Thumbnail

'მიხარია, რომ დავბრუნდი' - აიაქსს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • აიაქსის მთავარ მწვრთნელად ჯონ ვან ტ'სხიპი დაინიშნა
  • 59 წლის სპეციალისტი ამსტერდამულ კლუბს ძალიან კარგად იცნობს

ამსტერდამის აიაქსის მთავარ მწვრთნელად ჯონ ვან ტ’სხიპი დაინიშნა. ინფორმაცია ნიდერლანდური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურდა.

მან აიაქსთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მორის სტეინს შეცვლის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. ბოლო ორ მატჩში აიაქსს ჰედვიგეს მადურო ხელმძღვანელობდა, რომელიც ვან ტ’სხიპის შტაბში გააგრძელებს მუშაობას.

"მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ვიმუშავებ იქ, სადაც ჩემთვის ყველაფერი დაიწყო. აიაქსი სწრაფად უნდა დაუბრუნდეს აღმავალ გზას და მიხარია, რომ ამაში წვლილს მეც შევიტან", - აღნიშნა 59 წლის სპეციალისტმა.

ვან ტ'სხიპმა აიაქსი უნდა გადაარჩინოს

ჯონ ვან ტ’სხიპი აიაქსში 1981-1992 წლებში თამაშობდა, 1986-1995 წლებში კი ნიდერლანდების ნაკრებში 41 მატჩში 2 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო კარიერა მან 1997 წელს აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ მთავარ გუნდში ასისტენტადაც მუშაობდა სხვადასხვა პერიოდში (2000/01, 2008/10), 2002-2004 წლებში კი ისევ ახალგაზრდულ გუნდში იმუშავა. 2004-2008 წლებში იყო ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი. მთავარ მწვრთნელად მას მელბურნ სიტიში, ჩივასში, ცვოლესა და საბერძნეთის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.

ამგვარად, გიორგი მიქაუტაძეს ვან ტ’სხიპთან მუშაობა მოუწევს. სხვათა შორის, ის საბერძნეთის ნაკრების თავკაცი იყო, რომელთანაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებს ორჯერ მოუწია დაპირისპირება (1:1, 0:2).

შეგახსენებთ, რომ აიაქსი ერედივიზიონში 5 ქულით ბოლო ადგილზეა, ასევე ბოლო საფეხურს იკავებს ევროპალიგის ჯგუფში (2 ქულით), უახლოეს შეხვედრას კი 2 ნოემბერს, ვოლენდამთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები