- 18-წლამდელთა ნაკრებში 6 ლეგიონერია, მათ შორის, 5 - საფრანგეთიდან
- ტურნირი სტარტს 11 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში აიღებს
უმცროსი ბორჯღალოსნების (U18) სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 11-იდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ჩემპიონის ზედიზედ მეხუთე ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.
საქართველომ 18-წლამდელთა ასაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 2018 წელს საფრანგეთის ძლევით მოიპოვა (8:3), 2019 წელს ესპანეთი 20:10 დაამარცხა, 2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა, შარშანწინ და შარშან კი ფინალში პორტუგალიას ჯერ – 27:0 და მერე კი 34:10 მოუგო.
წლევანდელ 26-კაციან შემადგენლობაში 14 მორკინალი და 12 ხაზის მოთამაშეა. ჩეხეთში წამსვლელ მოთამაშეთა შორის 6 ლეგიონერია, რომელთაგან 5 – საფრანგეთში, ერთი კი ინგლისში თამაშობს. დანარჩენი 20 მოთამაშე 7 სხვადასხვა ქართულ კლუბს წარმოადგენს.
"ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. საფრანგეთიდან კიდევ სამი ლეგიონერი დაგვემატა. სამწუხაროდ, მათ ჩვენთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლიათ, თუმცა დერეფნებსა თუ სხვა დეტალებზე სრული ინფორმაცია აქვთ და ინდივიდუალურად ემზადებიან. ჩეხეთში პირველ მატჩამდე სამი დღით ადრე ჩავდივართ და ვეცდებით, ამ პერიოდში შეთამაშების პრობლემა აღმოვფხვრათ. სასიამოვნოა, რომ გეოგრაფია გაიზარდა და ამჯერად 18-წლამდელთა ნაკრებში რეგიონებიდან უფრო მეტი მოთამაშეა წარმოდგენილი" – განუცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდს.
უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ მატჩს 11 ნოემბერს გამართავენ. ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში მეტოქე ტურნირის დებიუტანტი შვეიცარია იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის უმჯობესს შეხვდება.
"შვეიცარიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით და უფრო მომდევნო მეტოქეებზე ვართ ფოკუსირებული. ბელგიას და ნიდერლანდებს განაცხადში მრავლად ჰყავთ ლეგიონერები საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, ფინალამდე ორ-ორი მატჩი გვიწევს და მათ ადგილზე დავაკვირდებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კარგად დაბალანსებული, მოძრავი გუნდია და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები იქნებიან" – აღნიშნავს ამონაშვილი.
18-წლამდელები დასკვნით შეკრებას ხვალ ასრულებენ, რის შემდეგაც ერთად უგულშემატკივრებენ შავ ლომს ესპანურ იბერიანსთან რაგბი ევროპის სუპერთასის მატჩში, ჩეხეთში კი 7 ნოემბერს, გამთენიისას გაემგზავრებიან. შემადგენლობაში 9 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან მოიპოვეს, 6 მორაგბე კი ერთი წლით უმცროსია და ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაისადაც ეკუთვნით.
U18 საქართველო 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე
შერკინება: გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), მიხეილ ხახუბია, შოთა ხელაძე, ნიკა აბესაძე, ანდრო დვალი, მიხეილ შიოშვილი (ყველა – ლელო), კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), ნიკოლოზ ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), მათე ღურწკაია (ყოჩები), გიორგი მესხიძე (ხვამლი), თემო წულუკიძე (იუნკერები), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი).
ხაზი: გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), გიორგი ჯაში (არმია), გიორგი სპანდერაშვილი, გიორგი ხაინდრავა, ნუგი ქევხიშვილი, გიორგი ბოლქვაძე, ნიკოლოზ ხალვაში (ყველა – ლელო), ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), დავით ბარბაქაძე, ლუკა კეშელავა, სანდრო სესიაშვილი (ყველა – არმია), ბუბა ნოზაძე (ბათუმი).
კომენტარები