Thumbnail
  • 5 ნოემბერს ლოჩოშვილის კრემონეზე გელაშვილის სპეციას მიიღებს
  • სპეციას მცველმა იტალიის თასზე გამართულ მატჩში დაზიანება მიიღო

კვირას, 5 ნოემბერს, იტალიის სერია B-ში ქართველი ლეგიონერების გუნდების დაპირისპირება გაიმართება. ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე საკუთარ მოედანზე ივა გელაშვილის სპეციას მიიღებს. თუმცა, შედგება თუ არა მე-12 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების მცველების დაპირისპირება, უცნობია. ამის მიზეზი დაზიანებაა, რომელიც გელაშვილს აქვს. 

სპეცია ჩემპიონატს იტალიის თასის 1/16-ფინალში, პენალტების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ უბრუნდება. სასუოლოსთან მატჩში გელაშვილმა 58-ე წუთამდე ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში 22 წლის ქართველ მცველს მაგრად ჩაარტყეს და ამის გამო, ივამ მომდევნო დღეს გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშში მონაწილეობა ვეღარ მიიღო. 

"ცუდი ამბავი გელაშვილისთვის. კოზენცასა და სასუოლოსთან ჩატარებული ბრწყინვალე მატჩების მთავარი გმირი იძულებული გახდა, გუშინდელი საწვრთნელი სესია ტრავმის გამო გამოეტოვებინა", - წერს ადგილობრივი მედია, რომლის ცნობით, სპეციას მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი კრემონაში ქართველი მცველის წაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. 

გელაშვილმა და ლოჩოშვილმა ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში (8:0) ერთად შეუცვლელად ითამაშეს

სპეციას სერია B-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 8 ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. ივა გელაშვილმა გუნდის მაისურით სულ 3 მატჩში ითამაშა.

უკეთესი მდგომარეობა აქვს კრემონეზეს, რომელსაც 11 თამაშში 16 ქულა აქვს და ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. ლუკა ლოჩოშვილმა გუნდის ღირსება ჩემპიონატის 7 მატჩში დაიცვა, კიდევ 2 შეხვედრა კი თასზე ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები