Thumbnail

'იყო თუ არა ძარცვა?' - მაიკ ტაისონი და სხვები ფიური-ნგანუს ჩხუბზე

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ტაისონ ფიურიმ ფრენსის ნგანუ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა
  • საბრძოლო სპორტის სახეობათა სამყაროში ჩხუბი არაერთგვაროვნად შეაფასეს

WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა მძიმე წონაში ტაისონ ფიურიმ (34-0-1) მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით UFC-ის მძიმე წონის ექსჩემპიონი ფრენსის ნგანუ (0-1) დაამარცხა. ბრძოლა ნამდვილად მოულოდნელი გამოდგა, რადგან კამერუნელმა რინგზე თავი იმაზე კარგად წარმოაჩინა, ვიდრე მისგან ძალიან ბევრი ელოდა. 

ნგანუმ ფიურისთან საჩხუბრად, ერთი მხრივ, მისი მხრიდან მოულოდნელი, თუმცა რაციონალური სტილი აარჩია. არც "ბოშათა მეფე" ელოდა იმას, რომ "მტაცებელი" რინგის შუაში დადგებოდა და შეტევას არ ეცდებოდა. ფრენსისმა ყოველგვარი რისკი გამორიცხა, საკუთარ ძალას მიენდო და შეტევის ნაცვლად ფიურის ერთი დარტყმით დაჭერა დაცვიდან სცადა - ნოკდაუნიც ვიხილეთ, შესაძლოა ღრმა და ძალიან დამაზიანებელი არა, მაგრამ მაინც. 

ტაისონ ფიურიმ ფრენსის ნგანუს 71-ჯერ მოარტყა, აქედან 32 ძლიერი დარტყმა იყო. ფრენსისმა ფიურის 59 დარტყმა მიაყენა, მათგან 37 გახლათ ძლიერი. ტაისონის მოქნეული მუშტების 32 % მოხვდა მიზანში, ხოლო ფრენსისის მაჩვენებელი 25% იყო. ყველაზე დომინანტური რაუნდი ნგანუმ ჩაატარა - მესამე რაუნდი 10-8-ც მოიგო.

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ახალ სპორტში ძალიან მაგრად შეაბიჯა და მისმა ბრძოლამ კრივის სამყაროში მოწონება დაიმსახურა, როცა ფიურის, ძირითადად, კრიტიკა შეხვდა. MMA მებრძოლები (ნეით დიაზი, კრის ვეიდმანი, მარვინ ვეტორი, ჟუნიორ დოს სანტოსი და სხვები) ფრენსის ნგანუს უპირობო გამარჯვებულად მიიჩნევენ, მაგრამ კრივის წარმომადგენლებს მსგავსად კატეგორიული პოზიციები არ აქვთ.

მაიკ ტაისონი (მსოფლიოს ექსჩემპიონი და ფრენსის ნგანუს მწვრთნელი) : "ვინ მოიგო ჩემი აზრით? თქვენი აზრით? ნგანუმ? კარგი, მეც ეგრე მგონია. მოჰპარეს თუ არა ფრენსის გამარჯვება? არა. ეს ძარცვა არ ყოფილა, მაგრამ ამ ბრძოლის შედეგი როგორია, ყველა ვხვდებით."

ლინოქს ლუისი (მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი): "ბრძოლა ტაისონ ფიური მოიგო. მაგრამ ფრენსის ნგანუმ ნამდვილად გამაკვირვა - სანიმუშო სიმშვიდე და მოთმინება აჩვენა. ტაისონს, კი დისციპლინა დააკლდა. როცა ხედავ, მეტოქე პირს აღებს და დაღლილია, ტანში უნდა ურტყა. ეს ფიურიმ შესანიშნავად იცის და ტანში ძალიან მაგრად ურტყამს, თუმცა ნგანუს წინააღმდეგ ეს ერთხელაც არ გაუკეთებია, არ ვიცი რატომ. ჩემპიონმა საკუთარი ძალა ვერ აჩვენა, თორემ საქმეს უფრო მარტივად მოაგვარებდა. ლომმა ზვიგენს ჯუნგლებში შესვლისა და მისი თითქმის დამარცხების უფლება არ უნდა მისცეს. ნგანუს აქციების ფასმა მოიმატა, ფიურისამ, კი უღიმღამო გამარჯვების შედეგად, დაიკლო."

სტივ ბანსი (ექსპერტი): "ტაისონ ფიურიმ საშინლად იჩხუბა. რამდენად იყო ეს ყველაფერი იმით გამოწვეული, რომ ნგანუ ფიურის თამაშში არ აჰყვა? ფრენსისმა იცოდა, ტაისონთან არ უნდა გაერისკა და არც გააკეთა, მესამე რაუნდში ნოკდაუნშიც გაუშვა. მოკლედ, ფიურიმ ძალიან ცუდი ბრძოლა ჩაატარა."

სანი ედვარდსი (მსოფლიოს ყველაზე მსუბუქი წონის ჩემპიონი) : "ფიურიმ ნგანუ არ დააფასა და ზემოდან უყურებდა. შედეგად იმაზე ღრმა წყალში აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და იქიდან თავის დაღწევა გაუჭირდა. გასაგებია, რომ ბარათებზე (scorecards) ახლო ბრძოლა იყო, მაგრამ ნგანუმ საკუთარი რაუნდები დამაჯერებლად მოიგო."

კრის იბანკ ჯუნიორი (მსოფლიოს ექსჩემპიონი) : "მატჩს რინგის ახლოდან ვუყურებდი და ვიფიქრე, რომ ჩხუბი ნგანუმ მოიგო. დიახ, ახლო ბრძოლა იყო, მაგრამ ფრენსისმა უფრო ძლიერი დარტყმები მიაყენა ფიურის და ნოკდაუნშიც გაუშვა. ტაისონმა წაგება დაიმსახურა, რადგან სპორტის დებიუტანტთან ამდენი პრობლემა შეექმნა. ვფიქრობ, ფიურიმ Netflix-ის სერიალებში მონაწილეობას ზედმეტად დიდი, ხოლო დარბაზს ძალიან ცოტა დრო დაუთმო, ეს იყო მიზეზი იმისა, რაც ვნახეთ."

რიკი ჰატონი (მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი) : "კარგი სანახაობა არ ყოფილა, მაგრამ ტაისონ ფიურიმ მოიგო. ვამბობდი კიდეც, რომ ფრენსის ნგანუ ძალიან ძლიერი ოპონენტი იქნებოდა."

 

კომენტარები

ბოლო ამბები