Thumbnail
  • ვირტუსი 93:81 ეფესი
  • ქართველმა კალათბურთელმა 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი მოაგროვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა უდიდესი წვლილი შეიტანა და მატჩის უძვირფასეს მოთამაშედაც აღიარეს.

იტალიურმა კლუბმა შინაურ კედლებში თურქული ანადოლუ ეფესი მიიღო და მართალია, პირველ ტაიმში 9 ქულის სხვაობით აგებდა, საბოლოოდ, 93:81 იმარჯვა.

შენგელია, რომელსაც მატჩის წინ ოქტომბრის MVP-ს ტიტულის მფლობელისთვის კუთვნილი ჯილდო გადასცეს, ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31:11 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 9-დან 5 ორქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 12-ჯერ (!) დაირღვა. აქედანაც სჩანს, რომ სტუმრებს შენგელიას შეჩერება ძალიან უჭირდათ. შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ეს შედეგი ვერავინ გადაფარა.

"კარგი სერია გვაქვს და მითუმეტეს, შინაურ კედლებში მის გაგრძელებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირად სტატისტიკაზე ყურადღების გამახვილება არ მსურს. მატჩს მარტო ვერ მოიგებ, ამისთვის საჭიროა მთელმა გუნდმა კარგად ითამაშოს და ამჯერადაც სწორედ ასე იყო", - განაცხადა შენგელიამ შეხვედრის შემდეგ.

ბოლონიას რიგებში კარგად ითამაშეს მარკო ბელინელიმ (17), ბრაიანტ დანსტონმა (14), ჯეილენ სმიტმა (12) და ჯორდან მიკიმაც (10), ანადოლუ ეფესის მხრიდან კი როდრიგ ბობუას (17), შეინ ლარკინის (16), ანტე ჟიჟიჩისა (15) და ვილ კლაიბერნის (10) გამორჩევა შეიძლება.

ვირტუსს 5 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბარსელონასთან, ფენერბაჰჩესთანა და ვალენსიასთან ერთად, მეორე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს, ლიდერი კი მადრიდის რეალია, რომელსაც ასევე 5 გამარჯვება აქვს, თუმცა, მარაგში თამაში გააჩნია. მომდევნო ტურში, 9 ნოემბერს, ყველაზე საინტერესო სწორედ რეალისა და ბოლონიას დაპირისპირება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები