- ბელინგემს ყველაფერი აქვს - ათლეტიზმი, დაცვა, პასში თამაში
- მთავარი მისი გახსნის და საჯარიმოში მომენტის პოვნის უნარია
- ბელინგემი ვერტიკალურად მოძრაობს და იხსნება
ზუსტად მახსოვს ჩემს თავში როდის გადავწყვიტე, რომ ლეო მესი ძალიან დიდი იქნებოდა. მემგონი, 2007 წელი იყო, რეალი-ბარსა. უკვე ის დროა, როდესაც რონალდინიოს ჯადოქრობები უფრო და უფრო ფერმკრთალი და იშვიათი ხდება და მესიც ჯერ კიდევ ამომავალ ვარსკვლავებში გადის. ეს ბარსა მთელი თამაში 10 კაცით იყო, თითქოს უეჭველი უნდა წაეგოთ, თუმცა მესიმ სამი შეაგდო და ერთ-ერთი საუკეთესო "კლასიკო", რომელიც მინახავს, 3:3 დასრულდა. მესის უნარები და ნიჭი კითხვას არც იქამდე იწვევდა, მაგრამ მის "ჰეთ-თრიქში" სხვა ამბავი იყო გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. რთულ სიტუაციაში, გადამწყვეტ მომენტში თამაშის თავის თავზე აღების უნარი. არ არსებობს "კლასიკოზე" დიდი არენა, ამაზე დიდი სცენა და დაძაბულობა. იქ დიდი თამაშიც განსაკუთრებული განაცხადია.
ის თამაში, ახლა, ამ შაბათს გამახსენდა, ისევ "კლასიკო" იყო და ისევ ძალიან ხმამაღალი განაცხადი - ამჯერად, ჯუდ ბელინგემის. ბელინგემის კლასი, ნიჭი და შესაძლებლობები აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ამ "კლასიკოში" ისევ ის განსაკუთრებული უნარი დავინახეთ - გადამწყვეტ, ყველაზე საჭირო მომენტში თამაშის თავის თავზე აღება. ბელინგემმა სწორედ მაშინ შეაგდო თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოჩეულად ლამაზი გოლი, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო იყო - "კლასიკოში", გასვლაზე, მაშინ, როცა რეალს შეტევაში აშკარად უჭირდა და გოლი ძალიან სჭირდებოდა. კარგ და დიდ ფეხბურთელებს შორის სხვაობა სწორედ ეს არის - კარგ მოთამაშეებს შეუძლიათ ასეთი გოლი რიგით შეხვედრაში გაიტანონ, დიდი ფეხბურთელები ამას ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო სიტუაციებში აკეთებენ. ზიდანის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი თუ გახსოვთ, როდის გავიდა?! ფინალში ლევერკუზენთან. ეგ უნარია. თავის თავზე მაღლა ახტომის, ყველაზე კრიტიკულ მომენტში შენს თავში ზებუნებრივის, გენიალურის პოვნის.
იდეაში, ჯუდ ბელინგემზე თხრობა ბოლოდან დავიწყე. რადგან კითხვაზე, თუ რა შეუძლია რეალის ახალგაზრდა ინგლისელს მოედანზე, სწორი პასუხია - ყველაფერი! ეს კრიტიკულ მომენტებში ზემოთ ასვლის, განსაკუთრებულობის უნარი ამ ყველაფერს გენიალურად აქცევს, თორემ მის გარეშეც ბელინგემი, ალბათ, სრულყოფილი მოთამაშეა.

ნაპოლისთან რეალის პირველი გოლი თუ გახსოვთ, რითი დაიწყო!? რეალის პრესინგის დროს ჯოვანი დი ლორენცომ აღმოაჩინა, რომ ბელინგემს იმაზე გრძელი ფეხი აქვს, ვიდრე მას წარმოედგინა. ინგლისელმა, რომელიც ძალიან მაგარი ათლეტია, პრესინგის დროს დი ლორენცოს პასი ჩაჭრა და ერთი პასით თანაგუნდელი ერთი ერთზე დატოვა, რასაც გოლი მოჰყვა. პრესინგში, მოძრაობაში, შავი საქმის კეთებაში ბელინგემი ისევე სასარგებლოა, როგორც ბურთით და შეტევის დროს.
ძალიან სასარგებლოა ასევე ბურთის ფლობის და გათამაშების დროს - ჩემპიონთა ლიგის თამაშებში საშუალოდ თამაშში 56 გადაცემა აქვს 87 პროცენტიანი სიზუსტით, ლა ლიგაში კი 46 გადაცემა - 89 პროცენტის სიზუსტით. იმ ფონზე, როდესაც მისი პოზიცია რეალში დანარჩენ სამ ნახევარმცველზე წინ მდებარეობს, ანუ ძირითადად მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს, მისი საყრდენების ზონაში, ყველაზე გადატვირთულ და რთულ სივრცეში თამაშობს, ეს ძალიან დიდი რიცხვია თან ძალიან მაღალი პროცენტით.
მისი პასების დიდი ნაწილი ვერტიკალური გადაცემაა და ზოგადად, კარგი საგოლე პასი აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშში საშუალოდ 2.7-ჯერ გაჰყავს თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციაზე, ლა ლიგაში კი ეს თამაშში 1.5-ჯერ ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქის ყველა თამაშში ბელინგემი ახლოს არის საგოლე გადაცემასთან.
ცალკე ამბავია, როგორ გადის ინგლისელი დასარტყმელ პოზიციაზე - ლიგაზე თამაშში 3.3 დარტყმა აქვს და აქედან 2.3 მეტოქის საჯარიმოდან - ძალიან მაგრად პოულობს დარტყმის მომენტს და სიტუაციას. არ არის შემთხვევითი, რომ ამ სეზონში 13 თამაშში 13 გოლი აქვს გატანილი. ეს ტენდენცია გაგრძელდება - ეს არ არის შემთხვევითობა. ხომ არის ხოლმე, რომ მოთამაშეს სეზონის რაღაც მონაკვეთი მისდის, მისი პერიოდია, მაგარ ფორმაშია და გოლები ზედიზედ გააქვს, თუმცა იცი, რომ ეს დროებითი ამბავია. ბელინგემის შემთხვევა ასეთი არ არის - მისი შედეგიანობა ლოგიკურია, მისი მანევრიდან, გახსნის და დარტყმის პოვნის უნარიდან გამომდინარეობს.
ზემოთ რაც ჩამოვთვალეთ - კარგი პრესინგი, ათლეტიზმი, პასში თამაში, საგოლე გადაცემები - ეს კარგი ნახევარმცველის სრულყოფილი პაკეტია. მაგალითად, ამ ყველაფერს სრულყოფილად აკეთებს კევინ დე ბრუინი. ბელინგემის არ იყოს, მასაც ეხერხება შორი და საშუალო დისტანციიდან დარტყმა. მაგრამ, ინგლისელს აქვს ის, რაც არ აქვს დე ბრუინს. ეს არის ფორვარდის ალღო, საჯარიმოში, მეკარის საჯარიმოს სიახლოვეს მომენტის და ბურთის პოვნის უნარი. ჩემთვის ბელინგემის მეორე გოლი უფრო მრავლისმეტყველია ბარსელონასთან, ვიდრე პირველი - სუპერგასროლა შორი დისტანციიდან. მეტიც, ალბათ, მეორე გოლში უფრო მეტი კლასია, რადგან აი ეს ბურთის ჩასაფრების, მომენტის პოვნის ალღო და უნარი ძალიან იშვიათი რამ არის. მხოლოდ ძალიან კარგ ფორვარდებს აქვთ. წელს ასეთი უკვე ბევრი შეაგდო. ეს შემთხვევითი არ არის. ძალიან მაგრად იხსნება მეტოქის საჯარიმოში და მომენტს ფირვარდივით ასრულებს, აი ასე დაარტყა და მაინც და მაინც მისი დარტყმული გაუძვრა მეკარეს ფეხებს შორის. ესეც ფორვარდის თვისებაა.

მთავარი მაინც ალბათ უფრო ის არის, როგორ მოძრაობს უბურთოდ, ხაზებს შორის, ვერტიკალურად. ნახევარდაცვის ხაზიდან ისე შედის ფორვარდის ზონაში, მეტოქის კარის სიახლოვეს, რომ მუდამ შეუმჩნეველი რჩება. ზოგადად, სივრცის ვერტიკალურად პოვნა ფეხბურთში ყველაზე რთული რამ არის. ყველაზე იოლი და უსაფრთხო უკან ან გვერდზე, ანუ ჰორიზონტალურად თამაშია. ამ ზონებში სივრცე ყოველთვის უფრო მეტია. გვარდიოლას საფეხბურთო რევოლუციაში თუ რამე მაღიზიანებს, ეს გაუთავებლად ჰორიზონტალური, ანუ უსაფრთხო და სტაბილური თამაშია. ლოგიკა გასაგებია - პრესინგის და გეგენპრესინგის ეპოქაში, ბურთის დაკარგვა არავის უნდა, ყველა უფრთხილდება. ბელინგემი პირიქით, სულ წინ, ვერტიკალში თამაშობს და მოძრაობს, ამიტომაც არის ასეთი სახიფათო და გამორჩეული. აქედან მოდის გოლები.
ამ რეალის სისტემაც ბელინგემზეა აგებული. ანჩელოტის რეალურად ხარისხიანი ფორვარდი არც ჰყავს - რეალი მბაპეს ელოდება. ‘სამეფო კლუბს’ ჩვეულებრივ ორი, მსუბუქი და მოძრავი შემტევი, ნომინალური ფლანგის მოთამაშეები ჰყავს შეტევაში - როდრიგო და ვინისიუსი. აქედან ორივეს, განსაკუთრებით ვინისიუსს მუდამ სჭირდება სივრცე, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ნაკლებად არის, ამიტომ მისთვის ბუნებრივი ამ სივრცის ფლანგზე პოვნაა. ამ სისტემის ნაკლოვანებებს, თავდამსხმელის ვაკუუმს, სწორედ ბელინგემი ავსებს. როცა ვინი და როდრიგო საჯარიმოს გარეთ გამოდიან, ის შედის მეტოქის საჯარიმოში ნახევარდაცვის ხაზიდან და ასრულებს ფორვარდის ფუნქციას. 186 სანტიმეტრიანი მოთამაშე ძალიან სახიფათოა ჰაერშიც. მისი ეს მანევრი რეალს უფორვარდოდ თამაშის საშუალებას აძლევს. მისი ეს მოძრაობის, გახსნის უნარიც ისეთია, პრაქტიკულად, არ ისწავლება - სისხლში, ალღოთი ან გაქვს, ან - არა.
ამ ბიჭს მართლა ყველაფერი აქვს - სრულყოფილი პაკეტია. კიდევ ერთი რამ მომხვდა თვალში - 20 წლის არის და ძალიან ცივსისხლიანად, თითქმის უემოციოდ, უფრო სწორად ზედმეტი, ხელისშემშლელი ემოციების გარეშე თამაშობს. ესეც იშვიათი უნარია.
ზოგადად, რეალი ერთი კარგი თავდამსხმელის ტრანსფერით (ანუ მბაპეს ვგულისხმობ) არის დაშორებული მორიგი სუპერგუნდის შექმნასთან. ბელინგემი შემდეგი 10 წელი სულ რომ "ოქროს ბურთის" კანდიდატებში იქნება, ისეთი მოთამაშეა. მესის და რონალდოს შემდეგი თაობის სუპერვარსკვლავობის ტვირთი ალბათ უპირველესად მან და მბაპემ უნდა გადაიბარონ. მოკლედ, რეალის და ფლორენტინო პერესის მხოლოდ შეიძლება გვშურდეს - თაობის საუკეთესო ტალანტი ჰყავთ. 13 თამაშში 13 გოლი და დუბლი კლასიკოზე მხოლოდ დასაწყისია.
კომენტარები