Thumbnail
  • ევროლიგამ თვის უძვირფასეს მოთამაშემ ქართველი კალათბურთელი დაასახელა
  • ვირტუსის ფორვარდმა ეს აღიარება კლუბში პირველად, კარიერაში კი მეორედ მოიპოვა 

ვირტუს ბოლონიას ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დასახელდა, რაც დიდი აღიარებაა როგორც 32 წლის ქართველი კალათბურთელისთვის, ისე მისი კლუბისთვის.

ევროლიგის 2023/24 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 5 ტურია გასული, ბოლონიელებისთვის კი ოქტომბერი ძალიან წარმატებული იყო. ვირტუსმა 5-იდან 4 თამაში მოიგო, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და ლიგაში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მადრიდის რეალს აქვს (5-იდან 5 მოგება). 

სასტარტო ხუთ თამაშში თორნიკე შენგელია საშუალოდ 18,4 ქულას აგროვებდა, რაც ევროლიგაში მესამე შედეგია. ეფექტიანობის მაჩვენებლით კი, რომელიც 23,6 ბალს შეადგენს, ქართველი ფორვარდი ლიგაში მეორე ადგილს იკავებს. ამას გარდა, შენგელიას საშუალო მაჩვენებელი 4,8 მოხსნა და 4,0 პასი იყო. ის ორქულიანებს 75,0%-იანი, სამქულიანებს - 52,9%, ხოლო საჯარიმოებს -  85,0%-იანი სიზუსტით ისროდა.

ალბა ბერლინთან მატჩში თორნიკემ 26 ქულა ჩააგდო და ევროლიგის მე-3 ტურის MVP გახდა

"ევროლიგის პირველი თვე დაძაბული გამოვიდა, მოულოდნელობა კი ვირტუს ბოლონიას წარმატებული გამოსვლა იყო, რომლის ლიდერი-ვეტერანი თორნიკე შენგელია ოქტომბრის MVP გახდა.

მისი ძალისხმევის წყალობით, ვირტუსის გულშემატკივრები არა მხოლოდ თავიანთ კლუბს ხედავენ სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის, არამედ შეეძლებათ მომავალ თამაშში სერენადა უმღერონ კლუბის ისტორიაში ლიგის პირველ "თვის უძვირფასეს მოთამაშე" თორნიკე შენგელიას", - წერს ევროლიგის ოფიციალური გვერდი.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ევროლიგაში მე-11 სეზონს ატარებს და ამ პრესტიჟულ ტურნირში ჯამში 227 თამაშს ითვლის. აღსანიშნავია, რომ მანამდე თორნიკე ევროლიგის თვის უძვირფასეს მოთამაშედ 2018 წლის მარტში დასახელდა, როდესაც ბასკონიას ღირსებას იცავდა. 

ვირტუს ბოლონია ევროლიგის მე-6 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე 3 ნოემბერს, თურქულ ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები