Thumbnail
  • ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდნენ
  • სამივე ქართველმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოსთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, რადგან 3 ქართველი ფინალშია, შესაბამისად, 3 მედალი უკვე გარანტირებულია.

ოქროს მედლისთვის ფინალურ ბლოკში ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი იბრძოლებენ.

90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო, სადაც ორი ვაზარით და შესაბამისად, იპონით სძლია აზერბაიჯანელ მურად ფატიევს, შემდეგ შვედი მარკუს ნიმანიც იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, ასევე სუფთად მოუგო ფრანგ ალექსის მატიეს. ლაშა ნახევარფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს დაუპირისპირდა და ისევ გაიმარჯვა, ხოლო ფინალში სერბ ნემანის მაიდოვს შეხვდება.

 

ამავე წონაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე მოულოდნელად პირველივე წრეში დამარცხდა. ლუკამ თურქ მიჰაელ ზგანკთან ვერაფერი გააწყო, შებოჭვაზე მოჰყვა და იპონით წააგო.

ილია სულამანიძემ (100 კგ) ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც უპრობლემოდ აჯობა გერმანელ ლუის მაის, მეოთხედფინალში ავსტრიელი აარონ ფარაც დაამარცხა და ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს შეხვდა, რომელსაც ვაზარით აჯობა და ისიც ფინალშია. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ილიას მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოტსოიევი იქნება.

 

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილიც ფინალში გავიდა. ქართველი ძიუდოისტი მეორე წრიდან ჩაერთო შეჯიბრებაში, სადაც გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა, შემდეგ თურქ მუნირ ერტუგს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოჩს ორი ვაზარით სძლია. გურამის მეტოქე ფინალში ფინელი მარტი პუუმალაინენი იქნება.

 

დღესვე, ქალთა შორის მძიმე წონაში (+78 კგ) გამოვიდა სოფიო სომხიშვილი, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან, შესაბამისად, უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც დღეს დასრულდება, საქართველოს ნაკრების აქტივში ჯერჯერობით ერთადერთი ვერცხლის მედალია (ტატო გრიგალაშვილი), მაგრამ ფინალურ ბლოკში ეს მონაგარი გაიზრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები