ნაპოლისა და მილანის თამაში ისეთი გამოვიდა, სერია A-ს საუკეთესო წლებში რომ იმართებოდა ხოლმე კვირის გვიანი მატჩები და ნამდვილ საფეხბურთო ზეიმს რომ ვუწოდებდით. ამ თემაზე ევროპოპის YouTube არხზე ერთი კარგი გადაცემაც გვქონდა "თამაშის თეორიაში" და ვისთვისაც სერია A-ს ოქროს წლები ძალიან ახლოსაა, თუ არ გინახავთ და მოგისმენიათ, ნახეთ ან მოუსმინეთ. მანამდე კი, გასული უიკენდის მთავარი ამბები "ორშაბათის საკითხავში":
კვარა | რამდენიმე სანტიმეტრი გმირობამდე
იტალიის ექს-ჩემპიონი მოქმედ ჩემპიონს "მარადონაზე" 2:0-ს უგებდა, მაგრამ ნეაპოლელებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს, სულ ბოლო წამებზე კი ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო, მატჩის სუპერგმირი გამხდარიყო, მაგრამ სანტიმეტრები დააკლდა. ორჯერ! არადა, რა დრიბლინგი ჰქონდა. იტალიური გამოცემებიდან ყველაზე სწორად Tuttonapoli წერს: "ხვიჩას ბოლოს შეეძლო, სტადიონი "აეფეთქებინა", მაგრამ დაქანცულმა ვერ მოახერხა ბურთის კუთხეში გადაგზავნა." კი, ძალიან გადაქანცული ჩანდა.
📋 | როგორ გამოეხმაურა იტალიური მედია კვარას თამაშს, წაიკითხეთ აქ.
მამარდა | 5 სეივი და საუკეთესო
გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიის რიგებში მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კიპერმა ბილბაოსთან სტუმრად 5 სეივი შეასრულა და მისი გუნდი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ დამატებულ დროში მეორე გოლი გაუშვა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ბოლო მომენტში მამარდაშვილმა გამოსვლაზე ვერ ითამაშა, რის შემდეგაც ბერენგერმა გოლის გატანა შეძლო.
📋 | რა თქვა მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ და როგორ შეაფასეს მისი თამაში, წაიკითხეთ აქ.
შენგელია | ისევ MVP! თორნიკეს კომენტარი
თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ევროლიგის მე-5 ტურში სტუმრად საფრანგეთში ვილერბანი ანგარიშით 87:84 დაამარცხა და ტურნირში მეოთხე მოგება მიითვალა. 32 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გატარებულ 34 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა და მატჩის MVP გახდა (სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 ჰქონდა). "ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ," - თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩის შემდეგ.
📋 | შენგელიას კომენტარი ვრცლად და მატჩის მიმოხილვა ნახეთ აქ.
ბასილა | პირველი მოგება 8 თვის შემდეგ
იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარე ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი (395) მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბს შეხვდა და 10-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე მარტივად, ორ სეტში (6:4, 6:1) დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ბასილაშვილს ზედიზედ 10 შეხვედრა ჰქონდა წაგებული. ის ტრავმის გამო გამოწვეული 5-თვიანი პაუზის შემდეგ 15 ოქტომბერს დაბრუნდა და მას შემდეგ ორჯერ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ჩოგბურთელს ბოლოს 18 თებერვალს დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქ ჩემ ილკელთან ჰქონდა მოგებული.

ფიური V ნგანუ | რა თქვეს მაიკ ტაისონმა და სხვებმა
WBC ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა მძიმე წონაში ტაისონ ფიურიმ (34-0-1) მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით UFC-ის მძიმე წონის ექსჩემპიონი ფრენსის ნგანუ დაამარცხა. ბრძოლა ნამდვილად მოულოდნელი სცენარით წარიმართა გამოდგა, რადგან კამერუნელმა რინგზე თავი იმაზე კარგად წარმოაჩინა, ვიდრე მისგან ბევრი ელოდა.
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ახალ სპორტში ძალიან მაგრად შეაბიჯა და მისმა ბრძოლამ კრივის სამყაროში მოწონება დაიმსახურა, როცა ფიურის, ძირითადად, კრიტიკა შეხვდა. MMA მებრძოლები (ნეით დიაზი, კრის ვეიდმანი, მარვინ ვეტორი, ჟუნიორ დოს სანტოსი და სხვები) ფრენსის ნგანუს უპირობო გამარჯვებულად მიიჩნევენ, მაგრამ კრივის წარმომადგენლებს მსგავსად კატეგორიული პოზიციები არ აქვთ.
📋 | ბრძოლის მიმოხილვა და გამოხმაურება ნახეთ აქ.
კომენტარები