Thumbnail
  • დინამო ბათუმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბათუმში ტურნირი ტარდება
  • ტურნირში მონაწილეობას 15-წლამდე ფეხბურთელები მიიღებენ

დინამო ბათუმი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ბათუმში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს. 15-წლამდე ფეხბურთელები ერთმანეთს ბათუმის თასის მოსაგებად დაუპირისპირდებიან. ტურნირში მონაწილეობას იღებს რიზეს აკადემია, მარსელის აკადემია, ალკმაარის აკადემია, ვალენსიას აკადემია, ტორპედო ქუთაისის აკადემია, დინამო ბათუმის აკადემია, დინამო თბილისის აკადემია და ფეხბურთის ფედერაციის აკადემია.

europop ტურნირის ორგანიზატორ შოთა გოგიტაურს ესაუბრა, რომელიც Sport Solution-ის დამფუძნებელია და მსგავსი ტურნირები ხშირად ჩაუტარებია.

europop: როგორ გაჩნდა ტურნირის ჩატარების იდეა? როგორც ვიცით, აჭარაში საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ადრეც ჩაატარეთ.

შოთა გოგიტაური: "დინამო ბათუმი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გადავწყვიტეთ, რომ საფეხბურთო ზეიმი მოგვეწყო ასაკობრივი გუნდებისთვის. ვატარებთ ბათუმი CUP-ს, რომელიც არის აჭარის თასის გაგრძელება. აჭარის თასი 2019 წელს ჩატარდა, მაშინ ტურნირის გამარჯვებული პსვ ეინდჰოვენი გახდა. მიუხედავად გადატვირთული სეზონისა, კლუბებში დიდი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა ტურნირმა. ქართულმა გუნდებმა აგვისტოში ითამაშეს საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალური ეტაპის საგზური დინამო თბილისმა და ქუთაისის ტორპედოს აკადემიებმა მოიპოვეს.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ

europop: ტურნირზე 4 ძალიან კარგი უცხოური კლუბი ითამაშებს. სხვა გუნდებთან თუ აწარმოებდით მოლაპარაკებებს და როგორ დაითანხმეთ შუა სეზონში საქართველოში ჩამოსვლაზე?

შოთა გოგიტაური: "მოლაპარაკებები ბევრ კლუბთან გვქონდა, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიები შევარჩიეთ: ალკმაარის, ვალენსიის, მარსელისა და მაკაბის აკადემიები. სამწუხაროდ, მაკაბი ისრაელში შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ჩამოვიდა, რის გამოც ის რიზესპორის აკადემიით ჩავანაცვლეთ, რომელიც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა თურქეთში

გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, კლუბებმა თავიანთ ფედერაციებს სთხოვეს ჩემპიონატის თამაშების გადადება და მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფინალი ''აჭარაბეთ არენაზე'' ჩატარდება, რაც უმნიშვნელოვანესი ამბავია. ამ.ტურნირის მონაწილეები შეიგრძნობენ ნამდვილ საფეხბურთო გარემოს, რაც მათ მომავალში გამოადგებათ. იმედი გვაქვს, რომ ტურნირის მიმართ დიდი ინტერესი იქნება. ტურნირი აჭარის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დავაორგანიზეთ, რაშიც ირაკლი თოთლაძემ და ჯაბა ჭანტურიამ დიდი წვლილი შეიტანეს.

შოთა გოგიტაურმა ჩვენთან საუბრისას ტურნირის სპონსორებასც გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მათი გვერდში დგომის გარეშე ტურნირი ვერ ჩატარდებოდა.

ტურნირი 28 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ BATUMI CUP 2023-ზე ყველა ადგილი გათამაშდება და გუნდები 5-5 შეხვედრას ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები