Thumbnail

კიდევ ერთი წაგებული ფინალი - სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ისევ ოქროს მედლის გარეშეა, რადგან ტატო გრიგალაშვილის და ლაშა ბექაურის შემდეგ ფინალი ილია სულამანიძემაც წააგო.

100 კგ წონით კატეგორიაში სულამანიძე ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდა. თუმცა, 2 წუთსა და 36 წამში მეტოქემ იპონით გამარჯვება მოახერხა, რის შედეგადაც ილია ვერცხლს დასჯერდა, რაც მისთვის კარიერაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალია. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკო შერაზადიშვილმა, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის.

სულამანიძის გზა ფინალამდე: ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც უპრობლემოდ აჯობა გერმანელ ლუის მაის, მეოთხედფინალში ავსტრიელი აარონ ფარაც დაამარცხა და ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს შეხვდა, რომელსაც ვაზარით აჯობა.


ამგვარად, საქართველოს მონაგარი ამ დროისთვის 3 ვერცხლის მედალია, რომლებიც ლაშა ბექაურის, ტატო გრიგალაშვილისა და ილია სულამანიძის აქტივშია. გარდა ამისა, გარანტირებულია კიდევ ერთი მედალი, რადგან გურამ თუშიშვილი ფინალშია, უბრალოდ, მედლის სინჯია გასარკვევი.

კომენტარები

ბოლო ამბები