Thumbnail

ახალმა ზელანდიამ არგენტინა გაანადგურა და მსოფლიო თასის ფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • არგენტინა 6:44 ახალი ზელანდია
  • ოლ ბლექსმა მეტოქეს 7 ლელო დაუდო

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასის ფინალში გავიდა და ეცდება, პლანეტის უძლიერესი გუნდის ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვოს.

ოლ ბლექსი ნახევარფინალში არგენტინას გაეჯიბრა და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა - 44:6. პარიზულ სენ დენიზე გამართულ მატჩში პირველი ქულები პუმებმა აიღეს, თუმცა, შემდეგ მინდორზე მხოლოდ ერთი ნაკრები იყო.

ზელანდიელებმა მეტოქე 7-ჯერ დაალელოვეს, მთავარი მოქმედი პირი კი ვილ ჯორდანი იყო, რომელმაც 3 ლელო დადო (მას ერთ მსოფლიო თასზე 8 ლელო მოუგროვდა და ამ მხრივ რეკორდსმენებს ჯონა ლომუს, ბრაიან ჰაბანასა და ჯულიან სავეას გაუთანაბრდა). თითოჯერ თავი ჯორდი ბარეტმა, შენონ ფრიზელმა და აარონ სმითმა გამოიჩინეს, რიჩი მო’უნგამ კი 3 გარდასახვას 1 ჯარიმა წაუმატა.

ოლ ბლექსს მსოფლიო თასი 1987, 2011 და 2015 წლებში აქვს მოგებული, მორიგი ტიტულისთვის კი 28 ოქტომბერს იბრძოლებს, ხოლო თუ ვინ იქნება ზელანდიელთა მეტოქე, 21 ოქტომბერს დაგეგმილ მე-2 ნახევარფინალში გაირკვევა. კვლავ სენ დენიზე ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა და ინგლისი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები