Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 85:79 ცრვენა ზვეზდა
  • თორნიკე შენგელიამ 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დააგროვა

ვირტუს ბოლონიამ ევროლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა მე-4 ტურში საკუთარ მოედანზე ბელგრადის ცრვენა ზვეზდა 85:79 დაამარცხა. ლუკა ბანკის გუნდმა პირველივე პერიოდში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და იმის მიუხედავად, რომ მომდევნო სამი პერიოდიდან ვერც ერთი მოიგო, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც მოახერხა.

მთლიანობაში, ბოლონიელებს თამაში მშვიდად მიჰყავდათ, საშუალოდ 10-ქულიან უპირატესობას დიდი ხანი ინარჩუნებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს სერბებმა მაინც შეძლეს თამაშის დაძაბვა და ბოლო წუთში ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულა იყო. თუმცა, იტალიელებმა გარდამტეხ მომენტში მაინც ივარგეს და დამსახურებულად მოიგეს.

შენგელია კარგ ფორმაშია

თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესო იყო. მოგეხსენებათ, გასულ ტურში ქართველი ფორვარდი არათუ ვირტუსის, არამედ ტურის MVP გახდა. შენგელიამ ამჯერადაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

თორნიკემ 29:33 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 9-დან 6 ორქულიანი (66.7%), 3-დან 2 სამქულიანი (66.7%) და 2-დან 1 საჯარიმო (50%) ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი 19 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, თუმცაღა ეფექტიანობის მაჩვენებლით (18) იზაია კორდინიეს ჩამორჩა (20). ქულებით შენგელიაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ცრვენა ზვეზდას კალათბურთელ შაბაზ ნაპიეს ჰქონდა (23).

ვირტუს ბოლონია ევროლიგაში 4 ტურის შემდეგ 3 მოგებითა და 1 წაგებით მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 ოქტომბერს, ფრანგულ ვილერბანს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები