Thumbnail
  • სამგურალი 1:1 დინამო თბილისი (5:3. პენ)
  • კოლხეთი ფოთი 2:1 ტორპედო ქუთაისი

დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს "დავით ყიფიანის" თასის ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. წყალტუბოს სამგურალმა ზესტაფონში დინამო თბილისს პენალტების სერიაში სძლია, ხოლო ფოთის კოლხეთმა ქუთაისის ტორპედო 103-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. 

სამგურალისა და დინამოს შეხვედრაში ანგარიში პირობითი მასპინძლების ნახევარმცველმა ბექა დარცმელიამ მე-40 წუთზე გახსნა - სამგურალის შემტევმა გიორგი ლორიას ძალიან ლამაზი საჯარიმო დარტყმით გაუტანა. 50-ე წუთზე დინამომ გაათანაბრა - წყალტუბოელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ლაშა ოდიშარიამ ისარგებლა და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა. დარჩენილი 40 და დამატებითი ტაიმების 30 წუთი ისე გავიდა, რომ გუნდებმა გოლების გატანა ვერ შეძლეს და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. სამგურალის ფეხბურთელებმა ყველა 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულეს, დინამოს რიგებში, კი გიორგი ხარაიშვილმა ვერ გაიტანა (ძელი) და მომდევნო ეტაპზე წყალტუბოელები გავიდნენ. თასის ნახევარფინალში სამგურალი საბურთალოს შეხვდება. 

 
ძალიან დაძაბული შეხვედრა შედგა ფოთშიც, ადგილობრივ კოლხეთსა და ქუთაისის ტორპედოს შორის. 31-ე წუთზე მასპინძლები ლაშა კოხრეიძის გოლით დაწინაურდნენ, რომელიც ოთო გოშაძის აშკარა შეცდომას მოჰყვა. ტორპედომ 51-ე წუთზე გაათანაბრა - ნიკოლა ნინკოვიჩის უხერხული დარტყმა ბექა ხარშილაძეს მოხვდა და ფოთელთა კარში აღმოჩნდა. 72-ე წუთზე ტორპედო მოედანზე 10 კაცით დარჩა - მეორე ყვითელი ბარათი ლაშა შერგელაშვილმა მიიღო. 87-ე წუთზე ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა - სათამაშო სიტუაციაში ერთმანეთს ვალერი ოლხოვი და გიორგი ქობულაძე დაეჯახნენ, ამ უკანასკნელმა, კი გონება დაკარგა. ტორპედოს მცველი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. 


მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, თამაშს, საკმაოდ დიდი დრო დაემატა. 103-ე წუთზე, კი კოლხეთმა გამარჯვების გოლი გაიტანა - გიორგი ახალაძემ საკუთარი გუნდი თასის ნახევარფინალში ულამაზესი დარტყმით გაიყვანა. 

ნახევარფინალური მატჩები, კი 7 ნოემბერს გაიმართება. კოლხეთი ფოთში დინამო ბათუმს მიიღებს, ხოლო სამგურალი (სავარაუდოდ, ისევ ზესტაფონში) საბურთალოს დაუპირისპირდება. 

სამგურალი 1:1 დინამო თბილისი (5:3 პენ.)

გოლები: 1:0 დარცმელია (40), 1:1 ოდიშარია (50)

კოლხეთი ფოთი 2:1 ტორპედო ქუთაისი

გოლები: 1:0 კოხრეიძე (31), 1:1 ხარშილაძე (51. ს.კ.), 2:1 ახალაძე (90+13)

კომენტარები

ბოლო ამბები