Thumbnail

ბორის ბეკერი დიდ სცენაზე დაბრუნდა: გერმანელი რუნეს გაწვრთნის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჰოლგერ რუნეს ახალი მწვრთნელი ჰყავს
  • დანიელი ბორის ბეკერს შეუთანხმდა
  • გერმანელი მას კრიზისის დაძლევაში უნდა დაეხმაროს

ჩოგბურთის გერმანელი ლეგენდა ბორის ბეკერი დიდ სცენაზე ბრუნდება!

55 წლის ბეკერმა Eurosport-ის პოდკასტში დაადასტურა, რომ ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ჰოლგერ რუნეს მწვრთნელი გახდა: “დიდი ხანია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა ყველაფერი დაემთხვა იმისათვის, რომ სერიოზულად ვითანამშრომლოთ. ჩემი კალენდარი მაძლევს ამის საშუალებას, თავად ჰოლგერს კი ეს თანამშრომლობა ყოველთვის სურდა. ის ძალიან ნიჭიერია და თანაც, ყოველთვის უდიდესი მონდომებით თამაშობს. დიახ, ვადასტურებ, რომ რუნეს მწვრთნელი ვარ.” 

გასულ დღეებში მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბეკერი მწვრთნელად დაბრუნებას აპირებდა. როგორც იცით, ის ახლო წარსულში ნოვაკ ჯოკოვიჩს წვრთნიდა, რომელმაც გერმანელის ხელმძღვანელობით 6 დიდი სლემი მოიგო. რუნეს სახით ის ახლა მსოფლიოს მე-6 ჩოგნის დამრიგებელი გახდა.

“ჩემთვის საამაყოა, რომ მწვრთნელობა მთხოვა. ჰოლგერმა მონტე კარლოში, თავის ვარჯიშებზე დამპატიჟა. იქ მის დედას, ანეკეს და Performance-მწვრთნელ ლაპო ბეკერინის შევხვდი. ახლა ჰოლგერს ჩვენ სამნი ერთად მივხედავთ.”

ჰოლგერ რუნეს ბოლო დროს კრიზისი აქვს

ბეკერის თქმით, პირველ ეტაპზე წლის ბოლომდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, ბაზელის, პარიზისა და ტურინის ტურნირების შემდეგ კი დასხდებიან და დაილაპარაკებენ. თუკი ორივე მხარე ჩათვლის, რომ თანამშრომლობა წარმატებულია, ბეკერი გაისადაც რუნეს დამრიგებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ დანიელ ჩოგბურთელს ახლა კრიზისი აქვს. მან ბოლო 11 მატჩიდან 10 წააგო და სტოკჰოლმშიც, ATP-ტურნირზე ოთხშაბათს პირველივე თამაშში დამარცხდა სერბ მიომირ კეჩმანოვიჩთან (6:7, 2:6).

კომენტარები

ბოლო ამბები