Thumbnail
  • ვანო კარკაძემ ახალი სეზონი მონპელიეში საოცრად დაიწყო
  • ქართველმა მორაგბემ TOP 14-ში 2 ლელო გაიტანა. მან მსოფლიო თასზეც გამოიჩინა თავი
  • ვანო კარკაძე საკლუბო სეზონზე, მსოფლიო თასსა და მიზნებზე გვესაუბრა

ტრანსფერი მონპელიეში, ბრწყინვალე სტარტი TOP 14-ში და ლელო მსოფლიო თასზე - ასე მოკლედ შეგვიძლია შევაფასოთ ვანო კარკაძის მიერ დაწყებული 2023-2024 წლების სარაგბო სეზონი.

ქართველმა მორაგბემ, რომელიც საქართველოს რაგბის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ეროვნულ გუნდში თავიდანვე არ გამოიძახა (ის ტურნირის მიმდინარეობისას დაემატა ტრავმირებული მოთამაშის ნაცვლად), მსოფლიოს თასზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. უელსს ლელო გაუტანა და ყველა სათამაშო ეპიზოდში გამორჩეული იყო. ქართველ მორაგბეს საფრანგეთში დავუკავშირდით. ის მონპელიეში დებიუტზე, მსოფლიოს თასზე და სამომავლო მიზნებზე გვესაუბრა.

europop: ვანო, სანამ მონპელიეში ტრანსფერზე გკითხავთ, ბრივში გატარებული პერიოდი გაიხსენე. ამ გუნდში 4 წელი თამაშობდი.

ვანო კარკაძე: ბრივში გატარებულმა ოთხმა სეზონმა ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი როლი შეასრულა. ბრივში თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე. ის ფაქტიც მეხმარებოდა და მახარებდა, რომ იქ ბევრი ქართველი ვიყავით, რაც უფრო დიდ მუხტსა და ძალას მაძლევდა.

ვანო კარკაძე უელსელი მორაგბეების წინააღმდეგ

europop: მონპელიეში როგორ აღმოჩნდი, ტრანსფერის დეტალებზე რომ გვესაუბრო

ვანო კარკაძე: ჩემს აგენტს დაუკავშირდა მონპელიეს მწვრთნელი, რის შემდეგაც ჩემი აქ წამოსვლა გადაწყდა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ ბრივის PRO D2-ში გავარდნის შემდეგ, შესაძლებლობა მომეცა, რომ TOP 14-ის უძლიერეს კლუბში წავსულიყავი.

europop: მონპელიე საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. როგორ შეეწყვე ახალ კლუბს?

ვანო კარკაძე: რაც შეეხება მონპელიეს, აქ თამაში ჩემი ოცნება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი რამ მინდა გავიხსენო: მამაჩემის ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ მონპელიეში მეთამაშა. დღეს აქ ვარ და ყველა თამაშში მაქსიმალურად ვიხარჯები, მაგრამ გული ძალიან მწყდება.

მამა 10 თვის წინ გარდაიცვალა და ჩემს წარმატებას ვერ მოესწრო. ყველა ჩემს კარგ თამაშს თუ ლელოს მამაჩემს ვუძღვნი. მამაჩემის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს რაგბის ვთამაშობ, ის ჩემი პირველი გულშემატკივარი იყო და ყოველთვის გვერდით მედგა.

 

europop: Top 14-ის 4 მატჩში 2 ლელო გაიტანე. მწვრთნელი თუ გესაუბრა და კლუბში როგორ შეაფასეს შენი ასეთი სტარტი

ვანო კარკაძე: მოგეხსენებათ, TOP 14 ძალიან რთული ჩემპიონატია. 4 თამაშში 2 ლელო გავიტანე, ეს ფაქტი მახარებს, მაგრამ მთელი სეზონი წინ არის. შევეცდები, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო.

მწვრთნელს ხშირად ვესაუბრები. კარგსაც და ცუდსაც მეუბნება. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ყველა მატჩზე მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა ყველა კმაყოფილი იყოს.

 

europop: ნაკრების თავდაპირველ სიაში ვერ მოხვდი, არადა სეზონი მაგრად დაიწყე. გული ხომ არ დაგწყდა ამის გამო?

ვანო კარკაძე: რაც შეეხება ნაკრებს, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი მეთამაშა მსოფლიოს თასზე - ეს ყველა მორაგბის ოცნებაა. რასაკვირველია, გული დამწყდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. ვიცი, რომ თავდაუზოგავი შრომითა და მიზანდასახულობით ყველაფერს მივაღწევ. უელსთან ლელომ ძალიან გამახარა. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს თასზე თავი გამოვიჩინე.

 

europop: რა არის მონპელიესა და ვანო კარკაძის მიზანი ამ სეზონში?

ვანო კარკაძე: მონპელიეს მიზანი ჩემპიონობაა, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. TOP 14 ძალიან რთული ჩემპიონატია. ვანო კარკაძე კი ეცდება, რომ ისევ მაქსიმუმი გაიღოს ნაკრებისთვისა და კლუბისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები