Thumbnail

როცა ბავშვობაში ბაბუასთან ერთად ფეხბურთს ვუყურებდი, ყოველთვის ვეკითხებოდი ხოლმე, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობდა. ამ კითხვაზე სულ ერთსა და იმავეს მპასუხობდა: "მე მხოლოდ კარგ თამაშს ვგულშემატკივრობ".


მისი ეს სიტყვები ცოტა ყოველთვის მაღიზიანებდა. პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რის თქმას ცდილობდა - მეგონა, უბრალოდ თავიდან მიშორებდა. ამის მერე 20 წელიწადზე მეტი გავიდა, მეც გავიზარდე და ახლა უკვე კარგად ვხვდები, თუ რას გულისხმობდა ბაბუაჩემი. მისთვის სულერთი იყო, რომელი გუნდი გაიმარჯვებდა, საკმარისი იყო ორივეს კარგი თამაში ეჩვენებინა. ასეთ დროს არა ერთი რომელიღაც გუნდი, არამედ მთლიანად სპორტი და გულშემატკივარიც იმარჯვებდა.

UFC 294-ზე არც სპორტმა გაიმარჯვა და არც გულშემატკივარმა. გაიმარჯვეს კონკრეტულმა სპორტსმენებმა (ისიც, უმეტესწილად, საეჭვო ვითარებებში), ხოლო მთლიანად MMA საზოგადოება ამ საღამოს გახსენებაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაიჯღანება. მაგრამ, მოდი, რიგ-რიგობით მივყვეთ, როგორც ჩვენ ვიცით - წყნარად, მშვიდად, დალაგებულად. 

ისლამ მახაჩევი V ალექსანდრ ვოლკანოვსკი 2

ამ ბრძოლის წინ ვთქვი, რომ ერთადერთი, რაც მართლა მეწყინება, ვოლკანოვსკისგან ცუდი პერფორმანსის ნახვა იქნება. არა იმიტომ, რომ მახაჩევის გამარჯვებაზე გული დამწყდება, არამედ იმიტომ, რომ ეს დაპირისპირება უფრო მეტს იმსახურებდა. ვოლკანოვსკის მიერ ამ ბრძოლაზე 12 დღით ადრე თანხმობა დიდი რისკი იყო, თუმცა, თუ არსებობდა დედამიწის ზურგზე ვინმე, ვის შემთხვევაშიც ეს რისკი გამართლებული იყო - ვოლკანოვსკია.

მგონი, ზოგჯერ, ცალკეული ათლეტების ისტორიები იმდენად შთამაგონებელია, გვავიწყდება, რომ MMA უმოწყალო სპორტია, რომელშიც ლამაზ ოცნებებზე უფრო ხშირად, რეალობად სწორედ ჩვენი ყველაზე დიდი შიშები იქცევა. არადა, რა ლამაზი ამბავი გამოვიდოდა: ქვემსუბუქი ჩემპიონი 12-დღიანი მომზადებით მსუბუქი წონის ჩემპიონში შეუჩერებელ ძალას დაამარცხებდა, ერთდროულად ორივე ქამარს დაეუფლებოდა და სპორტის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად შევიდოდა. ამის ნაცვლად, ისლამ მახაჩევმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი პირველივე რაუნდში head kick-ით დაანოკაუტა.

 

გარდა იმისა, რომ MMA-ში ზღაპრები არ ხდება, ამ ამბავმა ორი რამ გვასწავლა. პირველი: შერეულ ორთაბრძოლებში უმაღლეს დონეზე short notice ბრძოლაზე არ უნდა დათანხმდე. ასეთი შეჯიბრების შედეგები უმეტესწილად არაფერს გვაძლევს, გარდა იმ შეგრძნების, რომ წესიერი მომზადების არქონის გამო, კარგი ბრძოლის ნახვის შანსი დავკარგეთ. შაბათსაც, ნოკაუტის კადრების მეხუთედ ჩვენებაზე, თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა, რომ პირველი ბრძოლის ფონზე ეს ისტორია სხვანაირ დასასრულს იმსახურებდა. ჩვენ, როგორც ფანები, უფრო მეტს ვიმსახურებდით. უფრო მეტს იმსახურებდნენ ალექს ვოლკანოვსკიც და ისლამ მახაჩევიც.

მეორე გაკვეთილი, რომელიც შეგვიძლია გამოვიტანოთ, არის ის, რომ დღეს ისლამ მახაჩევი ერთ-ერთი საუკეთესო MMA ათლეტია. არა ხაბიბ ნურმაგომედოვის აჩრდილი, რომელმაც ქამარი მემკვიდრეობით მიიღო, არამედ თვითმყოფი სპორტსმენი, რომელმაც უნარების მრავალფეროვნებით ყოფილ თანაგუნდელს გადაასწრო. მახაჩევი ბრძოლის სამივე ასპექტში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს - დგომშიც, კლინჩსა და პარტერშიც - და მისი მხოლოდ გრეპლერად აღქმა არასწორია: არ დაგვავიწყდეს, ოლივეირასთანაც ბრძოლაში ფინიში სწორედ მახაჩევის სტრაიკინგმა გამოიწვია. შაბათის ნოკაუტშიც შემთხვევითი არაფერი იყო - იდეალურად დაგეგმილი head kick-ი, იდეალური მომზადებითა და შესრულებით. მახაჩევმა იგივე ილეთი რაუნდის დასაწყისშიც სცადა, თუმცა, ალექსმა ის წარმატებით დაბლოკა... მეორე ჯერზე კი ვერ გადაურჩა. და აქ არაფერ შუაშია მომზადების პერიოდი, ლოკაცია და სხვა ფაქტორები. ეს head kick-ი ვოლკანოვსკის 3-თვიანი მომზადების შემდეგაც, აბუ-დაბიშიც, სიდნეიშიც და მარსზეც დაანოკაუტებდა. მახაჩევმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლეს მაქს ჰოლოვეიმ და იაირ როდრიგესმა - ვოლკანოვსკის დაცვაში სისტემატური პრობლემა იპოვა და თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისლამი მაქსზე ან იაირზე უკეთესი სტრაიკერია, უბრალოდ, ის სხვა ასპექტებში საკმარის საფრთხეს წარმოადგენს იმისთვის, რომ კლინჩის ან თეიქდაუნის შიშით, მისმა ოპონენტმა სტრაიკინგ დაცვაში ყურადღება მოადუნოს. 

რა მოხდება შემდეგ?

ყველაფერი ნათელია: მახაჩევის და ვოლკანოვსკის გზები აქ იყოფა. ალექსს ილია თოფურია ელოდება, მახაჩევს კი, სავარაუდოდ, ჯერ ოლივეირასთან, შემდეგ კი, გეიჯისთან ვიხილავთ. ასეთი ბრუტალური ნოკაუტის შემდეგ, ვოლკანოვსკის თოფურიასთან დაპირისპირება იანვარში არ უნდა მოხდეს. ალექსს სრულფასოვანი რეაბილიტაცია სჭირდება, რათა ახალგაზრდა პრეტენდენტთან ქვემსუბუქი ტიტულის დაცვაში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გვაჩვენოს. ეს თოფურიასაც და ქართველ ფანებსაც უნდა გვაწყობდეს - თავიდანვე უნდა მოვიშოროთ ყველანაირი სპეკულაცია ვოლკანოვსკის მდგომარეობაზე. თუ ილიამ გაიმარჯვა, რისი რეალური შანსიც აქვს, უნდა გაიმარჯვოს საკუთარი უნარების ხარჯზე და არა იმის, რომ ვოლკანოვსკი მანამდე ვინმე სხვამ დაანოკაუტა.

რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, დროა, მის მიმართ ჩვენი პირადი გრძნობები (დადებითი და უარყოფითიც) გვერდზე გადავდოთ და ვაღიაროთ, რომ ის ნელ-ნელა სრულყოფილ მებრძოლად ჩამოყალიბდა. რამდენად საკმარისია ეს იმისთვის, რომ მას მსოფლიოში pound-for-pound საუკეთესო მებრძოლი ვუწოდოთ - ამაზე მსჯელობას ახლა არ დავიწყებ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, მახაჩევის ამ ვერსიის დამარცხების შანსი არც ოლივეირას და არც გეიჯის აქვს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

კამარუ უსმანი V ხამზატ ჩიმაევი

საღამოს main event-ისგან განსხვავებით, ჩიმაევსა და უსმანის დაპირისპირებაში ერთგვაროვანი არაფერი იყო. 3 რაუნდის შემდეგ, ხამზატ ჩიმაევმა კამარუ უსმანი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, ეს ბრძოლა ფრედ უნდა დამთავრებულიყო. 

პირველი რაუნდი ჩიმაევის სრული დომინაციით მიდიოდა: მალევე მოახერხა თეიქდაუნი და უსმანს თითქმის მთელი რაუნდის განმავლობაში აკონტროლებდა, რაც მარტივი საქმე ნამდვილად არაა. თუმცა, აქვე განსაკუთრებულ კომპლიმენტს იმსახურებს უსმანის ჯიუ-ჯიცუს დაცვა - ჩიმაევის საბმიშენის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. პირველი რაუნდი ყველა მსაჯმა 10-8 ჩიმაევის სასარგებლოდ შეაფასა, მაგრამ, მეორე რაუნდიდან სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ჩიმაევი შესამჩნევად დაღლილი იყო და რამდენიმე თეიქდაუნის ფონზეც, პარტერში ვერაფერი მოახერხა. დგომში კი უსმანი მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა - ზოგადად, არასდროს დავიღლები კამარუ უსმანის power jab-ის ქებით! სწორედ კარგი კრივის და უფრო დამაზიანებელი დარტყმების ხარჯზე, ბოლო რაუნდები 10-9 ანგარიშით უსმანს მივეცი.

რა გვასწავლა ამ ბრძოლამ? 

რაღა დაგიმალოთ და ხამზატ ჩიმაევის გარშემო ატეხილ ენთუზიაზმს აქამდეც ეჭვის თვალით ვუყურებდი. ამ ბრძოლამ ჩემი ეჭვები მხოლოდ დაამტკიცა: ჩიმაევის და მისი თანაგუნდელების ხმამაღალი განცხადებები მის დაუმარცხებლობასა და არაადამიანურ გამძლეობაზე ფრიად გაზვიადებულია. ხამზატ ჩიმაევი ჩვეულებრივი მოკვდავია. მისი ბოლო ბრძოლიდან გასული წელიწადი სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ამ გამოსვლით ახალ დივიზიონში ხმამაღალი განაცხადი გაეკეთებინა. ამის ნაცვლად, ერთ რაუნდში, რომელიც მთლიანად დომინანტურ პოზიციაში გაატარა, იმდენად დაიღალა, დანარჩენი 10 წუთის განმავლობაში უსმანი, რომელსაც ამ ბრძოლისთვის მოსამზადებლად კვირაზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდა, ბევრად უფრო “ცოცხლად” გამოიყურებოდა. მეტსაც გეტყვით: ეს ბრძოლა 5-რაუნდიანი რომ ყოფილიყო, სრულიად განსხვავებულ შედეგს მივიღებდით.

რაც შეეხება უსმანს, მისი პერფორმანსით კმაყოფილი დავრჩი. 36 წლის ასაკში მაღალ წონაში ასვლის, ერთკვირიანი მომზადების და ქრონიკულად ტრავმირებული მუხლების ფონზე, მშვენიერი გამოსვლა დადო და ჩემს თვალში მისი რეპუტაცია მხოლოდ გაიზარდა. 

დანა უაითის თქმით, ამ ბრძოლის გამარჯვებული საშუალო წონის ტიტულის შემდეგი პრეტენდენტი უნდა გამხდარიყო… ამაზე რა გითხრათ, არ ვიცი: ჩემი აზრით, დრიკუს დუ პლესის მიერ ყოფილი ჩემპიონის, რობერტ უიტეკერის მეორე რაუნდში დანოკაუტება სატიტულე ბრძოლას უფრო იმსახურებს. 3 რაუნდში ყოფილ ველტერვეითთან ბეწვით მოგება საჩემპიონო ბრძოლის შანსს არ უნდა უდრიდეს. მაგრამ, როგორც მაქს ჰოლოვეი იტყოდა: it is what it is.

ჯონი უოკერის უცნაური ისტორია და დანარჩენი ქარდი

205 ფუნტის დივიზიონში უკვე მერამდენე წელია სრული განუკითხაობა ხდება. ჯონ ჯონსის მიერ ტიტულის დათმობის შემდეგ, დივიზიონს სტაბილური ჩემპიონი არ ჰყოლია - ხან ვიღაც აგებს, ხან ტრავმას იღებს, ხან ფრეა. ანკალაევის უოკერთან ბრძოლაც სიტუაციის დალაგების იმედით ჩაინიშნა… მაგრამ, როგორც ჩანს, რუსი მებრძოლებისგან MMA-ს წესების დაცვის მოთხოვნა ნამეტანი რთული დავალებაა. 

თანამემამულე პიოტრ იანის საუკეთესო ტრადიციებში, მაგომედ ანკალაევმა წაქცეულ ჯონი უოკერს პირველივე რაუნდში თავში არალეგალური მუხლი დაარტყა, რამაც მსაჯის მიერ ბრძოლის გაჩერება გამოიწვია. თუმცა, ყველაზე საინტერესო აქ მხოლოდ იწყება. ტაიმაუტის დროს ოქტაგონზე ამოსულმა ექიმმა ჯონი უოკერს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რათა გაერკვია, იმყოფებოდა თუ არა ათლეტი ბრძოლის გასაგრძელებლად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. თავად ამ პროცედურაში უცნაური არაფერია… გარდა იმისა, რომ ექიმმა ბრაზილიელ უოკერს კითხვები ინგლისურად დაუსვა. 

მოდით შევთანხმდეთ: შუა ბრძოლაში შეჩერებული ათლეტისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა ისედაც რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინ რამდენიმე მეტრში მეტოქე გიდგას - ამდენი ადრენალინის ფონზე, კონცენტრაცია გაგიჭირდება. ხოლო სრული სიგიჟეა ადამიანისგან მოითხოვო, გიპასუხოს მისთვის არამშობლიურ ენაზე, არაბული აქცენტით დასმულ კითხვებზე. შეგიძლიათ თავად ნახოთ უოკერის რეაქცია არალეგალურ დარტყმაზე - ჯონი ეგრევე წესების დარღვევის გაპროტესტებას იწყებს, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ის სრულ გონზე იმყოფებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, აბუ-დაბის ექიმს ეს არ აინტერესებდა: კითხვაზე: "სად იმყოფები?", ჯონის პასუხი: “უდაბნოში, ვიბრძვი უდაბნოში”, არასწორად ჩათვალა და რეფერის ბრძოლის საბოლოოდ გააჩერების რეკომენდაცია მისცა. მაგრამ აბსურდი არც აქ დამთავრებულა. რეფერიმ ანკალაევის მხრიდან წესების დარღვევა არაგამიზნულად ჩათვალა და ანკალაევის დისკვალიფიკაციის ნაცვლად, ბრძოლა no contest-ად გამოაცხადა.

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც დამარწმუნებს იმაში, რომ ანკალაევმა არალეგალური ილეთი არაგამიზნულად გამოიყენა. ვიმეორებ: შეგიძლიათ ამ მომენტს ხელახლა უყუროთ და თავად დარწმუნდეთ. მუხლით დარტყმა 100% გამიზნული იყო და ეს ბრძოლა ანკალაევის დისკვალიფიკაციით უნდა დასრულებულიყო. ბოლო-ბოლო MMA-ში სულ რამდენიმე წესი არსებობს და მათი დამახსოვრება და არ დარღვევა ასეთი რთული ნამდვილად არ არის.

თუმცა, რატომ უნდა დაიცვა წესები, თუ მათი დარღვევისთვის არაფერი გემუქრება? მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: ორგანიზების, მსაჯობის და ბრძოლების ზედამხედველობის კუთხით, UFC 294 სრული კრახი იყო. სხვადასხვა მებრძოლების მიერ წესების ღიად და მძიმე დარღვევებზე (მუხლის აკრძალული დარტყმები, თმის მოქაჩვა, დარტყმები წელს ქვემოთ, ა.შ) რეფერის მხრიდან გაფრთხილების გარდა არანაირი პასუხი მოჰყვებოდა, ხოლო მსაჯების გაუგებარ გადაწყვეტილებებს ბოლო დროს ისედაც მივეჩვიეთ. არაბი ექიმის მიერ ბრაზილიელი მებრძოლისთვის ინგლისურ ენაზე ჩატარებული გეოგრაფიის გამოცდამ მხოლოდ დააგვირგვინა ის ქაოსი და განუკითხაობა, რომელსაც "UFC 294" ხმამაღლა დავარქვით.

კვლავ განვმეორდები: შაბათს, ცალკეული სპორტსმენების გარდა, არავინ გაიმარჯვა - არც სპორტმა, არც ფანებმა, არც ზოგადად MMA სამყარომ. ერთადერთი, რასაც ვიმედოვნებ, არის ის, რომ ნოემბერში ნიუ-იორკში გამართულ UFC 295-ზე “კარგი თამაში” გაიმარჯვებს.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები