Thumbnail

ქვიშის საბადოებიდან UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონობამდე და კრივის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლ, ტაისონ ფიურისთან დაპირისპირებამდე…

დარწმუნებული ვარ, ის ადამიანებიც, ვისაც კრივსა და MMA-სთან არანაირი შეხება არ აქვთ, ფრენსის ნგანუს შესახებ ერთ დღეს Netflix-ის ან Showtime-ის დოკუმენტური სერიალიდან გაიგებენ. ამ ადამიანის ცხოვრების ისტორია ფილმის სიუჟეტის იდეა რომ იყოს, ნებისმიერი მწერალი მის სანაცვლოდ ეშმაკს სულს მიჰყიდდა და ამ გარიგებით ძალიანაც ბედნიერი დარჩებოდა. სიუჟეტი კი შემდეგში მდგომარეობს:

ფრენსის ნგანუ კამერუნში დაიბადა და ცხოვრების ადრეული წლებიდანვე გაიგო, თუ რას ნიშნავს უკიდურესი სიღარიბე. მუდმივი შიმშილის გარდა, სიღარიბე 20 სხვა ადამიანთან ერთ სახლში ცხოვრებას და სკოლაში გაკვეთილიდან კალმის არქონის გამო გაგდებას ნიშნავდა. 10 წლის ასაკში ფრენსისი იწყებს მუშაობას ქვიშის საბადოში, სადაც დღეში “მთელ” 1.90 დოლარს იღებს, ხოლო 17 წლისთვის მისი ხელფასი უკვე “სოლიდურ” $2.50-ს შეადგენს. ამ დროს ის სწავლას თავს ანებებს და მუშაობის პარალელურად, იწყებს სიარულს კრივის დარბაზში, სადაც მას ერთხელ და სამუდამოდ უყვარდება “ტკბილი მეცნიერება”. აქვე იბადება კრივში ჩემპიონობისა და ამერიკაში ცხოვრების დიდი ოცნება. თუმცა, ამერიკა ძალიან შორსაა კოლონიზაციით განადგურებული კამერუნიდან. არსებობს უფრო რეალისტური ვარიანტი: საფრანგეთი. 

ემიგრაციის გეგმის დასახვასა და ამისთვის საკმარისი თანხის შეგროვებას რამდენიმე წელი დასჭირდება. როგორც იქნა, 25 წლის ასაკში ფრენსის ნგანუ ტოვებს მშობლიურ კამერუნს და საფრანგეთისკენ მიმავალ, საფრთხეებითა და უცნობი გამოწვევებით სავსე გზას ადგება. კამერუნიდან - ნიგერიაში, ნიგერიიდან -  ნიგერში, შემდეგ ალჟირში და მაროკოში. 65-გრადუსიანი სიცხე, წყურვილი, ფეხით გავლილი ასობით კილომეტრი, ქრთამებით მოპოვებული ყალბი საბუთები და საზღვრების გადაკვეთის უფლება. მაგრამ ყველაზე რთული მაინც მაროკოდან ევროპაში გადასვლა აღმოჩნდება. 6 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კამერუნის დატოვებიდან ზუსტად 1 წლის თავზე, ფრენსის ნგანუ საბოლოოდ აღწევს ესპანეთის საზღვარს, წითელი ჯვრის ნავის ბორტზე.

ევროპის თავისუფლებით გაჟღენთილი ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთანავე, ნგანუ თავს ამოყოფს ესპანურ ციხეში. იქაური ზედამხედველები 2 თვის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფრენსისმა საკუთარი პასპორტის სიყალბე აღიაროს, რაც დეპორტაციისთვის საკმარისი საბაბი იქნება. ფრენსისი ჩუმად ითმენს. ამ გაწევ-გამოწევაში პირველი ესპანური კანონმდებლობა ნებდება და ახალგაზრდა მამაკაცს ციხიდან უშვებენ.

ნგანუ ჯდება მატარებელში და გეზს პარიზისკენ იღებს. “სინათლის ქალაქში” ის ახალ სახლს პოულობს - გადახურული ავტოსადგომის კიბეებს - ხოლო მეორე დღესვე კრივის დარბაზში მიდის. დარბაზის მეპატრონე აძლევს უფლებას, ივარჯიშოს, მიუხედავად იმისა, რომ ნგანუ პირდაპირ ეუბნება: წევრობის საფასურის გადახდის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. უფასო ვარჯიშების გარდა, მეპატრონე მისთვის პატარა საცხოვრებელ ბინას პოულობს. თუმცა, იქვე აფრთხილებს, რომ პარიზში კრივით ფულს ვერ იშოვის და შემოსავლის თვალსაზრისით ჯობია, MMA სცადოს.

ეს მომენტი არამხოლოდ ფრენსის ნგანუს, არამედ მთელი სპორტული სამყაროს ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება. კამერუნიდან საფრანგეთამდე 14-თვიანი ოდისეის შემდეგ, ნგანუს ცხოვრებაში ახალი, 8-წლიანი თავი იწყება, რომელსაც UFC-ს ყველაზე პრესტიჟული, მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული და წოდება “The Baddest Man on The Planet” აგვირგვინებს. ამ 8 წლის განმავლობაში მოპოვებულ გამარჯვებებზე, მარცხებსა და რეკორდებზე შეიძლება ძალიან ბევრი დაიწეროს და დაწერილა კიდეც... ამის განხილვით მკითხველს ახალს ვერაფერს შევთავაზებ. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო მაინც მაშინ იწყება, როდესაც ნგანუ UFC-ს ჩემპიონი ხდება. 

2021 წლის 27 მარტს ფრენსის ნგანუ მეორე რაუნდში ანოკაუტებს დივიზიონის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩემპიონს, სტიპე მიოჩიჩს. ანალიტიკოსთა უმეტესობა დარწმუნებულია: ჩვენს თვალწინ MMA-ს ახალი ვარსკვლავი დაიბადა. ყველა წესითა და კანონით, ფრენსის ნგანუ UFC-ს მენეჯმენტის ოცნებაა - დივიზიონის სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, ფრენსისი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მძიმე წონის ჩემპიონს შეეფერება: თითქმის 2 მეტრი სიმაღლეში, საოცრად ათლეტური აღნაგობის, ნოკაუტების ოსტატი ზედმეტსახელად “მტაცებელი”, რომლის ხელის დარტყმის ძალა Ford Escort-ის დაჯახების ტოლფასია. სასაუბრო ინგლისურის დაბალი დონეც, რომელიც სხვა ჩემპიონებისთვის პოპულარობის ხელისშემშლელი ფაქტორია, ნგანუს სასარგებლოდ თამაშობს. მოკლე, თავშეკავებული პასუხები ჟურნალისტების კითხვებზე მხოლოდ ზრდის ფრენსისის გარშემო არსებულ მისტიკას - მსოფლიო ჩემპიონს მძიმე წონაში სიტყვები არ სჭირდება. 

თუმცა, ნგანუსა და UFC-ს იდილია მოულოდნელად მოკლეხნიანი აღმოჩნდება. როგორც ჩანს, როდესაც ცხოვრების ყველა ნაბიჯზე საკუთარი ღირსების დასამტკიცებლად ბრძოლა გიწევს, ამ ღირსების რამეში (თუნდაც 11-ფუნტიან ოქროს ქამარში) გაცვლა მარტივად არ ხდება…

ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, სპორტსმენთა უმეტესობა ორგანიზაციასთან ახალი, უკეთესი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს და არც ნგანუ იყო გამონაკლისი. თუ დამსაქმებელს დაუმტკიცებ, რომ შენს საქმეში მსოფლიოში საუკეთესო ხარ, დაწინაურებაზე საუბარი სრულიად ლოგიკურია, არა? კი, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საქმე მონოპოლიას ეხება.

დიახ, UFC ფაქტობრივი მონოპოლიაა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა MMA ორგანიზაციები, თუმცა, UFC-ს კონკურენციას ვერცერთი ვერ გაუწევს. ამისთვის 2 მიზეზი არსებობს. პირველი: ელიტარულ სპორტსმენთა 80-90% UFC-სთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული. მეორე: როდესაც სხვა ორგანიზაციები მოგებაზე ძლივს ან საერთოდ ვერ გადიან, UFC-ს შარშანდელმა სუფთა მოგებამ $387 მილიონი შეადგინა. არც პრესტიჟის, არც ფინანსების თვალსაზრისით, შერეულ ორთაბრძოლებში UFC-ს იქით გზა ფაქტობრივად არ არსებობს.

ასეთ პირობებში მოლაპარაკებები რთულია. 2 წელიწადზე მეტი ვუყურებდით პრომოუშენის ბრძოლას სპორტსმენთან, სადაც UFC-ს პიარის მანქანა საკუთარი ჩემპიონის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან “გაშავების” კამპანიას აწარმოებდა. მაშინ, როდესაც ფრენსისი უკეთეს პირობებს ითხოვდა და ამის გამო ახალ ბრძოლებზე არ თანხმდებოდა, ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი ინტერვიუებში ღიად აცხადებდა, რომ ფრენსისს ამა თუ იმ ოპონენტის ეშინია, არ უნდა ჩხუბი, ან “თავში აუვარდა” და დივასავით იქცევა. სამწუხაროდ, UFC-ის მხრიდან ეს გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც აქამდე არაერთი სპორტსმენის წინააღმდეგ გამოიყენეს და ყოველ ჯერზე გაამართლა. ზოგი ფინანსების გამო იძულებული ხდება, არასასურველ კონტრაქტს ხელი მოაწეროს - პროფესიულ მებრძოლს თვიურად ხელფასს არავინ უხდის: თუ არ ჩხუბობ, შემოსავალი არ გაქვს. ფულადი მიზეზით თუ არა, ზოგი ბრძოლაზე ეგოს გამო თანხმდება - “რას ნიშნავს, ვიღაცის მეშინია?!”. 

მოდით, ვილაპარაკოთ გულწრფელად: UFC-ს არსებობა MMA-ს მოყვარულისთვის უდიდესი კომფორტია. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას გაქვს შესაძლებლობა, შერეული ორთაბრძოლების უმაღლესი დონის შეჯიბრებს უყურო. კვირის განმავლობაში რეგულარულად ქვეყნდება ხარისხიანი კონტენტი, ამბები ახლად ჩანიშნული ბრძოლების შესახებ, იმართება პრეს-კონფერენციები. რომ არა UFC, MMA ვერასდროს მიაღწევდა იმ პოპულარობას, რომლითაც დღეს სარგებლობს. ამის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში UFC-სთან გაფორმებული კონტრაქტი ბევრი ათლეტისთვის წამგებიანია. მაგალითად, სპორტსმენებს ვერ ჰყავთ საკუთარი სპონსორები და არ შეუძლიათ სხვა სპორტში ასპარეზობა. ამის გარდა, UFC-ს საშუალო კონტრაქტი ფორმდება 6 ბრძოლაზე, ფიქსირებული ჰონორარით, წარმატებული ათლეტის ღირებულება კი ბრძოლიდან ბრძოლამდე იზრდება. მეტი დეტალებით თავს არ მოგაბეზრებთ, არც ამ ყველაფრის ავ-კარგობაზე მსჯელობას დავიწყებ. უბრალოდ ფაქტს დავაფიქსირებ: UFC-ს კონტრაქტით უკმაყოფილებისთვის უამრავი მიზეზი არსებობს.

ფრენსისიც უკმაყოფილო იყო. უკმაყოფილო იმით, რომ მას ღიად ებრძოდნენ და მედიაში შეურაცხყოფას აყენებდნენ. იმით, რომ თავისუფლად შეეძლოთ მისი ჰონორარის გაზრდა, მაგრამ ამას მაინც არ აკეთებდნენ. და ყველაზე მთავარი: არ აძლევდნენ უფლებას, ბავშვობის ოცნება აეხდინა და კრივშიც ეასპარეზა, როგორც ეს, მაგალითად, კონორ მაკგრეგორმა გააკეთა.

როგორც უკვე ვთქვი, მონოპოლიასთან მოლაპარაკებები რთულია. ხოლო ნგანუს შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა: ფრენსისსა და UFC-ს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა. როგორც მაშინ, ესპანურ ციხეში, ფრენსისი მშვიდად ითმენდა ყველა პროვოკაციას და მისი “გაშავების” მცდელობას. მშვიდად, მაგრამ ამჯერად არა ჩუმად - რეგულარულად აძლევდა ინტერვიუებს წამყვან მედიასაშუალებებს, სადაც ღიად საუბრობდა საკუთარ მოთხოვნებზე და გეგმებზე. მოთხოვნა იყო მარტივი - პატივისცემა და შესაძლებლობა, საკუთარი კარიერა თვითონ ეკონტროლებინა. გეგმა კი კიდევ უფრო მარტივი იყო - კონტრაქტის ამოწურვის ლოდინი და ე.წ. free agency, ანუ სხვა პრომოუტერებთან მოლაპარაკებები იმის იმედით, რომ ვინმე რამე კარგს თუ არა, მისაღებს მაინც შემოგთავაზებს.

UFC-ს ათლეტისთვის free agency-ზე უფრო დიდი რისკი შერეული ორთაბრძოლების სამყაროში თითქმის არ არსებობს. მაგალითად, მაშინ, როდესაც UFC ფულს არ გიხდის, სხვა  MMA ორგანიზაციები უბრალოდ ვერ გიხდიან. პლუს, როდესაც სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ორგანიზაცია ზურგს აღარ გიმაგრებს, შენი “საბაზრო ღირებულებაც” საგრძნობლად იკლებს.

ყველა ამბობდა, რომ ფრენსის ნგანუს მიერ free agency-ს არჩევა უდიდესი შეცდომა იქნებოდა. სხვა სპორტსმენები, მენეჯერები, პრომოუტერები, ჟურნალისტები - ყველა ღიად ამბობდა, რომ ნგანუ საკუთარ კარიერას გაანადგურებდა: ვერც სხვა ორგანიზაციისგან მიიღებდა უფრო მეტ ფულს, ვერც საკუთარ სპონსორებს იშოვიდა და ვერც კრივში რამე სერიოზულ ბრძოლას ჩაუნიშნავდა ვინმე. UFC კი წყენას არავის აპატიებს და წასვლის შემთხვევაში, დაბრუნების იმედი არ არსებობდა.

მოვიდა საბედისწერო დღეც. 2023 წლის იანვარში ფრენსის ნგაგუს კონტრაქტი ოფიციალურად ამოიწურა. თუ ოდესმე არსებობდა მომენტი, როდესაც ნგანუს სხვებისთვის რამე უნდა დაემტკიცებინა - ეს მომენტი ახლა იყო.

და მოხდა… აბსოლუტურად არაფერი. სრული სიჩუმე - არც ახალი MMA კონტრაქტი, არც კრივი, არც სპონსორები. გავიდა იანვარი, თებერვალიც. UFC-ს ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონის ტიტულს ახალი პატრონი გამოუჩნდა - როგორც იქნა, ქვემძიმე დივიზიონის ლეგენდა ჯონ ჯონსი ზედა წონაში ავიდა და ოქროს ქამარი მოირგო. მთელი სპორტული სამყარო ფაქტობრივად დასცინოდა ფრენსის ნგანუს. თუმცა, მოვიდა მარტი… და აღმოჩნდა, რომ უნიკალური ადამიანებით სავსე სპორტში, ფრენსის ნგანუ სხვებზე უფრო უნიკალურია.

ბომბივით გასკდა ამბავი: ფრენსის ნგანუმ PFL-თან კონტრაქტი გააფორმა… და მიიღო აბსოლუტურად ყველაფერი, რას სურდა. გარდა იმისა, რომ კონტრაქტი (როგორც ფრენსისს სურდა) მხოლოდ 3 ბრძოლაზე იყო, ის საგრძნობლად უფრო დიდ ჰონორარს ითვალისწინებდა - ამ 3 ბრძოლაში ფრენსისი უფრო მეტ ფულს მიიღებდა, ვიდრე UFC-ს ყველა ბრძოლისთვის ჯამურად. ფრენსის ჰქონდა უფლება, თვითონ აერჩია სპონსორები, მიეღო მონაწილეობა ორგანიზაციის მენეჯმენტში და PFL Africa-ს წილის მფლობელიც გამხდარიყო. კარგად ჟღერს, არა? თუმცა ყველაფერი ჯერ მხოლოდ წინ იყო.

11 ივლისს სპორტული მედია გამომცემების მკითხველები საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ: UFC-ს ყოფილი ჩემპიონი და MMA ვარსკვლავი ფრენსის ნგანუ 28 ოქტომბერს კრივში დებიუტს გააკეთებს. მისი მეტოქე? მძიმე წონის WBC და lineal ჩემპიონი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო heavyweight მოკრივე, ლეგენდარული “ბოშათა მეფე” - ტაისონ ფიური.

მოვიდა დრო, კრიტიკოსებიც გაჩუმებულიყვნენ. ერთის მხრივ, ახლა რაღა უნდა ეთქვათ იმათ, ვინც აქამდე ყველა კუთხეში ყვიროდა, რომ ფრენსისმა თავისივე ხელით საკუთარი კარიერა გაანადგურა? მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ამბებშიც იპოვეს ის, რის დაკნინებაც შეეძლოთ: “დაუმარცხებელი ფიური ნგანუს კრივში ადვილად მოუგებს”.

არის თუ არა ეს ხალხი მართალი? სუფთა სტატისტიკურად, კი. ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, რა შედეგით მთავრდება MMA ათლეტების რინგზე გამოსვლა - კონორ მაკგრეგორით დაწყებული, ნეიტ დიასით დამთავრებული, ყველა მარცხდება. ამისთვის მარტივი მიზეზი არსებობს: კრივში სპორტსმენები მთელ ცხოვრებას მხოლოდ ამ ერთი სპორტის დაუფლებას უთმობენ, მაშინ როდესაც MMA სპორტსმენისთვის კრივი მხოლოდ ერთია იმ დისციპლინების გრძელ სიაში, რაშიც ვარჯიში უწევთ. სრულიად ლოგიკურია, რომ თანაბარ პირობებში სპეციალისტი ამატორთან ყოველთვის გაიმარჯვებს. 

აქვს თუ არა შანსი ფრენსის ნგანუს? ადამიანს, რომლის ხელის დარტყმის ძალა Ford Escort-ის დაჯახების ეკვივალენტურია, შანსი ყოველთვის ექნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შანსი ძალიან მცირეა. ტაისონ ფიურის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო heavyweight-ს უბრალოდ ისე არ უწოდებენ. ფიურის სიმაღლე 2,06 მეტრია, წონა კი 122 კგ. ამის მიუხედავად, ის საოცრად სწრაფი და მოქნილია, ხოლო მისი დაცვის უნარები - შეუდარებელი. ტაისონის 15-წლიან პროფესიონალურ კარიერაში, მისი დამარცხება უამრავმა ნოკაუტ-სპეციალისტმა სცადა, მათ შორის კრივში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალის პატრონმა, დეონტეი უაილდერმა. 34 მატჩის მერეც, ტაისონ ფიური დღესაც დაუმარცხებელი რჩება. 

თუ მკითხველი ჩემგან შემდეგ აბზაცებში ფიური-ნგანუს ანალიტიკასა და ოფიციალურ პროგნოზს ელოდება, მას იმედები უნდა გავუცრუო. ეს სტატია არ არის არც ტაისონ ფიურიზე, არც კრივზე და არც იმაზე, თუ რა მოხდება 28 ოქტომბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში. რატომ? იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

ფრენსის ნგანუმ უკვე გაიმარჯვა. გაიმარჯვა მეტოქესთან, რომელიც კრივის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მძიმე წონის ჩემპიონ ტაისონ ფიურიზე ბევრად უფრო საშიშია - დანარჩენ სამყაროსთან. რინგში ან ოქტაგონზე სხვა პროფესიონალური მებრძოლის წინააღმდეგ გამოსვლას წარმოუდგენელი გამბედაობა სჭირდება. მაგრამ სულ სხვა რამეა საჭირო იმისთვის, რომ ის, რისიც გულით გჯერა, მთელი სამყაროს წინაშე დაიცვა.

ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც თავის დროს MMA-ში ჩამითრია, სპორტსმენების ისტორიებია. ფრენსის ნგანუს თავდაუზოგავი თვითრწმენის ისტორია რვა წელიწადს, სამ კონტინენტს და ორ სხვადასხვა სპორტს მოიცავს. ისტორია, რომლის მოწმედ ყოფნა, პირადად ჩემთვის, უდიდესი პრივილეგიაა. და მოუთმენლად ველი, თუ რა იქნება ამ ისტორიაში შემდეგი.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები