Thumbnail

მარცხი ფინალში - ლაშა ბექაურის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
  • საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც ლაშა ბექაურის აქტივშია.

90 კგ წონით კატეგორიის ფინალში ბექაური სერბ ნემანია მაიდოვს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლაშა უპირატესობას ფლობდა, უფრო აქტიურობდა, მაგრამ მისი მეტოქე თავს კარგად იცავდა. საბოლოოდ, ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა, სადაც მე-5 წუთზე მაიდოვმა ოლიმპიური ჩემპიონი ვაზარზე დააგდო და გამარჯვება მოიპოვა.

ბექაურის გზა ფინალამდე: ქართველი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო, სადაც ორი ვაზარით და შესაბამისად, იპონით სძლია აზერბაიჯანელ მურად ფატიევს, შემდეგ შვედი მარკუს ნიმანიც იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი, ასევე სუფთად მოუგო ფრანგ ალექსის მატიეს. ლაშა ნახევარფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს დაუპირისპირდა და ისევ გაიმარჯვა.

 

ამგვარად, საქართველოს მონაგარი ამ დროისთვის 2 ვერცხლის მედალია, რომლებიც ლაშა ბექაურისა და ტატო გრიგალაშვილის აქტივშია. გარდა ამისა, გარანტირებულია კიდევ ორი მედალი, რადგან ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი ფინალში არიან, უბრალოდ, მედლის სინჯია გასარკვევი.

კომენტარები

ბოლო ამბები