Thumbnail
  • 📅 28 ოქტომბერი | ⌚ 23:00 | 🏟 პარიზი | 🏉 ახალი ზელანდია V სამხრეთ აფრიკა | 📺 I არხი
  • ტურნირამდე ოლ ბლექსს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა, ახლა სიტუაცია შეცვლილია
  • ქურციკები ლამის იმავე შემადგენლობით ითამაშებენ, რომლითაც წინა ტიტული მოიგეს
  • ყველაფერი, რაც მომავალი მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

2023 წლის მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეხვდებიან და ეს მიმდინარე ტურნირის ლოგიკურ დაბოლოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდებმა ამ მსოფლიო თასზე თითო-თითო მატჩი წააგეს (ოლ ბლექსმა საფრანგეთთან – 13:27 წააგო, ქურციკებმა ირლანდიასთან – 8:13), ვერავინ იტყვის, რომ მათ ფინალში თამაშის უფლება არ დაიმსახურეს.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა თავიდანვე უმთავრეს ფავორიტთა შორის იყო, ახალ ზელანდიას კი, მართალია, ტურნირის სტარტზე ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, უშუალოდ შეჯიბრის მიმდინარეობისას, ისეთი ფორმა აკრიფა, მისი გაჩერება ურთულესი საქმე იქნება.

აღსანიშნავია, რომ როგორც ახალ ზელანდიას, ასევე სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასი სამ-სამჯერ აქვთ მოგებული, ამდენად, მათ შორის გამარჯვებული ავტომატურად ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. შემდეგ კიდევ ერთი სამხრეთელი გრანდი ავსტრალია მოდის 2 ტიტულით, ერთხელაც კი მსოფლიო თასი ინგლისს აქვს მოგებული.

ოლ ბლექსს ფინალში სემ ქეინი უკაპიტნებს

ერთი საინტერესო დეტალიც. მსოფლიო რაგბის მიმდინარე რეიტინგში ლიდერები სწორედ სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია არიან და გარკვეულწილად, ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩემპიონობისთვის სწორედ საუკეთესოები იბრძოლებენ. თუკი გამარჯვება ოლ ბლექსს დარჩა, პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს და ამ შემთხვევაში, ქურციკები მე-3 საფეხურამდე დაქვეითდებიან, რადგანაც ირლანდიაც გადაასწრებთ.

ახალზელანდიელთა შემადგენლობაში მოულოდნელობები ნაკლებადაა. არგენტინასთან ნახევარფინალურ მატჩთან შედარებით, მთავარმა მწვრთნელმა იენ ფოსტერმა მხოლოდ 2 ცვლილება განახორციელა. სასტარტო XV-ში სემ უაითლოქის ნაცვლად ბროდი რეტალიკი გამოჩნდება, ხოლო თადარიგში ფლეტჩერ ნიუელის ნაცვლად ნეპო ლაულალას ვიხილავთ.

შედეგად, ოლ ბლექსის სასტარტო შემადგენლობა იმის იდენტურია, რომელმაც თამაში აფრიკელებთან ბოლო დაპირისპირებას დაიწყო. ცნობისთვის, ის თამაში მიმდინარე წლის აგვისტოში ლონდონში გაიმართა და ქურციკებმა ტესტი 35:7 მოიგეს, ამდენად, ზელანდიელებს დასამტკიცებელი ბევრი რამ ექნებათ. 

თუკი ოლ ბლექსში ცვლილებები ნაკლებადა, გადამჭრელი ზომები მიიღო სამხრეთაფრიკელთა დამრიგებელმა ჟაკ ნიენაბერმა, რომელიც გუნდის ღერძის მოქმედებით აშკარად უკმაყოფილი იყო და კობუს რეინახი და მანი ლიბოკი საერთოდაც განაცხადს მიღმა დატოვა, აქცენტს კი ფაფ დე კლერკისა და ანდრე პოლარდის წყვილზე გააკეთებს. რისკიანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ მარქაფაში 8-დან 7 ფორვარდი იჯდება და მხოლოდ ერთი ხაზის მოთამაშე.

ფაფ დე კლერკი ამჯერად აფრიკელთა სასტარტო შემადგენლობაში იქნება

საინტერესოა, რომ ქურციკების რიგებში ერთბაშად 10 მორაგბეა, რომელთაც 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალიც დაიწყეს. ესენი მბონგი მბონამბი, ფრანს მალერბე, ებენ ეტზებეტი, სიია კოლისი, პიტერ-სტეფ დუ ტოი, დუან ვერმეულენი, ფაფ დე კლერკი, ანდრე პოლარდი, დამიან დე ალენდე და ჩესლინ კოლბე არიან. კიდევ ორნი, სტივენ კიტსჰოფი და ფრანკო მოსტერტი მაშინ თადარიგში იყვნენ და ახლა ძირითადში ვიხილავთ, არ ჯი სნაიმანი ისევ სკამზე დარჩება, ხოლო ვილი ლე რუ ერთადერთი მორაგბეა უკანა ხაზში, რომელიც გასულ ფინალში პირველივე წუთებიდან მინდორზე იყო, ამჯერად კი, შეცვლაზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ქურციკებმა ის მატჩი ინგლისს 32:12 მოუგეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტოქეები გადამწყვეტ მათზე ზეგამოცდილი შემადგენლობებით გავლენ. სამხრეთ აფრიკის ნაკრების სასტარტო მორაგბეების ჯამური კეპების რაოდენობა 987-ს უტოლდება, ამასთან, მხოლოდ 3 მოთამაშეა ისეთი, რომელთაც ზურგს 50-ზე ნაკლები მატჩი უმაგრებთ. ესენი დამიან ვილემსე (38), ჩესლინ კოლბე (30) და კურტ-ლი არენდსე (14) არიან. ზელანდიელთა კეპების რაოდენობა 9871 გახლავთ და ისიც სათქმელია, რომ მათ რიგებში ერთბაშად 4 ცენტურიონია. საუბარია სემ უაითლოქზე (152), აარონ სმითზე (124), ბიოდენ ბარეტსა (122) და ბროდი რეტალიკზე (108).

ფინალისტების დაპირისპირება 102 წელსა და 106 მატჩს ითვლის, აშკარა უპირატესობა კი ზელანდიელთა მხარესაა. მათ აქტივში 62 მოგებაა, 39 თამაში წააგეს, 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 

ფინალის მთავარი მსაჯი 44 წლის ინგლისელი უეინ ბარნსი იქნება, რომელსაც ამგვარი პატივი კარიერაში პირველად ერგება, არადა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რეფერიდ მიიჩნევა. მას აქტივში უკვე 110 თამაში აქვს, კონკრეტულად მსოფლიო თასზე კი 26 შეხვედრა განუსჯია. ბარნსის ასისტენტები ასევე ინგლისელები კარლ დიქსონი და მეტიუ ქარლი იქნებიან, ვიდეო-რეფერის მოვალეობას კი ტომ ფოლი შეასრულებს.

ფინალისტების ბოლო დაპირისპირება ქურციკების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა

ახალი ზელანდია: 15.ბიოდენ ბარეტი, 14. ვილ ჯორდანი, 13. რიეკო იოანე, 12. ჯორდი ბარეტი, 11. მარკ ტელეა, 10. რიჩი მო’უნგა, 9. აარონ სმითი; 1. ეთან დე გრუტი, 2. კოდი ტეილორი, 3. ტაირელ ლომაქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სკოტ ბარეტი, 6. შენონ ფრიზელი, 7. სემ ქეინი (კაპ.), 8. არდი სავეა.
სათადარიგოები: 16. სამისონი ტაუკეი’აჰო, 17. ტამატი ვილიამსი, 18. ნეპო ლაულალა, 19. სემ უაითლოქი, 20. დალტონ პაპალიი, 21. ფინლი კრისტი, 22. დამიან მაკკენზი, 23. ანტონ ლინეტ-ბრაუნი.

სამხრეთ აფრიკა: 15. დამიან ვილემსე, 14. კურტ-ლი არენდსე, 13. ჯესი კრილი, 12. დამიან დე ალენდე, 11. ჩესლინ კოლბე, 10. ანდრე პოლარდი, 9. ფაფ დე კლერკი; 1. სტივენ კიტსჰოფი, 2. ბონგი მბონამბი, 3. ფრანს მალერბე, 4. ებენ ეტზებეტი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სიია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. დუან ვერმეულენი.
სათადარიგოები: 16. დეონ ფურიე, 17. ოქს ნჩე, 18. ტრევორ ნიაკანე, 19. ჟან კლეინი, 20. არ ჯი სნაიმანი, 21. კვახა სმითი, 22. ჯასპერ ვისე, 23 ვილი ლე რუ.

კომენტარები

ბოლო ამბები