Thumbnail

კვარა | ის ხვიჩა დაბრუნდა?

ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში, ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიამ ერთპიროვნულად ულიდერა. ვერონასთან 3:1 მოგებულ მატჩში კვარამ 14-თვიანი პაუზის შემდეგ დუბლი შეასრულა და იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 3 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს. "დუბლი და დიდებული მოქმედებები. მისი თამაში სპექტაკლი იყო! როცა ასე თამაშობს, აბსოლუტური სიამოვნებაა მისი ყურება." - ვკითხულობთ იტალიურ სპორტულ მედიაში ხვიჩას თამაშის შესახებ. ერთი სიტყვით, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასული სეზონის პირველი ნახევრის კვარა დაბრუნდა, ის კვარა, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და "ოქროს ბურთის" ნომინანტი გახდა.

📋 | კვარაცხელიას გოლები ვერონასთან და მისი თამაშის გამოხმაურება ვრცლად ნახეთ აქ. 

გარსია | ნაპოლის მწვრთნელმაც ამოისუნთქა

"ახლა უფრო თავისუფლად უტევს და როცა ასეა, მეტოქის დაცვა მძიმდება." - თქვა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ მატჩის შემდეგ. კვარას გოლები მას ორმაგად უნდა უხაროდეს, რადგან თითოეული მოგებული მატჩი მისთვის ახლა თანამდებობის შენარჩუნებას ნიშნავს. ვფიქრობთ, შემთხვევითი არ იყო, რომ გარსიასგან ეს სიტყვებიც მოვისმინეთ: "გოლის აღნიშვნის მისი ახალი სტილის მიზეზი არ ვიცი. ისიც საკმარისია, რომ ეს ისარი მე არ მხვდება."

📋 | რუდი გარსიას კომენტარი ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ინგლისი | ჩაკვეტაძე ყველამ შეაქო

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ინგლისის ჩემპიონშიფის მე-12 ტურში შეფილდ უენსდეი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო და ძალიან აქტიურობდა. აი, რას წერს უოტფორდის ოფიციალური გვერდი: "უოტფორდს თამაშის გაუმჯობესებაში წარმატებული ცვლილებები დაეხმარა. კენ სემა და გიორგი ჩაკვეტაძე სახიფათო პოზიციებზე ფაქტობრივად ბრწყინავდნენ." უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერიან ისამაელმა კი აღნიშნა: "თამაში სათადარიგო სკამმა მოიგო, რადგან ჩვენ ხარისხი გვაქვს. მარტივია, როცა იცი, რომ სკამზე ასეთი ფეხბურთელები არიან. უფრო მშვიდად ვარ, რადგან ნებისმიერ დროს შემიძლია რეაგირება მოვახდინო."

📋 | გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის გამოხმაურება ვრცლად ნახეთ აქ.

მიქაუტაძე | 'აიაქსის მწვრთნელი პირად ომს აწარმოებს'

8-მატჩიანი მოუგებელი სერიისა და ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ აიაქსის მთავარ მწვრთნელს ნიდერლანდურ მედიაში აქტიურად აკრიტიკებენ. ამსტერდამელებმა გასულ უიკენდზე აუტსაიდერ უტრეხტთან წააგეს და ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლეს. აი, რა თქვა Ajax Showtime-ის რედაქტორმა ნილს ოპდამმა: "როგორც ამბობენ, სტეინი კარგი მენეჯერია, მაგრამ ამას მე ვერ ვამჩნევ. როგორც ჩანს, ის აწარმოებს რაღაც "პირად ომს" და მისლინტატის მიყვანილ ფეხბურთელებს არ ათამაშებს, ან სხვა პოზიციაზე აყენებს. მაგალითად, არ მესმის, რა დააშავა მიქაუტაძემ. სასაცილოა ის ფაქტი, რომ სტეინს მიქაუტაძე, აკპომი და ვან დენ ბოომენი 90-ე წუთზე შემოჰყავს, როცა 3:4-ს მარცხდება."

📋 | გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ყველა სიახლე ნახეთ აქ.

შენგელია | ორი კარგი თამაში სამ დღეში

თორნიკე შენგელია ბრწყინვალე ფორმაშია! ჯერ ევროლიგაში, ბელგრადის ცრვენა ზვეზდასთან 19 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, კვირას კი იტალიის სერია A-ში სამმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი ასისტი დააკლდა. თორნიკეს ანგარიშზე 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები