Thumbnail
  • 📅 21 ოქტომბერი | 🏟 აბუ-დაბი | ⌚ 18:00 | 🥊 UFC 294
  • ყველა სიგიჟის მიუხედავად, UFC 294 საკმაოდ კარგი ქარდია
  • ყველაფერი, რაც მომავალი ივენთის მთავარ ბრძოლებზე უნდა იცოდეთ

ბედკრული UFC 293-ის ფონზე, სადაც ტურნირის მთავარი ბრძოლა ღონისძიებამდე 3 კვირით ადრე ჩაინიშნა, მეგონა, რომ უკვე აღარაფერი გამაკვირვებდა. მაგრამ UFC 294 კიდევ უფრო პრობლემური ქარდი აღმოჩნდა. თუმცა, MMA-ს მოყვარულებს მშვიდი ცხოვრება რომ გვსურდეს, ალბათ სხვა სპორტს ვუყურებდით… მაგალითად, კერლინგს. 

ხუმრობები იქით იყოს და, მოდი, აღვნიშნოთ, რომ ყველა სიგიჟის მიუხედავად, UFC 294 საკმაოდ კარგი ქარდი გამოვიდა და მოდით, 21 ოქტომბრის მთავარ ბრძოლებზე ვისაუბროთ.

მაგომედ ანკალაევი VS ჯონი უოკერი

იყო დრო, ჯონი უოკერს ქვემძიმე დივიზიონის ჩემპიონობას ვუწინასწარმეტყველებდით. იყო დრო, მაგომედ ანკალაევზეც იმავეს ვამბობდით. ამ პროგნოზებმა არცერთის შემთხვევაში არ გაამართლა: უოკერი, ყველასთვის მოულოდნელად, კორი ანდერსონთან დამარცხდა, ანკალაევმა კი ჩემპიონობის პირველი შანსი 2022 წლის დეკემბერში იან ბლაჰოვიჩთან ჩხუბში დაკარგა. 

თუმცა, დღეს ბევრი რამ შეიცვალა. უოკერი საცხოვრებლად ირლანდიაში გადავიდა და კონორ მაკგრეგორის მწვრთნელის, ჯონ კავანას SBG-ს გუნდს შეუერთდა. ამისთვის საკმაო დრო დასჭირდა, თუმცა, UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი მებრძოლი ნელ-ნელა დაიხვეწა, მისი ქაოსურობაც უფრო კონტროლირებადი და მიზანმიმართული გახდა. ამ წუთისთვის რთულია ზუსტად ვთქვათ, თუ რა მომავალი აქვს უოკერის საჩემპიონო ამბიციებს, თუმცა 3 ბრძოლის წაუგებელი სერია - ნამდვილად კარგი დასაწყისია. 

უოკერი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი მებრძოლია

მაგომედ ანკალაევთან არანაკლები კითხვები დაგვიგროვდა. ბლაჰოვიჩთან არც ისე შთამბეჭდავმა პერფორმანსმა დაღესტნელის დაუმარცხებლობის აურაში ბზარი გააჩინა. ბევრს კი ჰგონია, რომ ანკალაევმა ის ბრძოლა მოიგო, თუმცა, პირადად მე სრულიად კმაყოფილი დავრჩი მსაჯების გადაწყვეტილებით - ფრე. იმ საჩემპიონო ბრძოლაში, ფანების ჩათვლით, არავინ გაიმარჯვა და, შესაბამისად, არც ტიტულს იმსახურებდა ვინმე. ასეთი გამოსვლის შემდეგ ბევრი რამ არის დასამტკიცებელი.

შაბათის ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, ორი პოლარული სტილის დაპირისპირებას წარმოადგენს. რამდენად მოახერხებს ანკალაევი უოკერის ქაოსურობისა და სისწრაფის განეიტრალებას? გვაჩვენებს ის ჩხუბში გადაწყვეტილების მიღების უკეთეს უნარს? თუ ჯონი კვლავ დაგვიბრუნებს რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში? ამ კითხვებზე პასუხი, სავარაუდოდ, 205 ფუნტის დივიზიონის ტიტულზე შემდეგ პრეტენდენტს გამოავლენს. შეგახსენებთ, ამ წონაში ტიტული კვლავ ვაკანტურია, ხოლო მის ბედს ნოემბერში ალექს პერეირას და ჟირი პროჰაცკას დაპირისპირება გადაწყვეტს.

კამარუ უსმანი VS ხამზატ ჩიმაევი 

ამ ორი მებრძოლის დაპირისპირებაზე MMA-ს მოყვარულებს აქამდეც არაერთხელ გვიოცნებია, თუმცა ცოტა განსხვავებულ ვითარებაში. არა მგონია, ვინმეს წარმოედგინა, რომ 170-იანი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი უსმანი და დაუმარცხებელი ჩიმაევი ერთმანეთს ფაქტობრივად დაუგეგმავად, 185 ფუნტში შეხვდებოდნენ. თავდაპირველად ბრძოლა ჩიმაევსა და პაულო კოსტას შორის იყო ჩანიშნული, მაგრამ პოსტ-ოპერაციული გართულებების გამო, ბრაზილიელი შეჯიბრს ჩაეხსნა. ქარდის co-main ივენთი, ყველასთვის მოულოდნელად, კამარუ უსმანმა გადაარჩინა: მატჩამდე 10 დღით ადრე გამოთქვა სურვილი, ზედა დივიზიონში ასულიყო და კოსტას ადგილი დაეკავებინა.

ჩიმაევთან short-notice ბრძოლაზე მოხალისეს ადვილად ვერ იპოვი - საშუალო წონაში ასვლამდე, ხამზატი ქვესაშუალო წონის TOP 15-ს ატერორებდა. ბევრს დღემდე ახსოვს სცენა, სადაც ჩიმაევი ლი ჯინგლიანგს ოქტაგონის კუთხეში მიათრევს, რომ სპეციალურად დანა უაითის თვალწინ დაამარცხოს. თუმცა, როგორც ჩანს, კამარუ უსმანს ასეთი საქციელით ვერ დააშინებ. წარსულში ბრწყინვალე მოჭიდავე უსმანი დგომშიც საკმარის პრობლემებს წარმოადგენს - ხორხე მასვიდალის ფანტასტიკური დანოკაუტების გარდა, განსაკუთრებულ აღნიშვნას უსმანის ე.წ. power jab იმსახურებს. ამის მიუხედავად, არავისთვისაა საიდუმლო, რომ კამარუს მუხლებზე უამრავი ტრავმა აქვს მიღებული, რის მორჩენაში არც ასაკი ეხმარება - ნიგერიელი 36 წლისაა. ორივე დივიზიონისთვის ეს დიდი ასაკია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ოპონენტი 29 წლისაა.

უსმანის და ჩიმაევის დუელზე MMA-ს მოყვარულებს აქამდეც არაერთხელ გვიოცნებია

ჩიმაევის და უსმანის ბრძოლის მთავარი კითხვა, რა თქმა უნდა, ჭიდაობას ეხება: მოახერხებს თუ არა ფიზიკურად უფრო დიდი ჩიმაევი უსმანთან თეიქდაუნის განხორციელებას? თუ, როგორც ეს ხშირად ხდება, მოჭიდავეები ბრძოლას დგომში გამართავენ? მნიშვნელოვანია ასევე მატჩის ხანგრძლივობაც - 3 რაუნდი, რაც ბოლო წამს შემცვლელი უსმანის გამარჯვების შანსებს ზრდის. ამ ბრძოლაში მისი სტრატეგია, სავარაუდოდ, ჩიმაევის რაც შეიძლება მალე დაფინიშებაზე იქნება ორიენტირებული. ჩიმაევის სტრაიკინგ დაცვის სისუსტისგან გამომდინარე, უსმანს დგომში ბრძოლა უფრო უნდა აწყობდეს. ხამზატი კი ბოლო თვეები სტრაიკერ კოსტასთვის ემზადებოდა და საინტერესოა, რამდენად მოახერხებს მისი გუნდი უსმანზე მორგებული გეგმის მოფიქრებას.

ხამზატ ჩიმაევი ამ ბრძოლაში დამსახურებული ფავორიტია. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, კამარუ უსმანი ქვესაშუალო წონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტსმენია და მისი მიღწევების ასე ადვილად დავიწყება არ შეიძლება. ეს დაპირისპირება ბევრ რამეს გვაჩვენებს. აქედან ერთ-ერთი მთავარი კი, საშუალო წონის ტიტულის შემდეგი პრეტენდენტის ვინაობა იქნება. 

ისლამ მახაჩევი VS ალექსანდრ ვოლკანოვსკი 2

შაბათის მთავარი ბრძოლის და ინტრიგის განხილვის დროც მოვიდა. ამ დაპირისპირების არც ისე ოპტიმალურ პირობებსა და ვოლკანოვსკის მიერ ჩარლზ ოლივეირას ჩანაცვლებას ცალკე სტატია მივუძღვენი, ამიტომ ამაზე დეტალური საუბრით თავს არ მოგაბეზრებთ. მხოლოდ მთავარს გეტყვით: ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ვოლკანოვსკი მსუბუქი წონის ჩემპიონის მახაჩევის დამარცხებას მეორედ ეცდება. მოგეხსენებათ, პირველ შეხვედრაში მსაჯებმა გამარჯვება დაღესტნელ ათლეტს მიანიჭეს, თუმცა, 25-წუთიანი ბრძოლა იმდენად თანაბრად მიმდინარეობდა, ყველას გაგვიჩნდა რევანშის ნახვის იშვიათი სურვილი.

ღიად ვაღიარებ: წარმოდგენა არ მაქვს, რას ვიხილავთ 21 ოქტომბერს. სრულიად შესაძლებელია, რომ მომზადების არქონასა და ახლადჩატარებული ოპერაციის ფონზე, ვოლკანოვსკი კარგ პერფორმანსს ვერ გვაჩვენებს და მისი დამარცხება მახაჩევისთვის ადვილი აღმოჩნდება. თუმცა, არა მგონია - ვოლკანოვსკისგან ხომ მხოლოდ აბსოლუტურ ბრწყინვალებას ვართ მიჩვეულები.

ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ვოლკანოვსკი მსუბუქი წონის ჩემპიონის მახაჩევის დამარცხებას მეორედ ეცდება

ზოგადად, პირველმა დაპირისპირებამ იმის შეგრძნება დამიტოვა, რომ ვოლკანოვსკის ბევრად უფრო მეტი შეეძლო, ვიდრე ის, რისი ჩვენებაც მოასწრო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ავსტრალიელი მეორე ბრძოლაში სხვა სტრატეგიას აირჩევს, ტემპს თავიდანვე აუწევს და მახაჩევის დანოკაუტებას პირველ სამ რაუნდში ეცდება.

დასაკარგი ცოტა რამ აქვს: კარგად მომზადებულ ისლამთან მე-4 და მე-5 რაუნდში მას ისედაც გაუჭირდება. თუმცა ეს იმდენად მარტივი გეგმაა, რომ ამისთვის მახაჩევიც მზად იქნება. ვოლკანოვსკის კი ეს არ აწყობს - პირველ ბრძოლაში ყველაზე მეტი წარმატება მეტოქეს სწორედ დგომში კონტრ-შეტევებმა მოუტანეს. ჩემი აზრით, ვოლკანოვსკის, როგორც მებრძოლის საუკეთესო იარაღი არა კარდიო ან არაორთოდოქსული სტრაიკინგი, არამედ მისი ადაპტაციის უნარია. ამ თვისებას “ბრძოლის მაღალ IQ”-ს ვეძახით: შუა ბრძოლაში ოპონენტის ანალიზზე დაყრდნობით, საკუთარ გეგმაში კორექტირების შეტანის უნარი.

პირველი მატჩის დასრულების მომენტიდან, ვოლკანოვსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ზუსტად იცის, თუ რის შეცვლა სჭირდება მახაჩევთან ბრძოლის მოსაგებად. ამიტომ, ორმაგად საინტერესოა, რამდენად სწორი აღმოჩნდება ქვემსუბუქი დივიზიონის გენიალური სტრატეგის გათვლები.

რას ველოდოთ მახაჩევისგან? Co-main ივენთისგან განსხვავებით, ახალი მეტოქე ისლამის გეგმას დიდად არ ცვლის. მახაჩევის სტრატეგია ამ შემთხვევაშიც პარტერზე იქნება ორიენტირებული. თუმცა, ერთი ცვლილება, რომელსაც ველოდები - მიწაზე ground-and-pound ტექნიკის დაპრიორიტეტებაა. ისლამ მახაჩევის და მის ცნობილ თანაგუნდელ ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის პრინციპული სხვაობაც ხომ ისაა, რომ ორივე სამბოს ოსტატი და მშვენიერი მოჭიდავეა, თუმცა მახაჩევი უფრო მეტად მახრჩობელა და მტკივნეულ ილეთებზეა (ე.წ. submission) ორიენტირებული, როდესაც ხაბიბი აგრესიული ground-and-pound-ით გამოირჩებოდა. ვოლკანოვსკის საბმიშენით გამოჭერის მცდელობები ისლამს დიდს ვერაფერი მოუტანეს, ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ რემატჩში ოპონენტის დაფინიშებას ის სწორედ თანაგუნდელის საყვარელი ტექნიკით ეცდება.

რაღაა დასამალი: მახაჩევთან მოგება რთული ამოცანაა. თუმცა, თუ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ეს შეძლო, თუ მართლა ერთდროულად ორ ქამარს დაეუფლა, თუ დაამარცხა საკუთარ თავზე ფიზიკურად უფრო დიდი, ზედა დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური მებრძოლი, მის მეორე სახლში - აბუ-დაბიში, 10-დღიანი მომზადებითა და ახალი ნაოპერაციები იდაყვით… მაშინ საქმე გვექნება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპორტსმენთან, რომელიც პირადად ჩემთვის პირდაპირ MMA-ს რაშმორის მთის მემორიალზე წავა.

და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებს, რომ მის მიერ ალექსანდრე “დიდი” მაკედონელის ზედმეტსახელის სესხება შემთხვევითობა არასდროს ყოფილა.

შევაჯამოთ: ტურბულენტური დასაწყისის მიუხედავად, UFC 294 მოვლენების საინტერესო განვითარებას გვპირდება. ზემოხსენებული სამის გარდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვუყურებ მუჰამედ მოკაევის ბრძოლას ტიმ ელიოტთან, იკრამ ალისკეროვის დაპირისპირებას ვარლი ალვეზსთან და საიდ ნურმაგომედოვის მატჩს მუინ გაფუროვთან. აღსანიშნავია, რომ ამ ქარდზე სულ 6 დაუმარცხებელი სპორტსმენი იბრძვის და საინტერესოა, თუ რამდენი მოახერხებს საკუთარი უნაკლო სტატისტიკის შენარჩუნებას.

ხოლო რაც შეეხება მთლიან ტურნირს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 21 ოქტომბერს 4 სხვადასხვა დივიზიონის ბედი გადაწყდება. მომხდარს კი, ბრძოლების შემაჯამებელ სტატიაში აუცილებლად განვიხილავთ.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები