, რა თქმა უნდა, საქართველოზეც ილაპარაკა.

"ჩემი აზრით, პორტუგალიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. ისინი შესანიშნავები იყვნენ. მათ შვიდკაცა ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშის დამატებით ისარგებლეს. სათამაშოდ რთული გუნდია. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რომ ჯგუფი, რომელშიც მოვხვდით, საკმაოდ თანაბარი იყო. 43 ქულა, რომელიც საქართველოსთან დავაფიქსირეთ, მათთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო 2019 წლის მსოფლიოს შემდეგ. მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ რაგბი მაღალ დონეზე უფრო ხშირად ითამაშონ.

ურუგვაიმაც კი მოახერხა, რომ ახალი ზელანდიის წინააღმდეგ პირველ 20 წუთში ანგარიში 0:0 ყოფილიყო. შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა შეუძლია ამ გუნდს, როცა ადრენალინით ივსება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მათ ამის შენარჩუნება 60-70 წუთის მერე უჭირთ. შესაბამისად, უბრალოდ სჭირდებათ შანსი, რომ საუკეთესოების წინააღმდეგ ითამაშონ.

მსოფლიო თასზე პორტუგალია ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო 

როცა უელსში პირველად მოვედი, როჯერ ლევისმა მკითხა, ვისთან მსურდა თამაში, მე კი ვუთხარი, რომ რამდენჯერაც ექნებოდა სამხრეთის ქვეყნებთან თამაშის შანსი, ეგრევე დათანხმებულიყო. ერთადერთი გზა გასაუმჯობესებლად საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშია.

მსოფლიო რაგბის ამ თამაშის გაზრდის პასუხისმგებლობა აქვს და ჩვენც უნდა დავფიქრდეთ, რა ელის მომავალში 6 ერს. შეუძლია ნაკრებების რაოდენობის გაზრდა ან ტიერ 2-ის ქვეყნების 6 ერის შექმნა, რომელშიც დაქვეითებისა და დაწინაურების შესაძლებლობა იქნება?

ამაში ბევრი ფული და რისკი არის საჭირო, მაგრამ თუ ჩვენ თამაშის ზრდის კუთხით ამბიციურები არ ვიქნებით, მაშინ იგივე ტოპ გუნდების დომინირება გაგრძელდება. როგორც სპორტის გულშემატკივარს, შენ უნდა გინდოდეს უფრო მეტი იმედგაცრუების ხილვა.

საქართველოს განვითარებისთვის ტიერ 1-ის ქვეყნებთან უფრო მეტი თამაში სჭირდება

ვნახეთ, თუ როგორ დაამარცხა კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდებმა სამხრეთ აფრიკა და ავღანეთმა ინგლისი. ამის მიზეზი უფრო ძლიერ ქვეყნებთან რეგულარული თამაშია, რამაც მათი განვითარება გამოიწვია. რაღაც გზით ჩვენც უნდა მივყვეთ ამ მოდელს, რომ ტიერ 2-ის ქვეყნებმა განვითარება გააგრძელონ", - აღნიშნა უორენ გეტლანდმა.

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასი კი პარასკევს ნახევარფინალებით გაგრძელდება. ხვალ არგენტინა ახალ ზელანდიას შეხვდება, შაბათს კი, სამხრეთ აფრიკა ინგლისს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები