- იუნაიტედს ძალიან ბევრი სისტემური პრობლემა აქვს
- აკლია ხარისხიანი კადრები, არ აქვს ხასიათი და არ ჰგავს გუნდს
- წელს სიტი სხვანაირია, უფრო სწრაფად და ვერტიკალურად თამაშობს
არის ასეთი ფეხბურთელი - ჯონი ევანსი. ამ საუკუნის დასაწყისში ფერგის მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა, ვიდიჩი-ფერდინანდის დუეტის შემცვლელი იყო ხოლმე. დროგბასთან ჭიდაობდა, ეგეც მახსოვს. რა პერიოდის მოთამაშეზეა საუბარი, დაახლოებით ალბათ გასაგებია. საშუალო ტალანტის და გაქანების ბიჭი იყო. ასეთებს ფერგი დიდ ფეხბურთს ათამაშებდა - ეგ, უეს ბრაუნი, დარენ ფლეტჩერი ერთად იყვნენ იუნაიტედში. ფერგის გუნდების გარდა, ეგ ხალხი სხვაგან ვერაფერს თამაშობდა. ფერგის ნიჭი და ღირსებაც ეგ იყო, რომ ამ კატეგორიისგანაც საჩემპიონო გუნდის გაკეთება შეეძლო.
ჯონი ევანსი ნამდვილად აღარ მახსოვდა. არათუ ის, რომ თამაშობდა, საერთოდ რომ არსებობდა, ეგეც არ მახსოვდა. ასეთი მოთამაშეები მახსოვრობის ლაბირინთებში იკარგებიან ხოლმე. კვირა საღამოს ტელევიზორი ჩავრთე მანჩესტერული დერბის მოლოდინში და გულის სიღრმეში სულ მცირე იმედი მაინც მქონდა, რომ იუნაიტედი ბრძოლას მაინც შეძლებდა და შემადგენლობაში ძირითად, ცენტრალურ მცველად, ეს ჯონი ევანსი აღმოვაჩინე.
ჯონი ევანსის გვერდით უკვე ავადსახსენებელი ჰარი მაგუაირი იდგა, რომელშიც კოლოსალური ფულია გადახდილი და თავიდანვე ცხადი იყო, რომ მისი ცალკეული ღირსებების მიუხედავად, ის დიდი გუნდის ძირითადის მცველი არ არის. ჩემი პროფესიული თანამშრომლობა "ევროპოპთან" სწორედ ჰარი მაგუაირზე სტატიით დავიწყე, რომელშიც ვცდილობდი ამეხსნა, რატომ არაფერი ესაქმება მას იუნაიტედში. მარჯვნივ დიეგო დალო თამაშობდა, რომელიც მანჩესტერში, ან ზოგადად, ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდში საერთოდ რატომ თამაშობს, არავინ იცის, ხოლო მარცხნივ დაახლოებით იგივე კლასის და გაქანების ვიქტორ ლინდელოფი, რომელიც ამასთან ერთად ნომინალურად ცენტრალური მცველია, თან მემარჯვენე. შევხედე დაცვის ხაზს და მაშინვე გასაგები გახდა, იუნაიტედს რა მოუვიდოდა.
ბოლო წლებში მანჩესტერ იუნაიტედს ტრანსფერებში მილიარდამდე ევრო აქვს დახარჯული და გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთი ცირკით გახვიდე ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ეს ცუდ მენეჯმენტს ნიშნავს - ვერანაირი ტრავმებით ვერ გამართლდება. ევანსი, დალო და ლინდელოფი საერთოდ არ შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედის კალიბრის გუნდში თამაშობდნენ.

სიტის ფონზე იუნაიტედი ქვედა დივიზიონის სამოყვარულო გუნდს ჰგავდა. სიტის მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი, ე.წ. xG, 4-ზე მეტი ჰქონდა, 21-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ და 10-ჯერ მეტოქის კარში. თან ამ დარტყმების 57 პროცენტი მეტოქის საჯარიმოდან შეასრულა. ანუ, ცოტა მეტი სიზუსტე და რეალიზაცია და იუნაიტედი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა. იუნაიტედში საუკეთესო მოთამაშე მისი მეკარე ანდრე ონანა იყო.
მატჩის შემდგომ გრაფიკაზე ნათლად ჩანდა, რომ იუნაიტედს ბურთი ყველაზე ხშირად სწორედ თავისი მეკარის საჯარიმოში ჰქონდა. ონანა საერთოდ თავის გუნდში მეოთხე ადგილზე იყო შესრულებული პასების რაოდენობით. იოლი წარმოსადგენია, რამდენად ცუდი იყო იუნაიტედი, როცა პასების რაოდენობით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდში მეკარეა.
ანგარიშზე უფრო საწყენი მატჩის მსვლელობა და დინამიკაა. მახსოვს, როგორ წააგო რეალმა ძალიან მაგარ ბარსასთან 0:5 და 2:6, მაგრამ ვისაც ის თამაშები ახსოვს, დამეთანხმება, რომ რეალი მაშინ გუნდს მაინც ჰგავდა, უბრალოდ, ბარსა იყო ძალიან მაგარი. იუნაიტედი გუნდს საერთოდ არ ჰგავდა - ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სიტის ნებისმიერ შეტევაში შეეძლო გაეტანა. იუნაიტედი ბურთს საშუალოდ ყოველი მეოთხე პასის შემდეგ კარგავდა, მაშინ, როცა სიტის საშუალო ბურთის გათამაშება ორჯერ უფრო ხანგრძლივი იყო და საშუალოდ 7 პასს ითვლიდა.
შედეგად, გამოვიდა ის, რომ შესრულებული გადაცემების რაოდენობით ტენ ჰაგის გუნდში საუკეთესო ზემოთხსენებული ჯონი ევანსი იყო (63 გადაცემა), რომელიც აქამდე არასოდეს შეგვიმჩნევია ბურთის დიდოსტატურ ფლობასა და გათამაშებაში.
საქმე არც დაცვის ხაზს მიღმა იყო უკეთესად. ნახევარდაცვაში, ისევე როგორც მთელ გუნდში, ვინ სად დარბოდა, ვერ გაიგებდი. შედარებისთვის - როდრის 90 გადაცემა ჰქონდა, მის ვიზავის კრისტიან ერიკსენს კი მხოლოდ 45 და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო იუნაიტედის ნახევარდაცვაში.
უცნაურია, რატომ გადაიხადა იუნაიტედმა მეისონ მაუნტში კოლოსალური თანხა, თუკი მას არ ათამაშებენ და მისი ფუნქცია გუნდში გარკვეული არ არის.
ზოგადად, იუნაიტედი ავად არის, როგორც კლუბი, როგორც ორგანიზაცია. დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული მენეჯმენტით, სპორტული დირექტორით, გუნდის მართვით, სკაუტინგით, ყველაფერი გამოსაცვლელია. ფაქტია, გუნდი ფულს ხარჯავს, მაგრამ მაინც დაუკომპლექტებელია. 100-მილიონიანი მოთამაშე ჯეიდონ სანჩო რომ არცთუ სანიმუშო ხასიათის და დისციპლინის არის, ამის გარკვევა წინასწარაც შეიძლებოდა. მაგალითად, ლივერპულში უკვე აღნიშნეს, რომ სანჩოს ხასიათი და ამისგან გამომდინარე შესაძლო რისკები გაცნობიერებული ჰქონდათ და ამიტომ, იუნაიტედთან აუქციონში არ შევიდნენ. თავის დროზე ფერგის სკაუტინგი პირველ რიგში სწორედ მოთამაშის ხასიათის და ადამიანური თვისებების შესწავლით იწყებოდა. ფერგი იმითაც ამაყობდა, რომ ადამიანებში თითქმის არასდროს ტყუვდებოდა.
ფერგის მეორე და ყველაზე მთავარი უნარი ადამიანების მართვა, მათი მენეჯმენტი იყო. კრიშტიანო მის ხელში იქცა სუპერვარკვლავად და ის სხვა გარემოში სხვა ათლეტი, პროფესიონალი და მოთამაშე შეიძლება ყოფილიყო. ფერგის მთელი აღზრდის სისტემა ჰქონდა, რომელიც ახალგაზრდა ჯონი ევანსებისგან კარგ ფეხბურთელებს აკეთებდა. არც ის მგონია შემთხვევითი, მთელი ეს ენტონი-მეისონ გრინვუდები რომ მაინც და მაინც მანჩესტერში იქცნენ მოძალადეებად. რადგან ეს ტენდენციაა და არა ერთეული შემთხვევები, უკვე შეიძლება აღზრდის, მოთამაშეების კონტროლის, მათი მონიტორინგის, სწორი სამუშაო გარემოს და ორგანიზაციული კულტურის ნაკლებობაზე საუბარი. ცუდ გარემოსა და არასწორ კულტურაში ადამიანებს უფრო ეიოლებათ სისულელეების კეთება.
რა უნდა თქვა იმ გუნდის მენეჯმენტზე, რომელმაც ჯერ უფასოდ გაუშვა პოლ პოგბა, შემდეგ 108 მილიონად იყიდა და ამის შემდეგ ისევ უფასოდ გაუშვა. ეს მაშინ, როცა ფრანგის ტალანტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გამოიყენა. პირიქით, პოგბა იუნაიტედში რეგრესირდა კიდეც.
აქედან მივდივართ კიდევ ერთ პრობლემამდე. იუვენტუსის და იუნაიტედის პოგბა ორი სხვადასხვა მოთამაშე იყო. იუნაიტედის პოგბას სირბილი და ბრძოლა ეზარებოდა. ძალიან კარგი და პერსპექტიული მოთამაშიდან, ის იუნაიტედში იქცა იმ ზარმაც, უპასუხისმგებლო ადამიანად, რომელიც ცუდი ფიზიკური ფორმის გამო მუდმივად ტრავმირებული იყო, მოედანზე უფრო დააბიჯებდა, ვიდრე დარბოდა და პროფესიონალი სპორტსმენიდან სოციალური მედიის ვარსკვლავი გახდა. ფერგის დროს ეს არ მოხდებოდა. ეს ფერგის გუნდში კი არა, ნებისმიერ გამართულ ორგანიზაციაში არ მოხდებოდა.
იუნაიტედს მარტო ხარისხი, სტრუქტურა, ორგანიზაცია და გუნდურობა კი არ აკლია, არამედ ხასიათიც. ამის აღიარება ძალიან უცნაურია, რადგან ათწლეულების მანძილზე მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ ხასიათით იყო გამორჩეული. ეს ამ კლუბის კულტურასა და საფეხბურთო დნმ-ის დონეზე იყო დალექილი. პრემიერლიგაში მეტოქე გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები ხშირად აღნიშნავენ, რომ იუნაიტედის მოთამაშეები ბურთის დაკარგვის მერე ვიზავის უკან არ მიჰყვებიან და ზედმეტად იოლად წყვეტენ ბრძოლას. მაგალითად, ამით ძალიან ხშირად სცოდავს მარკუს რაშფორდი, რომელიც ნომინალურად მარცხენა შემტევია და დაცვის დროს ფლანგს უნდა კეტავდეს. რაშფორდი ამას თითქმის არასოდეს აკეთებს და ბურთის დაკარგვის შემდეგ დააბიჯებს და ელოდება, მისი გუნდი შეტევას როდის და როგორ მოიგერიებს.
იუნაიტედმა ბოლო 5 დერბიში მესამეჯერ წააგო დიდი ანგარიშით. შარშან 6:1-საც აგებდა, სანამ ბოლო წუთებში ორი არ შეაგდო და საბოლოოდ ერთი შეხედვით ნაკლებად სამარცხვინო 6:3 არ დააფიქსირა. შარშან იუნაიტედმა "ენფილდზე" 0:7 წააგო, იმის წინა სეზონში კი შინ ლივერპულთან 0:5 დათმო. არადა, დერბი ისეთი თამაშია, რომ კლასში ნაკლებობის მიუხედავად, მისი ბრძოლაში და ხასიათზე მოგება შეიძლება. ამიტომაც არის საინტერესო და განსაკუთრებულად დაძაბული. ზემოთ ბარსა ვახსენე და გვარდიოლას ის ლეგენდარული გუნდი შინ ესპანიოლთან დამარცხებული მახსოვს. იგივე რეალი ხშირად ბარსაზე სუსტი იყო, მაგრამ ცალკეულ შეხვედრებში არაფერს უთმობდა და უგებდა კიდეც. სერია B-დან ახლად დაბრუნებული იუვე ბევრად ძლიერ ინტერს ურთიერთშეხვედრებში ხშირად უგებდა. მოურინიოს "ტრებლის" მომგები გუნდი დაამარცხა ჩირო ფერარას იუვემ მაშინ, როცა ეს გუნდი იმდენად ცუდი იყო, რომ ამის მერე ორიოდე კვირაში თავად ფერარა გააგდეს. იმის თქმა მსურს, რომ ხასიათი რომ ჰქონდეს და ბრძოლა უნდოდეს, სიტის მთელი სიმძლავრის მიუხედავად, იუნაიტედი ასე იოლად, ასეთი ანგარიშით მაინც არ წააგებდა. დერბია - თუ მარცხდები, ბრძოლაში უნდა დამარცხდე.

იმედი მაქვს, იუნაიტედი ამ კატასტროფულ მდგომარეობას ისევ მწვრთნელის შეცვლით არ უპასუხებს. ტენ ჰაგს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ როცა გუნდი 10 წელია კრიზისშია, არ შეიძლება ეს ყოველთვის და მხოლოდ მწვრთნელის ბრალი იყოს. ამით გუნდი ეჩვევა, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია ხელები ჩამოუშვას და მერე ეს მწვრთნელს დაბრალდება. მას შეცვლიან და ყველაფერი მისი პასუხისმგებლობა იქნება. ნიდერლანდელი ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს უცნაურია ის, რაც ხდება, რადგან წინა წელს იუნაიტედი ტენ ჰაგის ხელში თითქოს გუნდს დაემსგავსა და ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდა. მეორე სეზონში ამ თითქოს დალაგებული და ცოტა მოწესრიგებული გუნდის ასე არევას არავინ ელოდა.
მანჩესტერი ახლა იმ დონეზეა, რომ საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენთან აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში სრულიად თანაბარი ბრძოლა გამართა. იქამდე შინ გალათარაისთან დათმო, ასევე დამსახურებულად და სამი ანეკდოტური გოლი გაუშვა - ჯერ დიეგო დალომ ითამაშა ისე, როგორც სამოყვარულო ლიგის მოთამაშეც არ იკადრებდა, შემდეგ ონანამ გაუგორა მეტოქის ფორვარდს ბურთი და პენალტი აკიდა გუნდს, ერთ-ერთი გოლის ეპიზოდში კი გალას ფორვარდი ერთი-ერთზე თავისი ნახევრიდან თავით შესრულებული გადაცემის შემდეგ გავიდა - იუნაიტედის დაცვაში ათეულობით მეტრი თავისუფალი სივრცეები იყო.
იდეაში, ეს სტატია მატჩის ანალიტიკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ უფრო ბლოგს დაემსგავსა. ეს მანჩესტერი იმდენად ღრმა კრიზისშია, რომ მისი სერიოზული ანალიზი აბსოლუტურად უაზრო საქმეა.
რაც შეეხება სიტის, გვარდიოლას გუნდი არამხოლოდ კოლოსალურად ძლიერია და დიდოსტატურად ამოძრავებდა ბურთს, ცვლიდა შეტევის ტემპს და მიმართულებას და უბრალოდ, სხვა გალაქტიკიდან იყო, სტილურადაც ცოტა სხვანაირად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი შარშანდელი ვერსია.
გვარდიოლამ ამ სეზონში ისევ შეცვალა ცალკეული დეტალები. მაგალითად, დაიმატა იმ ტიპის მოთამაშეები (დოკუ, კოვაჩიჩი, გვარდიოლი), რომელთაც დრიბლინგით ბურთის წაღება ეხერხებათ. ამ სიტის, ტოტალური უპირატესობის მიუხედავად, ბურთის ფლობა 60 პროცენტი ჰქონდა, რაც ამ გუნდისთვის არცთუ დიდი მაჩვენებელია. ეს გუნდი უფრო სწრაფი, დინამიური და ვერტიკალური გახდა. გვარდიოლის და კოვაჩიჩის მთავარი ღირსება ის არის, რომ მეტოქის პრესინგის გაჭრა დრიბლინგით ძალიან კარგად შეუძლიათ.

თუკი აქამდე გვარდიოლა უფრო ნახევარმცველების გუნდს აყენებდა, ანუ იმ ტიპის მოთამაშეების, რომელთაც ბურთის ფლობა და კონტროლი შეუძლიათ, ახლა მას ჰაალანდი, ალვარესი და ფოდენი, ანუ სამი ნომინალური ფორვარდი ძალიან ხშირად ჰყავს ერთად. იქვეა ჯეკ გრილიშიც. არადა, ისეთი გვარდიოლაც გვახსოვს, რომელსაც ცრუ ცხრიანის ფონზე სულ ნომინალური ნახევარმცველები ჰყავდა. მაშინდელ პეპს ისიც აქვს ნათქვამი, რომ შემეძლოს 11 ნახევარმცველს გამოვიყვანდიო. ახლა პირიქით არის. პეპის გუნდში ერთდროულად 3-4 შემტევი სტაბილურად თამაშობს, თანაც ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მეტოქის კარზე ორიენტირებულები უფრო არიან, ვიდრე ბურთის შენარჩუნებასა და ხანგრძლივ გათამაშებაზე. შედეგად, სიტი უფრო სახიფათოა მეტოქის კარის სიახლოვეს.
გვარდიოლას ძალა და სიდიადე ამაშიც ვლინდება - არასოდეს ღალატობს თავის სტილს და პრინციპებს სტრატეგიულ, გლობალურ დონეზე, თუმცა შიგნით, ტაქტიკურად, მუდამ ცვალებადი და განახლებადია, მუდამ გაუმჯობესების გზებს ეძებს. იუნაიტედთან სიტის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვნახეთ.
კომენტარები