Thumbnail
  • ჩემპიონობის კანდიდატებს შორის დენვერი, მილუოკი, ბოსტონი და გოლდენ სტეიტი არიან
  • ფინიქსი ძლიერია, თუმცა ბევრ კითხვას იწვევს
  • მილუოკი ამ სეზონისწინა პერიოდის ალბათ მთავარი გამარჯვებულია
  • ჰარდენს უმაღლეს დონეზე კარიერის გაგრძელება გააუჭირდება

NBA-ს სეზონის დაწყების წინ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ შევიკრიბეთ და ამ საუბარს სტატიის ფორმა მივეცით. ჩემპიონატის ძირითადი ფავორიტების შანსები და ამბიციები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, ჰარდენის პრობლემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები - ამ ყველაფრის შესახებ საკალათბურთო გუნდ 'გაუს' მთავარი მწვრთნელი და ილიას ზუროსის ყოფილი ასისტენტი, დავით როგავა, საქართველოს ნაკრების უკანახაზელი გივი ბაქრაძე და 'ევროპოპის' ჟურნალისტი, გიორგი უგულავა ისაუბრებენ.

წლევანდელი ზაფხულის (სეზონისწინა პერიოდის) მთავარი გამარჯვებულები და დამარცხებულები - ვინ როგორ იმუშავა?

გივი ბაქრაძე: "მთავარი გამარჯვებული არის მილუოკი ბაქსი. მათ მოიყვანეს სუპერვარსკვლავი, რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს, ისეთ ბაზარზე და ისეთ ქალაქში, როგორიც მილუოკია. ბოლო პერიოდში ბევრჯერ ვნახეთ, რომ არცერთი სუპერვარსკვლავის ოცნება არ არის ასეთ ქალაქში გადასვლა და თამაში. მოიყვანეს დემიენ ლილარდი, სტეფ კარის შემდეგ საუკეთესო გამთამაშებელი. მიიღეს ის, რაც აკლდათ და სჭირდებოდათ და რაც კრის მიდლტონს ევალებოდა და მგონია, რომ მიდლტონი არ იყო მაგ დონის მოთამაშე, იმის მიუხედავად, რომ ბევრი მაგარი თამაში აქვს ჩატარებული და ჩემპიონობაშიც წვლილი მიუძღვის. დემიენ ლილარდი ძალიან მაგარი ‘ქლოუზერია’. იანისი არ არის საუკეთესო მსროლელი და ისეთ გადამწყვეტ მომენტებში, მატჩის ბოლოს, როცა პლეიოფის ბედი წყდება, ლილარდი სხვა დონეა.

ამით მილუოკიმ იანისის მოთხოვნაც დააკმაყოფილა, რომელიც ბოლო პერიოდში უკმაყოფილო იყო და ღიად აცხადებდა, რომ სჭირდებოდა სხვა მოთამაშე. პოდკასტებში იმასაც ამბობდა, რომ თუ რაღაც არ შეიცვლება, ჩემი ლოიალობის ხარისხიც შეიცვლებაო და მილუოკიმ ამ ტრანსფერით ორივე მოთამაშე დიდი ხნით შეინარჩუნა."

დავით როგავა: "ვფიქრობ, ყველაზე კარგად ეს პერიოდი გამოიყენა ბოსტონმა, გოლდენ სტეიტმა და რა თქმა უნდა, მილუოკიმ. ეს გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ და ზუსტად ისე გადახალისდნენ, როგორც საჭირო იყო. ბოსტონში ძალიან დიდი ხანია ეს შემადგენლობა ერთად იყო - ტეიტუმი-ბრაუნი-სმარტის სამეული და საჭირო იყო გადახალისება. რთული იქნებოდა სმარტის შეცვლა გარდის პოზიციაზე ჯრუ ჰოლიდეიზე უკეთესი კანდიდატით. ამით იხეირა მილუოკიმაც, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ჰქონდა ამ შემადგებლობით წარმატებული სეზონები და გადახალისება სჭირდებოდა. დემიენ ლილარდზე კარგი ვარიანტი (რომელიც შეიძლება დაცვაში ისეთი ძლიერი არ არის) არ არსებობს. კარგი დახმარება იქნება იანისისთვის. და რა თქმა უნდა, გოლდენ სტეიტი - კრის პოლი როცა მოდის გუნდში, ის გუნდი ყოველთვის ძლიერდება."

გიორგი უგულავა: "მთავარი გამარჯვებული ალბათ მილუოკია - უკვე ვეტერანმა გუნდმა, რომელსაც გაბერილი სახელფასო ფონდი და ცოტა დრაფტ-პიკები ჰქონდა დარჩენილი და ისე ჩანდა თითქოს, თავისი პიკი უკვე გაიარა, შეძლო და ლილარდის ტრეიდით ახალი სიცოცხლე მიიღო. შემდეგ სეზონს მილუოკი ფავორიტის რანგში ხვდება. არადა, შეიძლება ახლა მილუოკისთან დაკავშირებული მთავარი თემა ის ყოფილიყო, წარუმატებელი სეზონის შემთხვევაში იანისი გუნდიდან წასვლაზე ფიქრს, როდის დაიწყებს და სად წავა.

მთავარი დამარცხებული ალბათ ის ორგანიზაციაა, რომელშიც ლილარდს ან რომელიმე სხვა დიდ სახელს მაინც მთელი ზაფხული ველოდით. მაიამი ჰიტს ვგულისხმობ. როცა ლილარდის კალიბრის მოთამაშეს შენთან თამაში უნდა და ვერ ახერხებ მის ტრეიდს, ეს მარცხია. მით უმეტეს, როცა შენი მთავარი ვარსკვლავი 34 წლის არის და წინა წლის როტაციიდან ორი მოთამაშე უკვე დაკარგე. მაიამისთან ერთად ფილადელფიაც უნდა ითქვას. იოლი ზაფხული არც მათ ჰქონიათ - ჰარდენი ტრეიდს ითხოვს და ორგანიზაციაში რთული ვითარებაა, ამასობაში ემბიიდი უკვე 30 წლის ხდება და არცთუ საუკეთესო ჯანმრთელობის პატრონია. ფილას საჩემპიონო პერსპექტივა კი ამ სეზონის წინ ისე ბუნდოვანია, როგორც არასდროს ემბიიდის და ‘პროცესის’ პერიოდში."

ვინ იქნება წლის მთავარი იმედგაცრუება და რატომ?

გივი ბაქრაძე: "მთავარი დამარცხებული უნდა იყოს მაიმი ჰიტი. ვერ დაიმატეს დემიენ ლილარდი, დაკარგეს ორი საკვანძო მოთამაშე - მაქსს შტრუსს და გეიბ ვინსენტს ვგულისხმობ. გამთამაშებლის პოზიციაზე მხოლოდ კაელ ლოურის იმედზე არიან. კი არის მაიამი ის ორგანიზაცია, რომელიც არ დასდევს სუპერვარსკვლავებს, მაგრამ ბოლო პერიოდში 4 სუპერვარსკვლავის დამატების საშუალება ჰქონდათ - კევინ დურანტი, ბრედლი ბილი, დონოვან მიტჩელი და ახლა უკვე დემიენ ლილარდი. ეს უკვე ძალიან ბევრია. თუ რაღაც სასწაული შედეგი არ დადეს წელს, დღესდღეობით ყველაზე დამარცხებულ ორგანიზაციად მაიამი ჰიტი მიმაჩნია."

დავით როგავა: "მთავარი იმედგაცრუება ალბათ ისეთი გუნდი უნდა იყოს, ვისგანაც ბევრი მოლოდინია და ამბიცია აქვს. ვფიქრობ, ასეთი გუნდი ფინიქსი იქნება. არ მგონია, რომ ფინიქსს ‘მოგების კულტურა’ ჰქონდეს და ასე შეკრებილი რამდენიმე ვარსკვლავით წარმატების მიღწევა მოახერხოს. რა თქმა უნდა, იქნება საპლეიოფო გუნდი, მაგრამ არ ვფიქრობ, ისეთი სუპერგუნდი გახდება, როგორც ეს ფურცელზე ჩანს."

გიორგი უგულავა: "ჩემდა სამწუხაროდ მგონია, რომ ეს მაიამი იქნება. ზოგადად, რაილის და სპოელსტრას წინააღმდეგ არასოდეს უნდა წახვიდე - ეს მარტივი წესია. ამ ორგანიზაციამ ყველაზე კარგად იცის შეზღუდული რესურსებით კარგი გუნდი როგორ ააწყოს, მაგრამ ბოლო წლებში მაიამიმ რამდენჯერმე გაუშვა ჩემპიონობის შანსი. ალბათ, ეს მათი ზედა ზღვარი იყო. წინა წელს ჰიტს სულ ცოტა დააკლდა პლეი ოფს მიღმა რომ დარჩენილიყო. არ გამოვრიცხავ ეს წელს მოხდეს. მაინც და მაინც არც დალასის და ფინიქსის პროექტების მჯერა. ფინიქსს იმდენად ბევრი ვარსკვლავური ტალანტი აქვს, რომ რაღაც ზღვარს ქვემოთ უბრალოდ არ ჩამოვა. თუმცა, მათ მიმართ მოთხოვნა და მოლოდინიც მეტია. ასე რომ, თუ ფინიქსი თუნდაც კონფერენციის ფინალამდე გავარდა, ეს კატასტროფა იქნება.

დალასი შარშან პლეიოფს მიღმა დარჩა და ძალიან კონკურენტულ დასავლეთ დივიზიონში წელსაც რომ ეს მოხდეს, ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ. როცა დონჩიჩი ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის, ეს უკვე იმედგაცრუებაა."

შემდეგი რომელი სუპერვარსკვლავი მოითხოვს ტრეიდს - შემდეგი რომელი პროექტი/გუნდი დაიშლება?

გივი ბაქრაძე: "ალბათ, ჯოელ ემბიიდი. მან უკვე მოიგო MVP-ს ტიტული და ახლა უნდა ჩემპიონობა. არის გაუგებრობა ჯეიმს ჰარდენის გარშემო. ბოლო პერიოდში ფილადელფიაში მწვრთნელი შეიცვალა და ზოგადად, არეული სიტუაციაა. ფილადელფიაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ახლა ტაირის მაქსიზე. თუ ემბიიდი სეზონის დაწყების შემდეგ ვერ დაინახავს ტაირის მაქსიში მცირე კობი ბრაიანტს ან ისეთ მოთამაშეს, ვისთან ერთადაც დარწმუნებული იქნება, რომ ჩემპიონი გახდება, ძალიან მალე მოითხოვს ტრეიდს და გადავა სადმე ‘დიდ ბაზარზე’ და სადაც ექნება შანსი რომ გახდეს ჩემპიონი, მაგალითად, ნიუ იორკ ნიქსში."

დავით როგავა: "ენტონი ედვარდსს უკვე შეგვიძლია სუპერვარსკვლავი დავარქვათ. მინესოტამ არ მგონია, რამე წარმატებას მიაღწიოს და ეს იქნება ენტონი ედვარდსისთვის ტრეიდის მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზი. ასეთი მოთამაშე ან ედვარდსი იქნება, ან აღმოსავლეთიდან ტრეი იანგი, რომელიც ატლანტაში უკვე დიდად ვერ ბრწყინავს ბოლო სეზონია და ინსაიდერული ინფორმაციით სიტუაცია გუნდშიც არეულია და ის ამით არ არის კმაყოფილი. ტრეი იანგი მგონია, რომ გაცვლას მოითხოვს."

გიორგი უგულავა: "შეიძლება ეს ემბიიდი იყოს. თუ დერილ მორიმ ჰარდენის პრობლემის გადაჭრა ისე ვერ შეძლო, რომ ფილა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და შედეგები ისეთი არ იქნა, რისი ამბიციაც ამ ორგანიზაციას აქვს, ემბიიდის მოთმინება შეიძლება ამოიწუროს.

ჩემი მეორე ვარიანტი მინესოტა და კარლ-ენტონი თაუნსია. მინესოტამ გობერის ტრეიდში იმდენად ბევრი გადაიხადა, რომ ბევრი მოლოდინიც აქვს. თან ეს ‘მაღლების’ ერთად თამაშის პროექტი ერთად რამდენად გამოვა, რთული სათქმელია. ასე რომ თაუნსის წასვლა და მინესოტას გადასხვაფერება რეალისტური სცენარია.

ტრეიდს თვითონ არ მოითხოვენ, მაგრამ დასაშვები ვარიანტია, რომ ამ ფორმაციის კლიპერსი, თავისი ლეონარდი-ჯორჯის დუეტით დაიშალოს. ორივე მოთამაშე ასაკშია და ტრავმატულია. ის შედეგი, რომელსაც გუნდის მენეჯმენტი ელოდება, არ ჩანს.

ტორონტოდან პასკალ სიაკამის ტრეიდიც ჩემთვის რეალისტური სცენარია. კანადელებს იგივე პოზიციაზე უფრო ახალგაზრდა, გუნდის მომავალი ვარსკვლავი ჰყავთ და სიაკამის და ტორონტოს მის პროექტად შენარჩუნების იდეას არ მგონია, დიდი მომავალი ჰქონდეს. ყველაზე მეტად ალბათ ფილადელფიას დაშლას ველოდები."

ვინ იქნება სეზონის მთავარი აღმოჩენა - ვინ 'გაისვრის'?

გივი ბაქრაძე: "ოკლაჰომა მგონია, რომ ბევრად უკეთესი იქნება. ნიჭიერი და ახლგაზრდა შემადგენლობა ჰყავს. ოკლაჰომა მომავლის გუნდია და შემდეგ 7 წელიწადში 38 დრაფტ-პიკი აქვთ. დარწმუნებული ვარ, მენეჯერი სემ პრესტი ამ ‘პიკებს’ ჭკვიანურად გამოიყენებს. რაც შეეხება წლევადელ შემადგენლობას, შეი გილჯეს-ალექსანდერი არის უპირობო ლიდერი. ჰყავთ ჩეტ ჰოლმგრინი, რომლისაც დიდად არ მჯეროდა, როცა დრაფტზე აირჩიეს, მაგრამ იმის მერე, რაც წონაში მოიმატა, დიდი სარგებლის მომტანია ორივე მხარეს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. და ასევე ჯეილენ უილიამსი მგონია, რომ იქნება სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა."

დავით როგავა: "აღმოსავლეთში მგონია, რომ ორლანდო იქნება ის გუნდი, რომელსაც მოულოდნელობის ეფექტი ექნება და გაისვრის, საპლეიოფო ამბიციები ექნება, თუ რა თქმა უნდა, ჯანმრთელი იქნება. ახალგაზრდული გუნდია და ვფიქრობ, რომ პოტენციალი აქვთ, რაც შეეხება დასავლეთით, მგონია, რომ ასეთი გუნდი იქნება ოკლაჰომა. მით უმეტეს, რომ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავთ და ასევე დრაფტის პიკები აქვთ. ასევე ჰიუსტონი, რომელიც ახალგაზრდული გუნდია კარგი მწვრთნელით. შენგუნს ჰიუსტონში შარშან კარგი სეზონი ჰქონდა და შეუძლია ამ გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდეს. კარგი, ახალგაზრდული წინა ხაზი ჰყავს. შესაბამისად, დასავლეთში ჰიუსტონი და ოკლაჰომა იქნებიან ის გუნდები, რომლებიც პლეიოფში თამაშის ამბიციას გამოთქვამენ."

გიორგი უგულავა: "გააჩნია, რას ვგულისხმობთ გასროლაში. აღმოსავლეთით ასეთ მოულოდნელობად ნიუ იორკ ნიქსი მგონია - პლეი ოფის გვიან სტადიებზე არ ვიცი, მაგრამ რეგულარულს ტიბოდოს კალათბურთი ყოველთვის ყოფნის. დასავლეთში ნიუ ორლეანსი, რომელსაც ბევრი მაგარი ახალგაზრდა ჰყავს და წინა წლების პრობლემების მიუხედავად, შეიძლება, წელს მათი ძალა სრულფასოვნად ვიხილოთ. მათი შესაძლებლობების ზედა ზღვარი ძალიან მაღალია. ასე რომ, თუ ერთი გუნდის შერჩევაა, მაშინ ნიუ ორლეანი იყოს."

რამდენად გჯერათ ფინიქსის?

გივი ბაქრაძე: "ფინიქს სანსი ახალი მაიამი ჰიტია - ვგულისხმობ ლებრონის და დი-უეიდის მაიამი ჰიტს. სამი სუპერვარსკვლავი ერთ გუნდში. შემთხვევითი არ მგონია, რომ ფინიქს სანსის გენერალური მენეჯერი არის ჯეიმს ჯონსი, რომელიც იმ მაიამის წევრი იყო და შემდეგ უკვე ლებრონთან ერთად თითქმის ყველა გუნდში თამაშობდა. NBA-ს სამი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მოთამაშე. ამ გუნდში ვერ ვხედავთ გამთამაშებელს და არ მგონია, რომ ამ გუნდს გამთამაშებელი სჭირდება, იმიტომ რომ ამ სამ მოთამაშეს (ბუკერი, ბილი, დურანტი) რაღაც დონეზე განვითარებული აქვს ბურთის გათამაშების უნარი. ასევე ფრენკ ვოგელი მიმაჩნია იდეალურ მწვრთნელად ამ გუნდისთვის. მისი ძლიერი მხარე არის დაცვითი სქემები, ხოლო შეტევაში ეს გუნდი მწვრთნელის გარეშეც ძალიან საშიში იქნება. ამიტომ ამ გუნდს ველოდები. მგონია, რომ ის ჰაიპი გამართლებულია, რაც ახლა არის."

დავით როგავა: "ფინიქსი შემადგენლობით ყველაზე ძლიერი გუნდია. ბრედლი ბილი ძალიან გააძლიერებთ და ნურკიჩის მოსვლაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის ამ პოზიციაზე უფრო დიდი ძალაა, ვიდრე ეიტონი. ერთ-ერთი ფავორიტი და ჩემპიონობის კანდიდატი იქნება, თუმცა არ მგონია, რომ ჩემპიონი გახდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს ფრენკ ვოგელი, მათი მთავარი მწვრთნელი. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ფინალს ითამაშებენ."

გიორგი უგულავა: "უფრო არ მჯერა, ვიდრე მჯერა. ძალიან ვარსკვლავური სამეულის მიუხედავად, დურანტის და ბილის ჯანმრთელობა კითხვებს იწვევს, ამ გუნდის დაცვა კითხვებს იწვევს, როტაცია და სკამი კითხვებს იწვევს, გუნდის გაძლიერების პერსპექტივა (დრაფტ-პიკები, სახელფასო ფონდი) შეზღუდულია. ერთადერთი დარწმუნებული ვარ, რომ ისევ საუკეთესო იქნება დევინ ბუკერი. ეს უკვე ძალიან ბევრია, მაგრამ რამდენად ეყოფა ჩემპიონობას, მეეჭვება."

ბოსტონი უფრო გაძლიერდა თუ უფრო დასუსტდა? როგორ შეიცვალა ეს გუნდი?

გივი ბაქრაძე: "ბოსტონ სელტიკსი შეტევაში ავტომატურად ბევრად გაძლიერდა პორზინგისის და ჯრუ ჰოლიდეის მოსვლის შემდეგ. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ გუნდმა 4 მოთამაშე გაცვალა ორ მოთამაშეში. ბროგდონი, ორი უილიამსი და სმარტი გაუშვა და მათ ნაცვლად პორზინგისი და ჰოლიდეი მოვიდნენ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ პორზინგისი ტრავმატული მოთამაშეა. ის თუ არ იქნება მთელი სეზონის განმავლობაში ჯანზე, რჩება მხოლოდ ალ ჰორფორდი და ეს არის პრობლემა. მაგრამ ეს ტრიო (ბრაუნი, ტეიტუმი, პორზინგისი) თუ ჯანმრთელად იქნა, უნდა ვთქვათ, რომ ბოსტონი ყველა ვარიანტში გაძლიერდა. ამდენი ხანი ეგ გუნდი ერთად თამაშობს. ჯრუ ჰოლიდეი ისეთი მოთამაშეა, რომ ყველა გუნდში ჩაეწერება. ჯანმრთელობა იქნება ამ გუნდის გადამწყვეტი ფაქტორი."

დავით როგავა: "ბოსტონი ვფიქრობ, რომ გადახალისდა და ამ გადახალისებაში ძალა არ დაუკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დატოვა სმარტმა და უილიამსმა და ორივე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო, მატება მიიღეს ჯრუ ჰოლიდეის სახით, რომელიც ლიგაში პერიმეტრზე ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. და პორზინგისი, რომელიც თუ ჯანმრთელია, ძალიან დიდი ძალაა შეტევაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოსტონი გადახალისებული შემადგენლობით იგივე ძალას წარმოადგენს, შეიძლება უკეთესიც არის წინა შემადგენლობასთან შედარებით."

გიორგი უგულავა: "ალბათ, უფრო გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ რობერტ უილიამსის წასვლის ამბავი ნამდვილად არ მომწონს. მარკუს სმარტი იყო გუნდის ლიდერი გასახდელში, ძალიან კარგი მცველი, თუმცა ჰოლიდეი დაახლოებით იგივე ტიპის მოთამაშეა და თითქმის ყველა კომპონენტში უკეთესი.

პორზინგისის და უილიამსის შედარება არ გამოვა - იმდენად განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. ფაქტია, რომ პორზინგისთან ერთად ბოსტონი ბევრად უფრო მაგრად შეუტევს, თუმცა უილიამსი სამწამიანში, დაცვაში დააკლდება. ყველაზე მეტ კითხვას ბოსტონში ჯო მაცულა იწვევს, მათი მწვრთნელი. რამდენად შეუძლია მას საჩემპიონო გუნდის აწყობა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავინ იცის."

რამდენად შეუჩერებელი იქნება მილუოკი? გუნდი სუსტი წერტილის გარეშე თუ სუსტი წერტილებით? როგორ შეიცვალა ეს გუნდი?

გივი ბაქრაძე: "მილუოკი ლილარდის დამატების შემდეგ ავტომატურად ბევრად სახიფათო გუნდი ხდება, იმის გათვალისწინებით, რომ ბაქსის პრობლემა ყოველთვის იყო ქულა-ქულაში თამაშების დახურვა. ამ დროს მიდლტონი იყო პირველი ოპცია, რადგან იანისს აქვს საჯარიმოების და სროლის პრობლემა. მარტო შესვლაზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა გუნდი, რადგან მერე უკვე იანისი არ არის მაღალპროცენტიანი საჯარიმო ხაზიდან. ეს უწევდა კრის მიდლტონს და წარმოიდგინეთ ახლა უკვე არის დემიენ ლილარდი, რომელიც არის ერთ-ერთი, შეიძლება ყველაზე ცივსისხლიანი მოთამაშე. რაც შეეხება გუნდის სუსტ წერტილს, ეს მარტივად მისახვედრია, რადგან ჯრუ ჰოლიდეი წავიდა გუნდიდან, რომელიც იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბურთზე დამცველი, ეს რჩება გუნდის პრობლემად. მეტოქის საუკეთესო გამთამაშებლების წინააღმდეგ დამცველი დააკლდათ და ალბათ, მალიკ ბიზლი აიღებს ამ პასუხისმგებლობას."

დავით როგავა: "მილუოკის რაც შეეხება, როცა ლილარდს იმატებ, ძლიერდები! მით უმეტეს, ისეთ დომინანტ მოთამაშესთან, როგორიც იანისია. ასევე შეტევაში არის ისეთი ოპცია, როგორიც კრის მიდლტონია. მაგრამ, ასე სწრაფად და იოლად არ ხდება, რომ ერთი სუპერსტარი მეორესთან შეთამაშდეს და წარმატება გარანტირებული გქონდეს. საინტერესოა, როგორ გაუგებენ ისინი ერთმანეთს მოედანზე. არ ვფიქრობ, რომ ეს გუნდი სუსტი წერტილების გარეშე იქნება. რაღაცები გამოჩნდება, როცა ისინი ერთად დაიწყებენ თამაშს. მე არ მივიჩნევ, მილუოკის ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად."

გიორგი უგულავა: "მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდი, რომელიც წლების მანძილზე NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის პატრონი იყო, ამ სეზონში გახდება ისტორიული მასშტაბით შეუჩერებელი შეტევაში. ყველაზე მოკლედ ასე შეიძლება ბაქსის და მისი ცვლილებების შეჯამება. ჰოლიდეი, ალბათ საუკეთესო უკანახაზელი მცველი ლიგაში ლილარდმა შეცვალა, რომელიც ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩამყრელი და მსროლელია, თუმცა, ცუდი მცველი. შეუჩერებელი გუნდი ალბათ, თითქმის არ არსებობს. მილუოკის დაცვა პერიმეტრზე ბევრ კითხვას იწვევს. თან ახალი მწვრთნელი ჰყავთ."

გოლდენ სტეიტს თუ დარჩა რესურსი კიდევ ერთი საჩემპიონო წლისთვის?

გივი ბაქრაძე: "გოლდენ სტეიტის ჩამოწერა არასოდეს შეიძლება - სტეფ კარი ისევ პრაიმშია. კრის პოლი მივიდა გუნდში, რომელიც შეცვლის თამაშს და სტეფ კარის კიდევ უფრო მოეხსნება გამთამაშებლობის ტვირთი. დრეიმონდ გრინს, რომელიც იყო ‘ფოინთ-ფორვარდი’ და ფაქტობრივი გამთამაშებელი, ახლა დაემატება კრის პოლი. მგონია, რომ გუნდს ძალიან დაეხმარება დარიო სარიჩი - ეგ მოთამაშე გოლდენ სტეიტისთვის არის შექმნილი. ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებზეც წინა სეზონებში დიდი გათვლები იყო, პირველ რიგში კუმინგას ვგულისხმობ, მგონია, რომ ექნება განაცხადი-სეზონი. მათ შეუძლიათ ჩემპიონები გახდნენ. თან დამატებითი მოტივაცია აქვთ - კრის პოლს მოაგებინონ ჩემპიონობა, შეიძლება, კლეი ტომპსონისთვის ბოლო წელი იყოს. მგონია, ყველაფერი აქვთ, რომ ჩემპიონები გახდნენ."

დავით როგავა: "ვფიქრობ, გოლდენ სტეიტი იქნება ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. ამ გუნდს აქვს ამის რესურსი. ამ გუნდში ყოველ წელს ჩნდება ისეთი მოთამაშე, რომელიც იქს ფაქტორი არის ხოლმე. მაგალითად, წლევანდელ საზაფხულო ლიგაზე კუმინგა ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ზუსტად ამ პოზიციაზე სჭირდებათ როტაცია, რადგან უკანა ხაზში აქვთ ძალიან დიდი ფუფუნება - კლეი, კარი და კრის პოლი ჰყავთ. გოლდენ სტეიტს სჭირდება ისეთი მოთამაშეები, რომლებიც 4-5 ნომრის პოზიციაზე როტაციაში ითამაშებენ. გრინთან და ლუნისთან ერთად კუმინგა ასეთი მოთამაშეა. დარიო სარიჩის დამატებითაც გაძლიერდა გუნდი. ზოგადად, გუნდში კარგი განწყობა არის. კრის პოლის მოსვლამ ვფიქრობ, რომ გამოცდილება მოიტანა.

რაც არ აკლია გოლდენ სტეიტს არის გამარჯვებულის მენტალობა და საჩემპიონო კულტურა. ზუსტად ეს აკლია კრის პოლს და ერთმანეთს კარგად შეავსებენ.

გიორგი უგულავა: "კრის პოლი გოლდენ სტეიტში ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა ამ სეზონში. ერთი ხარისხიანი სეზონისთვის რესურსი დარჩათ, მაგრამ მეეჭვება ეს ჩემპიონობას ეყოს, იმ ფონზე, რომ დასავლეთ კონფერენცია და ზოგადად NBA ძალიან კონკურენტულია. დრო და ასაკი გოლდენ სტეიტისკენ არ არის. გრინი და განსაკუთრებით კლეი უკეთესი მოთამაშეები არ ხდებიან, პირიქით, ტომპსონი რომ იმ თამაშს დაიბრუნებს, რაც ტრავმამდე ჰქონდა, ესეც არ მგონია. ასე რომ ამ კითხვაზე უფრო უარყოფითად ვუპასუხებდი."

როგორ დასრულდება ჰარდენის საგა? როგორ გაგრძელდება მისი კარიერა?

გივი ბაქრაძე: "ჰარდენის გარშემო ისეთი გაურკვევლობაა, არც ვიცი, რა ვთქვა. ან 'ცოტა' გაღარიბდება, რადგან ყველა თამაშის გაცდენაზე 300 ათასი ერიცხება ჯარიმა. შეიძლება კარმელო ენტონის ბედი გაიზიაროს და როგორც მაშინ NBA-ს ყველა გუნდმა თითქოს პირი შეკრა და კარმელოს არ იყვანდნენ, ასე მოხდეს ჰარდენის შემთხვევაში. თვითონ კლიპერსში უნდა წასვლა, მაგრამ ისე იქცევა, არ მგონია, მისი ეს სურვილი გაითვალისწინონ და იქ გაუშვან. ჰარდენია და ზუსტად ვერ იტყვი, რა შეიძლება მოხდეს."

დავით როგავა: "რაც შეეხება ჰარდენის საგას, როგორ დასრულდება არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ მისი სუპერვარსკვლავობა NBA-ში უკვე დასრულებულია. არ წარმომიდგენია, რომ ჯეიმს ჰარდენი რომელიმე სერიოზული გუნდის პირველი ოპცია იყოს. მით უმეტეს იმ ყველაფრის მერე, რაც მის გარშემო ხდება. რაც ფილადელფიაში მოხდა, არასამართლიანია ჯეიმს ჰარდენის მიმართ. რამდენად ეკუთვნოდა ეს მაქსიმალური კონტრაქტი, ეს მეორე საკითხია. მაგრამ იმ სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, რომელზეც ის აპელირებს, მას ეს კონტრაქტი ეკუთვნოდა. დერილ მორი შეპირებული იყო და ვერ მიიღო. შესაბამისად, ლოგიკურია მისი იმედგაცრუება და მისი დამოკიდებულება ფილასთან. ვფიქრობ, რომ ჯეიმს ჰარდენის კარიერა ისეთი სუპერსტარული ვეღარ იქნება, როგორც აქამდე იყო."

გიორგი უგულავა: "დასრულდება გაცვლით, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ჰარდენი იმას მიიღებს, რაც უნდა - გაცვლას კლიპერსში. საერთოდ, კლიპერსს რომ ჰარდენის გუნდში მიყვანა ძალიან უნდა, არც ამის მჯერა. დერილ მორის ძალიან რთული გამოწვევა აქვს, რომ ფილას ემბიიდი და საჩემპიონო ამბიცია შეუნარჩუნოს. ამიტომ ეცდება ჰარდენში მაქსიმუმი აიღოს. ზოგადად, ჰარდენის საჩემპიონო კალათბურთის აღარ მჯერა. ისეთი პირი უჩანს, რომ მისი ტრეიდი და ზოგადად მისი საკითხი დიდი ხანი შეიძლება გაგრძელდეს და ძალიან უსიამოვნო ფორმა მიიღოს."

ლეიკერსის შესაძლებლობების ჭერი რა არის ამ სეზონში?

გივი ბაქრაძე: "ლეიკერსს წელს ძალიან დიდი რესურსი აქვს. როცა ვლაპარაკობდით სეზონის გამარჯვებულებზე თავისუფლად შეიძლება ბაქსთან ერთად ლეიკერსიც დავასახელოთ. ლებრონის გარშემო შეკრეს იდეალური გუნდი. ასეთი ღრმა შემადგენლობა ლებრონის გარშემო მე არ მახსოვს. არიან მსროლელები, არიან დამცველები და რაც მთავარია, ახალგაზრდა მშიერი მოთამაშეები. რაც შეეხება, რა შეიძლება იყოს, ლეიკერსის ჭერი, ეს დამოკიდებული იქნება ლებრონის და დევისის ჯანმრთელობაზე. ბოლო წლებში მათ ვერ ითამაშეს თამაშების ის რაოდენობა, რომ პლეი ოფში კარგი ადგილით შესულიყვნენ. პლეი ინში თამაში უწევდათ. ასევე დ'ანჯელო რასელი, რომელიც რეგულარულში ყოველვის კარგად თამაშობს, ვნახეთ, რომ პლეიოფში დენვერთან უბრალოდ გაქრა. ვფიქრობ, თუ ის შეიცვლება და სხვა მოთამაშე იქნება პლეი ოფში, თავისუფლად შეუძლიათ, რომ ჩემპიონები გახდნენ."

დავით როგავა: "ლეიკერსმა კარგი მოძრაობები გააკეთა ამ ზაფხულში - რამდენიმე კარგი თავისუფალი აგენტი დაიმატა. მით უმეტეს, მაღალი მოთამაშეების პოზიციაზე: მაგალითად, ჯეკსონ ჰეისი, რომელმაც ათლეტურობა მისცა გუნდს. ვფიქრობ, მანდაც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, რამდენად ჯანმრთელი იქნება ეს გუნდი. ლებრონი უკვე ასაკშია. ბევრი იწერება, რამდენად მოტივირებულია ენტონი დევისი, რომ ჩაატაროს ამ სეზონში ყველა მატჩი და ლებრონიც ამბობს, რომ დევისი უნდა გახდეს ამ გუნდის ლიდერი, მაგრამ ვნახოთ, რამდენად ჯანმრთელი იქნება. დაიმატეს გეიბ ვინსენტი მაიამიდან, კრისტიან ვუდი. შარშანდელზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ ფურცელზე. მაგრამ ბევრი რამე ფურცელზე არ წყდება და საინტერესოა, რამდენად კარგად ითამაშებენ ეს მოთამაშეები ერთად. ვფიქრობ, ლეიკერსი ერთ-ერთ საჩემპიონო კანდიდატად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მგონია, რომ წელს უკეთესი მეორე ლოს ანჯელესური გუნდი იქნება."

გიორგი უგულავა: "ალბათ, დაახლოებით იგივეს გამეორება, რაც წინა სეზონში. ლეიკერსს შეუძლია NBA-ს საუკეთესო დაცვა ჰყავდეს. დაცვა, კარგი მწვრთნელი, აწყობილი სისტემა და ლებრონი-დევისის დუეტი საკმარისი იქნება პლეი ოფის გვიანი სტადიებისთვის. თუმცა, დენვერთან სერიამაც აჩვენა, რომ სუპერგუნდების წინააღმდეგ კალიფორნიელებს რესურსები არ ჰყოფნით. განსაკუთრებით შეტევაში. ვერ ვხედავ, ეს წელს რატომ და როგორ უნდა შეიცვალოს. თან ასაკოვანი და ტრავმატული გუნდია."

ვინ გგონიათ უმთავრესი ფავორიტი და რატომ? ფინალი როგორი იქნება?

გივი ბაქრაძე: "რთულია სეზონის დასაწყისში დაასახელო ფავორიტები, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ დენვერი დასავლეთიდან და ბაქსი აღმოსავლეთიდან. დასავლეთში ბევრად უფრო რთული სიტუაციაა - მეტი დაძაბულობა და ბევრად მეტი კარგი გუნდი. მაგრამ დენვერი მაინც მგონია, რომ იქნება გამორჩეული მათ შორის. მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ არის იოკიჩი, რომელიც თამაშობს ყველაზე მომგებიან კალათბურთს, არამხოლოდ სარგებლიანს, არამედ მომგებიანს. იდეალურად უძღვება თავის გუნდს - ყველაზე არაეგოისტი სუპერსტარია. ხოლო ბაქსი იმ მიზეზის გამო, რომ ლილარდი და იანისი მგონია, იქნება შეუჩერებელი დუეტი."

დავით როგავა: "უმთავრეს ფავორიტად მიმაჩნია გოლდენ სტეიტი. ვფიქრობ, რომ გოლდენ სტეიტი იქნება ერთ-ერთი პირველი ქონთენდერი დასავლეთიდან. მასთან ერთად დასავლეთში კლიპერსს აქვს შანსი, თუ იქნება ჯანმრთელი. არ მიმაჩნია ფინიქსი იმ გუნდად, რომელიც ფინალში გავა, ან სუპერფინალს ითამაშებს. აღმოსავლეთში ბოსტონი მიმაჩნია ერთ-ერთ ფავორიტად. ბოსტონი-მილუოკი შეიძლება იყოს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი."

გიორგი უგულავა: "ასეთი პროგნოზები არ მიყვარს ხოლმე - ფავორიტებად მილუოკი, ბოსტონი და შარშანდელი ჩემპიონი დენვერი მგონია. ფინიქსიც ალბათ - ბევრი კითხვის მიუხედავად ბუკერი-დურანტის დუეტი ძალიან დიდი ძალაა. თუ ფინალის პროგნოზი უნდა ვთქვა, მაშინ მილუოკი-დენვერი იყოს, მილუოკის ჩემპიონობით."

NBA-ს ქართველები - რა მოლოდინები უნდა გვქონდეს? რა არის მათი რეალისტური მიზნები პირად დონეზე ამ სეზონისთვის?

გივი ბაქრაძე: "ბევრად კარგ სიტუაციაში მოხვდა გოგა ბითაძე. ორლანდო არის იდეალური გუნდი მისთვის. ვინც ჰყავს პირდაპირი კონკურენტები, არცერთი არ არის სტაბილური, ვფიქრობ, თავისუფლად შეუძლია გაზარდოს თავისი წუთები და აიყვანოს 15-20 წუთზე და გამოავლინოს თავისი ძლიერი მხარები - რაც არის ფარის და სამწამიანის კარგი დაცვა, მას აქვს ის რაღაცები, რაც შეიძლება მო ვაგნერს აკლდეს. სანდროს რაც შეეხება, პოპოვიჩს ის ძალიან მოსწონს და ყოველთვის შემოყავს პარკეტზე. სანდრო იმ ცოტა მოთამაშის კატეგორიაში შედის, რა დროც არ უნდა მიეცეს, ის მაინც რაღაცას აკეთებს და თავს ამახსოვრებს ხალხს. იმის გათვალისწინებით, რომ ვემბანიამა არის გუნდში და სპურსი პირველად ისტორიაში მედიის ინტერესის საგანია, ეს საშუალებას აძლევს სანდროს, რომ ყველა მისი მომენტი უფრო მეტმა ხალხმა ნახოს. ეს სანდროს წაადგება."

დავით როგავა: "რაც შეეხება ქართველ მოთამაშეებს, ვფიქრობ, რომ დიდი კონკურენცია აქვთ თავიანთ პოზიციებზე და ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენონ, რათა დაანახონ მწვრთნელებს და ორგანიზაციას, რომ თავის პოზიციაზე კონკურენტებს სჯობნიან. გოგას კარტერი და ვაგნერი ჰყავს გუნდში და ვფიქრობ, შეუძლია ამ ორივე მოთამაშეს აჯობოს. რაც შეეხება სანდროს, მთელი ყურადღება მიპყრობილი არის სან ანტონიოსკენ და ვემბანიამასკენ. ვებმანიამას დებიუტი და მისი თამაში იქნება NBA-ს წლევანდელი სეზონის ეპიცენტრში. სანდროს ისეთი პოზიცია აქვს, რომ შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. შეუძლია ოთხ და ხუთ ნომრად თამაში. შარშან რამდენჯერაც დრო მიეცა, იმდენჯერ ძალიან კარგად გამოიყენა. პოპოვიჩი მას ენდობა. ვფიქრობ, სათამაშო დრო და შანსი ორივეს ექნება და შემდეგ მათზეა დამოკიდებული ამ შანსს, რამდენად გამოიყენებენ."

გიორგი უგულავა: "ორივე მათგანი დაახლოებით ერთი და იგივე ტიპის გამოწვევის წინაშე დგას - ჰქონდეთ სტაბილური სათამაშო წუთები და გამოკვეთილი ფუნქცია გუნდში და ლიგაში. ამ ეტაპზე, ამ სეზონისთვის ეს არის. კარგი ის არის, რომ ორივე მათგანი - გოგაც და მამუც - პროგრესირებს. ეს ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებშიც ვნახეთ, რომ ორივეს მომატებული აქვს. ამიტომ, მათგან უფრო მეტს ველით, ვიდრე წინა სეზონში."

კომენტარები

ბოლო ამბები