Thumbnail

'სად არის ამაშუკელი?' - The South African მსოფლიო რაგბის უსამართლობაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რატომ მოხდა ისე, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ვერცერთი დანიშვნა ვერ მიიღო?'
  • სამხრეთაფრიკული გამოცემა იმ მსაჯზე წერს, ვინც მსოფლიო თასის ფინალს მოემსახურება

მსოფლიო რაგბის ჯერაც არ დაუსახელებია იმ მსაჯის ვინაობა, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის ფინალს მოემსახურება, თუმცა, როგორც The South African ექსკლუზიურად ავრცელებს, ის, დიდი ალბათობით, 44 წლის ინგლისელი უეინ ბარნსი იქნება.

ცხადია, ბარნსი დანიშვნას ვერ მიიღებდა, ფინალში ინგლისის ნაკრები რომ გასულიყო, თუმცა, "ვარდებმა" სამხრეთ აფრიკასთან დრამატული ნახევარფინალი 15:16 წააგეს და არგენტინასთან ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ, გადამწყვეტ მატჩში კი, "ქურციკები" ახალ ზელანდიას შეხვდებიან.

სამხრეთაფრიკული გამოცემა წერს, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ბარნსი იდეალური კანდიდატია, ვიდეო-რეფერის რანგში კი, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ინგლისელ ტომ ფოულის ვიხილავთ. აქვე, The South African კიდევ ერთ საინტერესო კითხვას სვამს.

არსებული ინფორმაციით, მსოფლიო თასის ფინალს ინგლისელი  უეინ ბარნსი განსჯის

"ბევრი თვლის, რომ ბარნსი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო რეფერია და მისი საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, თუმცა, არის ერთი კითხვაც, რომელსაც ასევე ბევრისგან გაიგონებდით. სად არის ნიკა ამაშუკელი? რატომ მოხდა ისე, რომ მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ვერცერთი დანიშვა ვერ მიიღო ქართველმა მსაჯმა, რომელიც ასევე მაღალი ნდობით გამოირჩევა?".

ის, რომ 29 წლის ამაშუკელს თუნდაც ასისტენტის რანგში არცერთი საპლეიოფო თამაში არ ანდეს, მართლაც მოულოდნელი იყო. ნიკამ ტურნირზე მთავარი არბიტრის რანგში 3 მატჩი (ირლანდია-რუმინეთი, ინგლისი-იაპონია, ავსტრალია-პორტუგალია) ჩაატარა, 4-ჯერ (შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა) კი ასისტენტი გახლდათ.

ქართველი რეფერის მუშაობას საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა და თითქოს იყო შანსი, კიდევ დაესაქმებინათ, თუმცა, ასე არ მოხდა. როგორც სჩანს, ამას უსამართლობის განცდა მხოლოდ ქართველებში არ დაუტოვებია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის ფინალი პარიზულ სენ დენიზე 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი და გამარჯვებული ყველა დროის რეკორდსმენი გახდება, რადგანაც ამ დროისთვის, როგორც სამხრეთ აფრიკას (მოქმედი ჩემპიონი), ასევე ახალ ზელანდიას, ტურნირი სამ-სამჯერ აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები