- 📅 4 ნოემბერი | ⌚ 16:00 | 🏟 ავჭალა | 🏉 შავი ლომი V იბერიანსი | 📺 რაგბი TV
- ქართულ ფრენჩაიზს ამ ეტაპზე ისევ ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს
ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შავი ლომი ახალი სეზონის პირველ მატჩში ესპანურ იბერიანსს გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდება, ახალი მთავარი მწვრთნელის დამტკიცებამდე კი, გუნდს დროებით ისევ ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს.
"მიმდინარეობს ნაკრებისა და შავი ლომის ახალი მწვრთნელის ძიება და გადაწყვეტილების მიღებამდე, პროცესები რომ არ შეჩერდეს, მოვალეობის შემსრულებელი მე ვიქნები", - განუცხადა მან საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს.
უკვე ერთი კვირაა, რაც შავი ლომი შევარდენის ბაზაზე შეიკრიბა და მომავალი თამაშისთვის ემზადება. 2023 წლის მსოფლიო თასზე მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებების გამო, გუნდს იბერიანსთან და ზოგადად სუპერ თასზე, გამოცდილი მორაგბეების დიდი ნაწილი დააკლდება.
ტრავმირებული და საოპერაციოა კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის კვაჭი თენგიზ ზამთარაძე. მომავალ მატჩს ასევე გამოტოვებენ მირიან მოდებაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნოდარ ჭეიშვილი და დემე თაფლაძე. მიუხედავად იმისა, სამწვრთნელო შტაბი არსებულ რესურსს საკმარისად მიიჩნევს:
"ამ ეტაპზე მხოლოდ სუპერ თასზე ვფიქრობთ და ამის შემდეგ გადავერთვებით ჩელენჯ თასზე. სამწუხაროდ, შავი ლომის სანაკრებო მოთამაშეთა ერთ ნაწილს ტრავმები აწუხებს და სუპერ თასს დანაკლისით ვხვდებით. გვყავს ახალბედა მორაგბეები 20-წლამდელთა ნაკრებიდან და დიდი 10-იდან. მათ ნაწილს შავ ლომში დებიუტი შაბათს ექნება" – ამბობს მაისაშვილი.

მწვრთნელის მიერ იბერიანსთან მატჩისთვის დასახელებულ შემადგენლობაში ერთბაშად 7 დებიუტანტია – 4 სასტარტოში და სამიც მარქაფაში. ცენტრში თამაშს იწყებს ინგლისის პრემიერშიფის გლოსთერიდან დაბრუნებული გიორგი კვესელაძე, რომელიც გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. დებიუტანტია ფულბეკი ლუკა ცირეკიძე, რომელმაც 20-წლამდელთა ნაკრებში გამორჩეული თამაშით დაგვამახსოვრა თავი.
ღერძზე თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ, ფრთებზე კი გამოცდილი სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან. დებიუტანტია კვაჭი ბექა მამრიკიშვილიც. ბურჯები დათო აბდუშელიშვილი და ნიკა პატარაია არიან, მეორე ხაზში კი გრიგორ ქერდიყოშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან.
ფლანკერებად თამაშს ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი იწყებენ, ხოლო შერკინების შემკვრელი ილია სპანდერაშვილი იქნება, 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი (2017 წელს), რომელიც ბოლოს რუსეთში თამაშობდა და სამშობლოში დაბრუნდა.
თადარიგში სამი დებიუტანტია – კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე. მარქაფაში ასევე არიან მეორე ბურჯი ნიკა ხატიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი და ხაზის მოთამაშეები: გიორგი მარგალიტაძე, ოთარ ლაშხი და სოსო მათიაშვილი, რომელიც გუნდს ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

📷 | შავი ლომი, ირაკლი ტყემალაძე
შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასი 2023 წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. ტურნირში კვლავაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის ერთი ახალწვეულია: ჩეხური ფრენჩაიზი ბოჰემია რაგბი უორიორსი, სხვა გუნდები კი კვლავაც საქართველოს, ბელგიას, ისრაელს, ნიდერლანდებს, პორტუგალიას, რუმინეთსა და ესპანეთს წარმოადგენენ.
სიახლე ისაა, რომ ამჯერად ჯგუფები არა რეგიონული, არამედ რეიტინგული პრინციპით დაკომპლექტდა. შედეგად, A ჯგუფში შავი ლომი, კასტილია ლეონ იბერიანსი (ესპანეთი), ლუზიტანოსი (პორტუგალია) და თელ ავივ ჰითი (ისრაელი) მოხვდნენ, ხოლო B-ში – რომანიან ვულვსი (პორტუგალია), ბრუსელს დევილსი (ბელგია), დელტა (ნიდერლანდები) და ბოჰემია რაგბი უორიორსი (ჩეხეთი).
შეჯიბრს უცნაური ფორმატი ექნება. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები მხოლოდ სამ მატჩს ჩაატარებენ (შავი ლომს შინ ერთადერთი თამაში უწევს), რომელთა შედეგებითაც ნახევარფინალში A ჯგუფის 3 საუკეთესო და B ჯგუფის გამარჯვებული გავა. ტურნირზე ყველა ადგილი უნდა გათამაშდეს, ამდენად, სხვები დანარჩენი პოზიციებისთვის პლეი ოფში ჩაებმებიან.
"სუპერ თასის ახალი ფორმატით აღფრთოვანებული არ ვარ. მატჩების რაოდენობა 8-იდან 5-მდე შემცირდა. ჩვენ გაგვიმართლა იმ კუთხით, რომ ჩელენჯ თასი გვაქვს, რაც თამაშების რაოდენობას აბალანსებს, მაგრამ მორაგბეთა სრულფასოვანი სათამაშო დროისთვის არც ესაა საკმარისი. რაგბის კავშირი ამ საკითხზე მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა შავ ლომს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აპრილიდან ივლისამდე რაიმე აქტივობა ქონდეს" – ამბობს აღნიშნულთან დაკავშირებით მაისაშვილი.

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)
შავი ლომი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე; 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
სათადარიგოები: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ოთარ ლაშხი, 23. სოსო მათიაშვილი.
კომენტარები