Thumbnail
  • აიაქსის დროებითი მწვრთნელის თქმით, ქართველი ფორვარდი თავს უკეთ გრძნობს
  • ამსტერდამელები პრინციპულ მეტოქეს სტუმრად 29 ოქტომბერს შეხვდებიან

აიაქსის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე თავს კარგად გრძნობს და დიდი ალბათობით, ერედივიზიონის მორიგ ტურში, როდესაც ამსტერდამელები პრინციპულ მეტოქე პსვ-ს ესტუმრებიან, გუნდის განაცხადში იქნება.

ამის შესახებ აიაქსის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა ჰედვიგეს მადურომ ისაუბრა: "ამ მხრივ კარგი ამბავი გვაქვს. მიქაუტაძემ უკვე ივარჯიშა კიდეც და თავს გაცილებით უკეთ გრძნობს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გასულ დღეებში გაციების ნიშნები ჰქონდა და ამის გამო აიაქსს არ გაჰყოლია ინგლისში, სადაც ნიდერლანდურმა კლუბმა ბრაიტონთან ევროპა ლიგის მატჩი ჩაატარა (0:2 წააგო).

ამსტერდამელებისთვის კარგი სიახლეა ისიც, რომ მძიმე არ გამოდგა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სტივენ ბერგვეინის ტრავმა. ის სწორედ ინგლისელებთან შეხვედრაში დაშავდა.

სხვათა შორის, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხსენებული მადურო აიაქსში მთავარი მწვრთნელის რანგში დარჩება, გუნდის დამრიგებელი კი ჯონ ვან’ტ სხიპი გახდება. ამ უკანასკნელს აიაქსის მაისურით სამასამდე თამაში აქვს ჩატარებული, ბოლოს კი საბერძნეთის ნაკრების თავკაცი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ აიაქსს ერედივიზიონის 7 მატჩში მხოლოდ 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა. გუნდის უწინდელი დამრიგებელი მორის სტეინი სწორედ ამ შედეგს ემსხვერპლა. პსვ-სა და აიაქსის დაპირისპირება 29 ოქტომბერს ეინდჰოვენში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები