Thumbnail
  • ცვლილებები იგეგმება, თუმცა, ქართველი ფორვარდი სასტარტოში ისევ არ იქნება
  • Soccernews.nl წერს, რომ გიორგი მიქაუტაძეს ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს

ამსტერდამის აიაქსის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ახალი მთავარი მწვრთნელის ჯონ ვან ტ’სხიპის ხელშიც პირველ ოფიციალურ მატჩს სათადარიგოთა სკამზე შეხვდება. ამის შესახებ Soccernews.nl წერს.

გამოცემის თანახმად, 59 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი დღეს ვოლენდამთან თამაშისთვის რამდენიმე ცვლილებას გეგმავს და პირველ რიგში არგენტინელი გასტონ ავილას ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში ხორვატ ბორნა სოსას გაამწესებს, ქართველ ფორვარდს კი ნდობის მოსაპოვებლად დრო კიდევ დასჭირდება.

"ვან ტ’სხიპის მიერ ჩატარებული პირველი ვარჯიშიდანვე გამოჩნდა, რომ ის გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნას ცდილობს. მაგალითად, მან ხელი გადახვია აჰმეტჯან კაპლანსა და გიორგი მიქაუტაძეს. შედეგად, ფოტოებზე ეს ფეხბურთელებიც იღიმოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამში საქმე კარგა ნამდვილად არ მისდით. თურქი ლეგიონერი ტრავმებმა გააწამა, ქართველს კი წინა მწვრთნელის მორის სტეინის ხელმძღვანელობით, თამაში, ფაქტობრივად არ უწევდა".

Soccernews.nl-ის აზრით, მიქაუტაძეს შანსი ნამდვილად მიეცემა და ალბათ, დღევანდელ თამაშშიც ვიხილავთ, თუმცა, მხოლოდ შეცვლაზე, რადგანაც სასტარტო თერთმეტეულში ეს ფეხბურთელები მოიაზრებიან: რამაი, გააეი, სუტალო, ჰატო, სოსა, ვან დენ ბუმენი, ტეილორი, ჰლინსონი, ბერგჰუისი, ბრობი, ბერგვინი.

შეგახსენებთ, რომ ერედივიზიონში ჩატარებულ 8 მატჩში აიაქსს მხოლოდ 5 ქულა გააჩნია და მისთვის უჩვეულო ბოლო პოზიციაზე იმყოფება. თუკი ამსტერდამელებმა დღევანდელ მატჩში იმარჯვეს, სწორედ ვოლენდამსა და უტრეხტს გაასწრებენ და მე-16 ადგილზე გადაინაცვლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები