Thumbnail

ამსტერდამის აიაქსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა ვოლენდამთან მოგებულ მატჩში გიორგი მიქაუტაძე არ ათამაშა, თუმცა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მის შესახებ ისაუბრა.

59 წლის სპეციალისტმა, რომელმაც ნიდერლანდური გრანდი ახლახან ჩაიბარა, გუნდი პირველად ერედივიზიეს მე-3 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში გაიყვანა. აიაქსმა ვოლენდამს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ყველა ტურნირში 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელს, რომელმაც აიაქსის მაისურით მხოლოდ 4 მატჩში ითამაშა (ძირითადში ერთხელ), ფაქტია, ახალ მწვრთნელს ის მოსწონს, თუმცა მისგან გარკვეული სათამაშო ნიუანსების დახვეწას მოელის.

"მიქაუტაძე ბურთის კარგად ფლობს და ამასთან, ბრწყინვალე ფინიშერია. ჩვენ ეს ვარჯიშებზე ვნახეთ. თუმცა, მას ჯერ კიდევ სჭირდება შეჩვევა თამაშის იმ სტილთან, რომელსაც აიაქსში ვნერგავთ. რას გააკეთებს, როდესაც ბურთს დაკარგავს? როგორ იმოქმედებს ართმევაზე? ამ დეტალებში გარკვევისთვის მას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, თუმცა აშკარაა, რომ მას ფეხბურთის თამაში შეუძლია და ეჭვგარეშეა, რომ მას გამოვიყენებთ", - აქვეყნებს ჯონ ვან ტ’სხიპის სიტყვებს ნიდერლანდური მედია.

ამსტერდამის აიაქსს ნიდერლანდების ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს. გუნდი ჩემპიონატში მომდევნო თამაშს 5 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ჰერენვენთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები