Thumbnail

კლასის ხარჯზე - ბაიერნის და ინტერის გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი 2:1 ზალცბურგი | გალათასარაი 1:3 ბაიერნი
  • იტალიურმა და გერმანულმა გუნდებმა მერვედფინალისკენ ნაბიჯი გადაგდეს

ჩემპიონთა ლიგა 3-კვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ტრადიციულად, სათამაშო დღის ორი მატჩი ნაადრევად გაიმართა.

ამჯერად, დღის გამოტანილი მატჩები სტამბოლსა და მილანში ჩატარდა. A ჯგუფში გალათასარაიმ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა. ეს, ის შემთხვევაა, როცა კლასი მართლაც გადამწყვეტი იყო.

თურქებმა თამაში ძალიან ინტენსიურად დაიწყეს, მაღალ პრესინგს მიმართავდნენ და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ პირველივე კონტრშეტევაზე გაუშვეს. კინგსლი კომანმა კარგი პოზიციიდან შეცდომა არ დაუშვა. გალათასარაიმ განაგრძო იერიშები, კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, რაც დაუფასდა: 30-ე წუთზე მაურო იკარდიმ თავისივე მოპოვებული პენალტი "პანენკას" სტილში შეაგდო - 1:1. პირველი ტაიმი სტამბოლელების იყო, მეორე ნახევრის დასაწყისიც, მაგრამ დაახლოებით 65-ე წუთისთვის ბაიერნმა თამაშის სადავეები ხელთ იგდო. თომას ტუხელის გუნდმა კლასით დაჯაბნა მეტოქე, რომელიც დიდი ხანი ბევრად უკეთ ირჯებოდა. სწორედ კლასით გაიტანა ჰარი კეინმა გოლი, რომელმაც შემდეგ საგოლე პასიც გააკეთა და ჯამალ მუსიალამ თამაშს წერტილი დაუსვა.

ბაიერნი 9 ქულით ლიდერია A ჯგუფში, შესაბამისად, ცალი ფეხით პლეი ოფშია, ხოლო გალათასარაის 4 ქულა აქვს. ოკარ ბურუკის გუნდს 4 ქულა აქვს და მეორე ადგილისთვის ბრძოლა დიდი ალბათობით, მანჩესტერ იუნაიტედთან მოუწევს.

ინტერს ჯგუფში პრობლემები არ აქვს

დაახლოებით ისე, როგორც ბაიერნმა, მოიგო ინტერმაც, რომელმაც ზალცბურგს უფრო მაღალი საშემსრულებლო კლასისა და გამოცდილების ხარჯზე აჯობა. სიმონე ინძაგის გუნდს ავსტრიის ჩემპიონმა ღირსეული წინააღმდეგობა ნამდვილად გაუწია, მაგრამ "ნერაძურიმ" ძალების დაზოგვაზეც იფიქრა, რადგან წინ რომასთან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

ინტერმა ტაიმი ალექსის სანჩესის გოლით მოიგო, რასაც ზალცბურგმა ოსკარ გლუხის გოლით უპასუხა. გამარჯვების გოლი კი ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა, რომელმაც დავიდე ფრატეზის მოპოვებული პენალტი გოლად აქცია. D ჯგუფში ინტერი 7 ქულით ლიდერია, ზალცბურგს 3 ქულა აქვს, მაგრამ ალბათ, ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლის ძალა ჯერ კიდევ შესწევს.

გალათასარაი 1:3 ბაიერნი

გოლები: 0:1 კომანი (8), 1:1 იკარდი (30. პენ), 1:2 კეინი (73), 1:3 მუსიალა (79)

ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - მაზრაუი (78. სარი), დე ლიხტი, კიმი, დევისი - კაიმერი, კიმიხი - კომანი (84. ტელი), მუსიალა, სანე - კეინი (83. ჩუპო-მოტინგი).

ინტერი 2:1 ზალცბურგი

გოლები: 1:0 სანჩესი (19), 1:1 გლუხი (57), 2:1 ჩალჰანოღლუ (64. პენ)

ინტერი (3-5-2): ზომერი - პავარი, დე ვრეი, ბასტონი - დუმფრისი (65. დარმიანი), ფრატეზი, ჩალჰანოღლუ (76. ასლანი), მხითარიანი, აუგუსტო - ლაუტარო (85. კლაასენი), სანჩესი (65. ტურამი).

კომენტარები

ბოლო ამბები