Thumbnail

საქართველოს კაც ძიუდოისტთა ნაკრებში, რომელიც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზადება, ერთი ცვლილება მოხდა.

როგორც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ვებ-გვერდიდან ვგებულობთ, ტურნირზე ვეღარ ვიხილავთ 24 წლის მძიმეწონოსან გელა ზაალიშვილს (+100 კგ.), მის ნაცვლად კი განაცხადში გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) მოხვდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ასეთი სახე მიიღო:

გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.), ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ.).

გელა ზაალიშვილი საქართველოს ნაკრების განაცხადში აღარ ფიგურირებს

ევროპის პირველობაზე 6 ძიუდოისტით წარსდგება საქართველოს ქალთა ნაკრები:

ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია (ორივე – 70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

3-5 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქი მონპელიეში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის 46 ქვეყნის 391 ძიუდოისტია (220 კაცი, 171 ქალი) დარეგისტრირებული. განრიგის თანახმად, 3 ნოემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 4 ნოემბერს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 5 ნოემბერს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი Sud de France Arena-ზე თბილისის დროით სამივე დღეს 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპირველობას ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, ქართული დელეგაციის მონაგარი კი 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი იყო. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები