Thumbnail
  • მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-2 დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა 
  • საქართველოს ნაკრების ექვსი ძიუდოისტიდან მედლებისთვის ბრძოლას ორი აგრძელებს

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-2 საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების 6-მა ძიუდოისტმა იასპარეზა და მათგან 2 ფინალურ ბლოკში მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ტატო გრიგალაშვილი ფინალში იჭიდავებს, ლაშა შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს მოპოვებას შეეცდება.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა 31 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და დამატებით დროში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს ვაზარით აჯობა. ლაშას დამატებით დრო დასჭირდა 1/8-ფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოიაკთანაც, რომელსაც გაფრთხილებებით აჯობა. 

შავდათუაშვილმა 1/4-ფინალში რუს დანილ ლავრენტიევს ვაზარზე შესრულებული ეფექტური გდებით კი აჯობა, მაგრამ 1/2-ფინალში ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იპონითვე წააგო და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კოსოვოელ აკილ გიაკოვას დაუპირისპირდება. 

მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ტატამიზე მეორე წრიდან გავიდა. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გზიდან გაფრთხილებებით ავღანელი (IJF-ის დევნილთა გუნდი) სიბღათულან არაბი, იპონით ირლანდიელი ბიერახ გლისონი, ხოლო ვაზარით გერმანელი დომინიკ რესელი ჩამოიცილა და ნახევარფინალში გავიდა. აქ ტატომ ფრანგ ალფა უმარ ჯალოს გაკვეთილი ჩაუტარა - ხელი ქამარში ჩაავლო, სათამაშოსავით დაატრიალა და იპონზე დაანარცხა.

ზედიზედ მეორე, კარიერაში კი მესამე ევროპული ოქროსთვის გრიგალაშვილის მეტოქე თურქეთის სახელით მოჭიდავე ვედათ ალბაირაკი, იგივე ვანო რევაზიშვილი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს ვაზარით აჯობა.

დღესვე მონპელიეში წარუმატებლად გამოვიდა გიორგი ტერაშვილი (-73 კგ,), რომელიც მეორე წრეში რუს დანილ ლავრენტიევთან ვაზარით დამარცხდა. პირველ წრეში იპონით წააგო ეთერ ასკილაშვილმა (-63 კგ.), რომლის მეტოქე იტალიელი ფლავია ფავორინი იყო, ხოლო ნინო გულბანი (-70 კგ.) მეორე წრეში ბოსნია-ჰერცოგოვინის ძიუდოისტ ალეკსანდრა სამარჯიჩთან გაფრთხილებებით დამარცხდა. ტურნირში მხოლო ერთი შეხვედრის მოგება შეძლო მარიამ ჭანტურიამ (-70 კგ.), რომელმაც მეორე წრეში უნგრელ საბინა გერჩაკს გაფრთხილებებით კი აჯობა, მაგრამ შემდეგ ებრაელ მაია გოშენთან დამარცხდა.  

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის უმედლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ლუკა მხეიძე გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები