Thumbnail

ვირტუს ბოლონიას ფორვარდი თორნიკე შენგელია ახლახან ევროლიგის თვის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს. 32 წლის ქართველმა კალათბურთელმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მისმა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის სასტარტო ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორისაა (მხოლოდ რეალს ჩამორჩება, რომელმაც ხუთივე მატჩი მოიგო). შენგელია საშუალოდ თამაშში 18,4 ქულას, 4,8 მოხსნას და 4,0 პასს აგროვებდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23,6 ბალს შეადგენდა. 
 
ევროლიგის ოფიციალური საიტის ჟურნალისტი თორნიკეს ბოლონიაში, ვირტუსის საწვრთნელ ბაზაზე ესტუმრა და ინტერვიუ ჩამოართვა. ევროლიგის ოქტომბრის MVP-ად დასახელებულმა კალათბურთელმა ყურადღება, პირველ რიგში, ამ აღიარებაში თანაგუნდელებისა და მწვრთნელების დამსახურებაზე გაამახვილა.

"ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ რომ არა ჩემი გუნდი, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი და ახლა არც აქ ვისხდებოდით. დამსახურება მთლიანად ჩემს გუნდს და მწვრთნელებს მიუძღვით, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და თავდაჯერება შემმატეს. მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდი".

ვირტუს ბოლონიასთვის სეზონის დასაწყისი რთული გამოვიდა. 15 სექტემბერს გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - სერჯო სკარიოლო ლუკა ბანკიმ შეცვალა. გუნდმა ევროლიგაში სასტარტო მატჩი კაუნასის ჟალგირისთან წააგო (79:82). ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა აკილე პოლონარასთვის ოპერაციის საჭიროებამ, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა. შენგელიამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაძლია გუნდმა რთული მომენტი.

"საჭირო იყო მისთვის მოედანზე გასვლა და თამაშების მოგება. დიახ, ჩვენ გუნდი ვართ და ამ ყველაფერს ერთად ვუმკლავდებით. ფიზიკურად და მორალურად კიდევ უფრო ძლიერები ვთამაშობთ".

ალბა ბერლინთან მატჩში თორნიკემ 26 ქულა ჩააგდო და ევროლიგის მე-3 ტურის MVP გახდა

შენგელიამ ვირტუსის ახალი მთავარი მწვრთნელიც დაახასიათა: 

"მან უდიდესი პოზიტივი შემოიტანა. ის გვეხმარება, რომ კვლავაც ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების. პირდაპირ გეტყვით - ის რომ არა, აქ არ ვიჯდებოდი და არც ეს ინტერვიუ იქნებოდა". 

2022 წელს შენგელიამ ISDE-ს სპორტული მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ის ევროლიგის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პროგრამა გაიარა. თორნიკემ სწავლისა და თამაშის შეხამებაზე ილაპარაკა: 

"ეს ბრწყინვალე გამოცდილებაა. ბევრჯერ მიფიქრია სწავლის შეწყვეტაზე, რადგან ყველაფერიე ერთად ძალიან ძნელი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ძალიან გახარებული ვარ იმის გამო, რომ არ მივატოვე".

საქართველოს ნაკრების კაპიტანს სურს, რომ თავის სამშობლოში ხელმძღვანელობდეს გუნდს, რომელიც ევროლიგისა თუ ევროთასზე ითამაშებს.

"დიახ, ეს ჩემი ოცნებაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უწინ ისე იყო, რომ ნიჭიერი მოთამაშე 15, 16, 17 წლის ასაკში თუ არ წავიდოდა საზღვარგარეთ, მისი ტალანტი დაიკარგებოდა. ეს ის არის, რისი შეცვლაც მსურს - მივცე ბავშვებს კარიერის გაგრძელების საშუალება და ვფლობდე გუნდს საქართველოში, რომელიც გაცილებით მაღალ დონეზე, კონკურენტუნარიანი იქნება ევროპულ კალათბურთში".

ბოლოს თოკომ წარმატებული თამაშის მიზეზიც ახსნა: 

"ბედნიერი ვარ იმით, რომ უდიდეს ნდობას ვგრძნობ მწვრთნელებისა და თანაგუნდელების მხრიდან. ყველაზე კარგად, თავისუფლად და თავდაჯერებულად სწორედ მაშინ ვთამაშობ, როდესაც მორალურად საუკეთესო ფორმაში ვიმყოფები".

თორნიკე შენგელია ევროლიგაში მე-11 სეზონს ატარებს და ამ პრესტიჟულ ტურნირში ჯამში 227 თამაშს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ევროლიგის თვის MVP-ად თორნიკე კარიერაში მეორედ აღიარეს, პირველად ეს 2018 წლის მარტში მოხდა, როდესაც ბასკონიას ღირსებას იცავდა.

ვირტუს ბოლონია ევროლიგის მე-6 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე 3 ნოემბერს, თურქულ ანადოლუ ეფესთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები