გასული შაბათ-კვირის მთავარი თემა ქართულ სპორტში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გახლდათ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟული ტურნირი ოქროს მედლის გარეშე დაასრულა - 4 წაგებული ფინალით და, შესაბამისად, 4 ვერცხლით. გარდა ამისა: თორნიკე შენგელია ყველა თამაშში ამტკიცებს, რომ შესანიშნავ ფორმაშია. ახლა NBA-ში შანსი მიიღო და გამოიყენა გოგა ბითაძემაც. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ექს-ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ კი კარიერა დაასრულა. უიკენდის მთავარი ამბები ორშაბათის საკითხავში:
ძიუდო | საქართველო ოქროს მედლის გარეშე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი, სამწუხაროდ, ოქროს მედლის გარეშე დაასრულა. ქართველი ძიუდოისტები ფინალში 4 წონით კატეგორიაში გავიდნენ და ყველა გადამწყვეტი ბრძოლა დათმეს. ტატო გრიგალაშვილის, ლაშა ბექაურისა და ილია სულამანიძის შემდეგ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში გურამ თუშიშვილიც დამარცხდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი, სადაც 15 ძიუდოისტით იასპარეზა, 4 ვერცხლის მედლით დაასრულა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ნაკრები 4 ვერცხლით მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო მხოლოდ ვაჟების გათვალისწინებით მე-7 ადგილი ერგო.
📋 | ყველა ფინალი და ყველა სტატია ევროპის ჩემპიონატის შესახებ ნახეთ აქ.
NBA | გოგა ბითაძემ შანსი გამოიყენა
გოგა ბითაძემ NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში, ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ თავი გამოიჩინა და ორლანდო მეჯიქს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. 24 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 5 დაფარება (!) იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მეჯიქის მთავარმა ცენტრმა, ვენდელ კარტერ ჯუნიორმა მარცხენა ხელზე თითი მოიტეხა და ოპერაციის გაკეთებაც მოუწევს, შესაბამისად, როგორც იწერება, ის მინიმუმ 3 კვირა თავის გუნდს ვერ დაეხმარება. სწორედ ამიტომ, ფლორიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ სასტარტო შემადგენლობაში გოგა ბითაძის დაყენების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა - ქართველი ცენტრი განსაკუთრებით შესანიშნავი დაცვაში იყო, რაზეც ორლანდოს დამრიგებელმა შეხვედრის შემდეგაც ილაპარაკა.
📋 | რა თქვა მწვრთნელმა ბითაძის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ევროლიგა | შენგელია ისევ MVP გახდა და დონჩიჩს დაეწია
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე პერიოდი გრძელდება! ევროლიგის მე-6 ტურში მისი 19 ქულის (5 მოხსნა, 6 პასი) წყალობით, ვირტუსმა ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა. ეფესთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის მარგი ქმედების კოეფიციენტი 30 იყო და ის ჯერ მატჩის, შემდეგ კი ტურის MVP-ად დაასახელეს. თორნიკე ევროლიგის ამ სეზონში მეორედ გახდა ტურის საუკეთესო კალათბურთელი (პირველად მესამე ტურში). თოკო ეფესთან მატჩამდე თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. 32 წლის ქართველი კალათბურთელი ევროლიგის ტურის MVP კარიერაში მერვედ გახდა. ის ისეთ კალათბურთელებს დაეწია, როგორიც იოანის ბურუსისი, ლუკა დონჩიჩი და ვასილის სპანულისი არიან. ამ მხრივ, რეკორდსმენი ნანდო დე კოლოა (16-გზის MVP).
📋 | ყველა ბოლო სიახლე თორნიკე შენგელიას შესახებ ნახეთ აქ.
ლეგიონერები | სიგუამ ბაზელს მოაგებინა
ბაზელმა შვეიცარიის ჩემპიონატში 8-ტურიანი პაუზის შემდეგ მოიგო - შინ ივერდონთან (2:1). გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ გაიტანა. მას საგოლე პასი ტიერნო ბარიმ გაუკეთა და აღსანიშნავია, რომ თამაშში ორივე შეცვლაზე ჩაერთო. სიგუასთვის ეს მეორე გოლია შვეიცარიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში (8 მატჩში). პირველად მან ციურიხის კარი დალაშქრა და მაშინ 95-ე წუთზე გუნდს ქულა მოუტანა (2:2).
📋 | სიგუას გოლი და ბაზელის ახალი მწვრთნელის კომენტარი ნახეთ აქ.
ბუცები ლურსმანზე | ლევან მჭედლიძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრებისთვის ის ახალი შოთა არველაძე უნდა ყოფილიყო. ახალი ბომბარდირი. საამისოდ ყველაფერი ჰქონდა - ნიჭი, ტექნიკა, სიმაღლე, საგოლე ალღო. სერია A-შიც ითამაშა და ჯანლუიჯი ბუფონსაც გაუტანა დაუვიწყარი გოლი. უიღბლობის, ტრავმების და მოკლედ, ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრების ახალი ბომბარდირი ვერ გახდა, მაგრამ ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება მაგალითად შოტლანდიის ნაკრების კარში გატანილი გოლი. ახლა 33 წლისაა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა და სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მაისურით მინიმუმ 10-ჯერ ნაკლები გოლი გაიტანა, ვიდრე უნდა გაეტანა, მჭედლიძეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში თავისი ადგილი აქვს.
...და აქვე, კიდევ ერთხელ გიზიარებთ ვიდეოს, რომელიც შარშან გადავიღეთ.
კომენტარები