- ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს ლაივ-რეიტინგში 589-ე ადგილზე იმყოფება
- ქართველ ჩოგბურთელთაგან მასზე წინ 22 წლის საბა ფურცელაძეა
31 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის. რამდენიმე წლის წინ, ეს, ალბათ, წარმოუდგენელი იყო, თუმცა, ახლა, ფაქტია.
ჩოგბურთელი, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა და რამდენიმე პრესტიჟული ტურნირიც მოიგო, ამჟამად, ATP-ს ლაივ-კლაიფიკაციაში 589-ე (!) ადგილზე იმყოფება. ნიკოლოზს აქტივში მხოლოდ 58 ქულა გააჩნია და მორიგო კატასტროფული ვარდნის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოშიც კი, ლიდერი აღარ გახლავთ.
რეიტინგში ბასილაშვილზე წინ 22 წლის საბა ფურცელაძე იმყოფება 87 ქულით. ახალგაზრდა ჩოგბურთელს, რომელმაც დევისის თასზე ტუნისთან მატჩში საკმაოდ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი, მსოფლიო კლასიფიკაციაში 471-ე პოზიცია უკავია.
თუკი ისევ ბასილაშვილს დავუბრუნდებით, ფაქტია, რომ მას საჩოგბურთო ელიტაში დასაბრუნებლად უდიდესი სამუშაოს გაწევა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ნიკამი იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც წლეულს დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ოქტომბერში ჰამბურგის, ბრესტისა და ბერგამოს ჩელენჯერებზე 4 მატჩი ჩაატარა და არცთუ მაღალი კლასის მეტოქეებთან მხოლოდ 1 თამაშის მოგება მოახერხა.
კომენტარები