Thumbnail

თუშიშვილმაც წააგო - საქართველომ ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. 4 წონით კატეგორიაში გავიდა ქართველი ფინალში, მაგრამ ყველა მათგანი დამარცხდა.

ტატო გრიგალაშვილის, ლაშა ბექაურისა და ილია სულამანიძის შემდეგ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში გურამ თუშიშვილიც დამარცხდა.

+100 კგ წონით კატეგორიის ფინალში თუშიშვილი ფინელ მარტი პუუმალაინენს გაეჯიბრა. გურამი ვაზარით დაწინაურდა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ძირითადი დროის ბოლო წამებზე ვაზარი თავად მიიღო და ანგარიში გათანაბრდა. შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ფინელმა კიდევ ერთი მომგებიანი ილეთი გააკეთა და გაიმარჯვა. ამგვარად, გურამმა პრაქტიკულად მოგებული შეხვედრა წააგო.

თუშიშვილის გზა ფინალამდე: ქართველი ძიუდოისტი მეორე წრიდან ჩაერთო შეჯიბრებაში, სადაც გერმანელი ერიკ აბრამოვი დაამარცხა, შემდეგ თურქ მუნირ ერტუგს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოჩს ორი ვაზარით სძლია.


შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი, სადაც 15 ძიუდოისტით იასპარეზა, 4 ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლი, ლაშა ბექაურმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 4 ვერცხლის მედლით მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო მხოლოდ ვაჟების გათვალისწინებით მე-7 ადგილი ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები