Thumbnail

სერია A-ს მე-9 ტურში ტორინო შინ ინტერთან 0:3 დამარცხდა. საბა საზონოვი მოედანზე 51-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ტრავმირებული პეერ სხუურსი შეცვალა.

სამწუხაროა, რომ ტურინელებმა სამივე გოლი მოედანზე ქართველის შესვლის შემდეგ გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საბას კონკრეტული ბრალი რომელიმე გოლში არ მიუძღვის. მატჩის შემდეგ ტორინოს მწვრთნელმა ივან იურიჩმა თქვა, რომ საბა საინტერესო ახალგაზრდაა, მაგრამ ჯერ ტორინოს სათამაშო კონცეფციასთან ადაპტირება სჭირდება.

"სხუურსის მდგომარეობას ხვალ გავიგებთ, მაგრამ მოლოდინი კარგი არ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ სასწაული მოხდება და სერიოზული არაფერია. მისი გასვლის შემდეგ გუნდმა ბალანსი დაკარგა, სხუურსის შეცვლა ურთულესი იქნება. ზიმა არ არის ოპტიმალურ მდგომარეობაში, ბონჯორნო და ჯიჯი ისედაც გვაკლია, საზონოვი ახალგაზრდაა და საინტერესო ფეხბურთელია, რომელსაც სწავლის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენს კონცეფციებთან უნდა ადაპტირდეს და გაიზარდოს, რაც დღესაც დავინახეთ - თამაშში ჩართვა გაუჭირდა", - თქვა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ტორინო 9 ქულით მე-14 ადგილზეა, ბოლო 4 მატჩი კი გოლიც ვერ გაიტანა. თუმცა, ტურინულ გუნდს მძიმე კალენდარი ჰქონდა, რადგან 9 ტურში უკვე მოუწია დაპირისპირება ინტერთან, იუვენტუსთან, მილანთან, ლაციოსა და რომასთან. მომდევნო ტურში კი 28 ოქტომბერს, ლეჩეს სტუმრად შეხვდება.

საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში ტორინოს მაისურით 3 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები