Thumbnail
  • 'მუდმივი როტაციის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, იმისთვის, რომ ლიდერებმა დაისვენონ'
  • ლუკა ბანკიმ La Repubblica-სთან ინტერვიუში ქართველ კალათბურთელზეც ისაუბრა

იტალიელ მწვრთნელ ლუკა ბანკის ვირტუს ბოლონიაში დანიშვნის შემდეგ ჩინებული შედეგები აქვს. კლუბმა მისი ხელმძღვანელობით იტალიის სუპერთასზე, სერია A-სა და ევროლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ სეზონში ვირტუსი ძალიან არასტაბილური თამაშით გამოირჩეოდა.

ბოლონიელთა წარმატების ერთ-ერთი საფუძველი თორნიკე შენგელია გახლავთ, რომელსაც სეზონის სტარტზე ჩინებული სტატისტიკა გააჩნია და გუნდს არაერთი მატჩის მოგებაში დაეხმარა. ინტერვიუში, რომელიც ბანკიმ La Repubblica-ს მისცა, ერთ-ერთი კითხვა სწორედ შენგელიას ეხებოდა. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ასეთმა დატვირთვამ სეზონის განმავლობაში ქართველი ლეგიონერის ტრავმიანობა გამოიწვიოს? აი, მწვრთნელიც პასუხიც.

"ევროლიგის დაუნდობელი ფორმატი ყველასთვის პრობლემაა, მათთვისაც კი, ვისაც ლამის უსაზღვრო ბიუჯეტი აქვს და შეუძლია, შემადგენლობაში 20 კალათბურთელი ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, მე მუდმივი როტაციის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, როდესაც ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ ლიდერებმა დაისვენონ. გუნდში ის კალათბურთელები მყავს, რომელთაც თამაში უყვართ. მით უმეტეს, ეს ვეტერანებს ეხებათ. თუკი ისინი ჯანმრთელები არიან, ბოლომდე იხარჯებიან და ამ შემთხვევაში, "ზედმეტი" წუთები არ არსებობს. ამდენად, შენგელიას შემთხვევაშიც არ მეშინია. შეიძლება, რაღაც მატჩები წავაგოთ? ეს ხომ ნორმალურია. მწვრთნელის სამუშაოს ნაწილია ისიც, რომ გუნდი მარცხის შემდეგ მართო. ამის გამო, ვინმეს გადაღლილობაზე წუწუნს არ ვაპირებ. ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ გუნდში საკუთარი როლი ყველა კალათბურთელმა მკაფიოდ იცოდეს".

შეგახსენებთ, რომ ვირტუსს სერია A-ში ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და ბრეშასთანა და გიგა ჯანელიძის ვენეციასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო თამაშს კი 30 ოქტომბერს გასვლაზე ნაპოლისთან ჩაატარებს. მანამდე, კონკრეტულად კი, 27 ოქტომბერს, ბოლონიელები ევროლიგაში (ბარსელონასა და რეალის შემდეგ, მე-3 ადგილი უკავიათ) ფრანგულ ვილერბანს ესტუმრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები