Thumbnail

'TOP 14-ს გუნდებისგან დაინტერესებას ველი' - ინტერვიუ ბექა შვანგირაძესთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბექა შვანგირაძე PRO D2-ში უკვე 2 სეზონია, სტაბილურად თამაშობს
  • ქართველმა მორაგბემ ახალ სეზონში სამი ლელო გაიტანა
  • შვანგირაძე ორიაკში მიმდინარე სეზონზე და სანაკრებო ამბებზე გვესაუბრა

21 წლის ბექა შვანგირაძემ PRO D2-ის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან ამ სეზონში უკვე 3 ლელოს გატანა მოასწრო და დაცვაშიც ბრწყინვალედ ითამაშა. შვანგირაძე ფრანგული ორიაკის ღირსებას იცავს, რომელშიც ბევრი ქართველი მორაგბე თამაშობს.

ბექას საფრანგეთში დავუკავშირდით და საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ ორიაკის ქართველ ლეგიონერს ნევერთან უხეში ბოჭვა არ აპატიეს და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, რის გამოც ბექას იძულებითი დასვენება მოუწევს. შვანგირაძის სახით კი ორიაკს დიდი ძალა დააკლდება.

europop: მოყევი შენს კარიერაზე. როდის დაიწყე რაგბის თამაში და როგორ აღმოჩნდი საფრანგეთში?

ბექა შვანგირაძე: რაგბის თამაში ბავშვობიდან დავიწყე. სარაგბო ოჯახიდან ვარ. მამა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებებში თამაშობდა. 4 წლიდან რაგბის ვთამაშობ. 14 წლის რომ გავხდი, აიას ასაკობრივ გუნდში დავიწყე თამაში. მალევე დიდ გუნდში დამაწინაურეს და 18 წლის უკვე საფრანგეთში წავედი.

europop: ორიაკში ბევრი ქართველი თამაშობს და ადაპტაცია არ გაგიჭირდებოდა. შენი აზრით, რატომ იმატებს ამდენ ქართველ მორაგბეს ეს გუნდი?

ბექა შვანგირაძე: ორიაკში ბევრი ქართველი ვართ, დიდ გუნდშიც და დუბლებშიც. ადაპტაცია მართლა არ გამჭირვებია. ჩემი აზრით, ორიაკში ქართველებს ენდობიან, იცნობენ ჩვენს ხასიათს. იციან, რომ შრომა გვიყვარს და ამიტომაც ვხვდებით გუნდში ბევრ ქართველ მორაგბეს.

europop: წლევანდელ სეზონში სამი ლელო გაიტანე და გუნდმა ის სამივე მატჩი მოიგო? რა იქნება ორიაკის მაქსიმუმი ამ სეზონში?

ბექა შვანგირაძე: ამ სამი ლელოთი ბედნიერი ვარ, მაგრამ ვეცდები, რომ ამ სეზონში კიდევ მეტი ლელო გავიტანო. გუნდური დავალება კი ისაა, რომ უფრო მაღალ საფეხურზე დავასრულოთ სეზონი, ვიდრე ეს შარშან გავაკეთეთ.

europop: უკვე მეორე სეზონია სტაბილურად თამაშობ, სხვა გუნდებისგან შემოთავაზება არ გქონდა?

ბექა შვანგირაძე: მიუხედავად ტრავმებისა, შარშან კარგი სეზონი გამომივიდა. წელს წითელი ბარათი მივიღე და 5 მატჩი გამიცდება, მაგრამ ვეცდები, რომ სეზონი ისევ წარმატებით გავაგრძელო. კონკრეტული შემოთავაზება არავისგან მიმიღია, თუმცა ვიცი, რომ რამდენიმე გუნდის ინტერესი არსებობს.

europop: მოლოდინი გქონდა, რომ მსოფლიო თასზე ნაკრებში გამოგიძახებდნენ? ნაკრების ასპარეზობას როგორ შეაფასებ?

ბექა შვანგირაძე: მიუხედავად იმისა, რომ ტრავმიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი. აღდგენის პროცესმა კარგად ჩაიარა და მზად ვიყავი. დუბლებშიც ვითამაშე და ძირითად გუნდშიც. სიმართლე გითხრათ, ველოდი გამოძახებას, თუმცა ამას მე არ ვწყვეტ, ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება იყო. მე უბრალოდ ვეცდები, რომ მუდმივად მზად ვიყო ნაკრებში სათამაშოდ.

რაც შეეხება ნაკრების ასპარეზობას, ფიჯისთან მოგება შეგვეძლო. პორტუგალიასთან ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ, ხოლო ავსტრალიასთან ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, ჩვენი ძალების მაქსიმუმი ვერ გამოვიყენეთ.

europop: სეზონის დარჩენილ ნაწილში რა არის შენი მიზანი?

ბექა შვანგირაძე: დარჩენილ მატჩებში მსურს, რომ ისევ მაღალ დონეზე ვითამაშო, რათა TOP 14-ს გუნდები დავაინტერესო. მინდა ეს ამ სეზონშივე მოხდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები