Thumbnail
  • 3-5 ნოემბერს ტურნირს საფრანგეთის ქალაქი მონპელიე უმასპინძლებს
  • ტატამიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 15 წევრი გავა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 3-5 ნოემბერს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის წინ წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირზე ტატამიზე 15 ქართველი ძიუდოისტი (9 კაცი, 6 ქალი) გავა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი მე-2 წრეშია დაშვებული და ალტერნატიული ინდივიდუალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუს რამაზან აბდულაევსა და ავსტრიელ დანიელ ლოიტგებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი ასევე მე-2 წრიდან იასპარეზებს და ისიც ალტერნატიული ინდივიდუალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი მურად ჩოპანოვისა და მოლდოველი რადუ იზვორეანუს პაექრობის დასრულებას დაელოდება.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ, ცუდი კი ისაა, რომ წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს, შესაძლოა, უკვე მეოთხედფინალში გადაეყარნონ. ლაშა შავდათუაშვილი აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევსა და ფინელ ტურპალ ჯუკაევს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, გიორგი ტერაშვილი კი რუმინელი ალექსანდრუ რაიკუსა და კიდევ ერთი რუსის დანილ ლავრენტიევის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.

ტატო გრიგალაშვილი მონპელიეში ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს

81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი ტატამიზე აგრეთვე მე-2 რაუნდიდან გავა, სადაც IJF-ის ლტოლვილთა ნაკრების წევრ სიბგატულა არაბს შეერკინება. ქართველი ძიუდოისტები ფავორიტთა შორის იქნებიან 90 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, სადაც ლუკა მაისურაძეს პირველ მეტოქედ თურქი მიჰაელ ზგანკი ეყოლება, ლაშა ბექაური კი აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება.

100 კგ-ში პირველ ნომრად განთესილი ილია სულამანიძე გერმანელ ლუის მაისა და მოლდოველ იურიე მოკანუს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, ხოლო მძიმე წონაში (+100 კგ.) გურამ თუშიშვილი ბრიტანელი ვესლი გრინიჯისა და გერმანელი ერიკ აბრამოვის შეხვედრის დასრულებას დაელოდება.

ქალთა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ესპანელი ადრიანა როდრიგეს სალვადორსა და რუს კსენია გალიცკაიას შორის გამარჯვებულ შეხვდება, ხოლო ნინო ლოლაძე ბრიტანელ ლელე ნაირნეს გაეჯიბრება.

ეთერ ლიპარტელიანმა შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.) იტალიელი ფლავია ფლავორინის დამარცხებას ეცდება, 70 კგ-ში კი ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ნინო გულბანი ბოსნია-ჰერცეგოვინელ ალეკსანდრა სამარძიჩს დაუპირისპირდება, ხოლო მარიამ ჭანტურიას მეტოქე უნგრელი შაბინა გერჩაკი იქნება. მძიმე წონაში (+78 კგ.) სოფიო სომხიშვილი გერმანელი რენე ლუხტსა და ხორვატი ჰელენა ვუკოვიჩის ორთაბრძოლის დასრულებას დაელოდება.

მოახლოებულ ევროპირველობაზე 46 ქვეყნის წარმომადგენელი 386 ძიუდოისტი (217 კაცი, 169 ქალი) დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 3 ნოემბერს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 4 ნოემბერს – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 5 ნოემბერს – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. სამივე დღეს საკვალიფიკაციო ორთაბრძოლები სტარტს თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს, ფინალური ბლოკი კი Sud de France Arena-ზე 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპირველობას ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, ქართული დელეგაციის მონაგარი კი 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი იყო. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები