Thumbnail

ლიონელ მესის ეს პრიზი ყველაზე კარგად იცნობს, არგენტინელი სუპერვარსვკლავი ისევ "ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) მფლობელია - მის კოლექციაში უკვე 8 ბურთია! პარიზის ცნობილ თეატრ "შატლეში" მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის ცერემონიალი გაიმართა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, "ოქროს ბურთს" გარკვეული კავშირი ქართველ ფეხბურთელთანაც ჰქონდა - ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, 30 ნომინანტს შორის ერთ-ერთი იყო.

ლეო ოჯახთან ერთად

ლიონელ მესის პრიზი დევიდ ბექჰემმა გადასცა. 36 წლის არგენტინელი მე-16-ედ იყო ნომინანტთა შორის და მერვედ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ერლინგ ჰაალანდი გავიდა, მესამეზე - კილიან მბაპე.

ქალთა Ballon d'Or 2021

ქალთა 'ოქროს ბურთი' ბარსელონას ნახევარმცველმა მოიგო

გამარჯვებული ბარსელონას ფეხბურთელი აიტანა ბონმატი გახდა. 25 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა დიდი წვლილი შეიტანა წლეულს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. 

Yachine Trophy

ლეგენდარული გოლკიპერის, ლევ იაშინის სახელობის ჯილდო წლის საუკეთესო მეკარეს ემილიანო მარტინესს გადაეცა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ფანტასტიკურად ითამაშა.

Kopa Trophy

ჯუდ ბელინგემი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

წლის საუკეთესო ახალგაზრდა (U21) ფეხბურთელის ჯილდო, რომელიც ლეგენდარული რაიმონ კოპას სახელს ატარებს. ამჯერად, პრიზის გამარჯვებული ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) გახდა. ინგლისელმა ისე დაიწყო ახალი სეზონი, რომ არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო ცერემონიალზე "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს. ერთი ცხადია, დღევანდელ მე-18 პოზიციას ის უთუოდ გააუმჯობესებს. 

Muller trophy

ერლინგ ჰაალანდი

საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო ერლინგ ჰაალანდმა (56 გოლი) მიიღო. "მინდა მადლობა გადავუხადო, ჩემს კლუბს, ჩემს ოჯახს, მათ, ვინც დამეხმარა ამ პრიზის მიღებაში. მათ ვის გამოც, ვარ ვინც ვარ. გოლის ახალ აღნიშვნას, შემდეგი გოლის შემდეგ განახებთ", - განაცხადა ნორვეგიელმა გოლეადორმა.

Socrates trophy

ვინისიუს ჟუნიორი წლის ქველმოქმედია

“სოკრატესის პრიზი” შარშან დაწესდა და იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომელიც საქველმოქმედო პროექტებში აქტიური მონაწილეობითა და სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა. წლეულს, ტიტულით ვინისიუს ჟუნიორი დაჯილდოვდა, რომელიც ფეხბურთში რასიზმთან შეუპოვარი მებრძოლია. ის ბრაზილიაში საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს, რომელიც ღატაკ ბავშვებს ეხმარება.

წლის კლუბი

წლის კლუბი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მანჩესტერ სიტი გახდა. ქალთა გუნდებში პრიზი ბარსელონას ხვდა წილად.

ვინ რამდენჯერ მოიგო ოქროს ბურთი - TOP 10

1. ლიონელ მესი (არგენტინა) - 8 (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021, 2023)

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 5 (2008, 2013, 2014, 2016, 2017)

3. მიშელ პლატინი (საფრანგეთი) - 3 (1983, 1984, 1985)

4. იოჰან კრუიფი (ნიდერლანდები) - 3 (1971, 1973, 1974)

5. მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები) - 3 (1988, 1989, 1992)

6. ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) - 2 (1972, 1976)

7. რონალდო (ბრაზილია) - 2 (1997, 2002)

8. ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი) - 2 (1957, 1959)

9. კევინ კიგანი (ინგლისი) - 2 (1978, 1979)

10. კარლ-ჰაინც რუმენიგე (გერმანია) - 2 (1980, 1981)

შარშან ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური პრიზი ფეხბურთში ქარიმ ბენზემამ მოიგო

XXI საუკუნის ყველა გამარჯვებული

2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი)
2002 რონალდო (ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2004 ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
2005 რონალდინიო (ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია)
2007 კაკა (ბრაზილია)
2008 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2009 ლიონელ მესი (არგენტინა)
2010 ლიონელ მესი (არგენტინა)
2011 ლიონელ მესი (არგენტინა)
2012 ლიონელ მესი (არგენტინა)
2013 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2014 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2015 ლიონელ მესი (არგენტინა)
2016 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2017 კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
2018 ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
2019 ლიონელ მესი (არგენტინა)
2020 პანდემიის გამო არ ჩატარდა
2021 ლიონელ მესი (არგენტინა)
2022 ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)
2023 ლიონელ მესი (არგენტინა)

კომენტარები

ბოლო ამბები