Thumbnail
  • ფრანგულ კლუბში ქართველი ფორვარდის გარშემო შექმნილ სიტუაციას აკვირდებიან
  • აიაქსი იანვრიდან საკადრო წმენდას გეგმავს და ალბათ, მაშინ ბევრი რამ გაირკვევა

ფრანგული მეცის პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა დაადასტურა, რომ კლუბში ამსტერდამის აიაქსიდან გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას განიხილავენ, თუმცა, ეს საკმაოდ რთული პროცედურა იქნება.

"ყველანი ვხედავთ, რომ მიქაუტაძე აიაქსში თავს კარგად არ გრძნობს. ამდენად, ნამდვილად გვაინტერებს ამსტერდამელებს მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ. თუკი აიაქსი მის იჯარის წესით გაშვებაზე თანახმაა, ეს მისასალმებელი ფაქტი იქნება. უბრალოდ, რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია".

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი აიაქსში სწორედ მეციდან 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიქაუტაძემ ერედივიზიონში სულ 4 მატჩში ითამაშა, აქედან მხოლოდ ერთხელ სასტარტოში და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

როგორც VoetbalNieuws წერს, აიაქსი, რომელმაც სატრანსფერო პერიოდში დაახლოებით 110 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა, წარმატებული პერიოდი ნამდვილად არ უდგას, დიდი საკადრო წმენდის დაწყებას მომავალი წლის იანვრიდან გეგმავს.

გიორგი მიქაუტაძე მეცში ლიდერი იყო, აიაქსში კი, საქმე კარგად არ წაუვიდა

უკვე გადაწყვეტილია, რომ კლუბი ყველანაირად ეცდება გასტონ ავილას, ანტონ გააეის, სივერტ მანსვერკის, ბენიამინ ტაჰიროვიჩისა და იაკოვ მედიჩის გაყიდვას, ხოლო გიორგი მიქაუტაძე, დიანტ რამაჯი, ბორნა სოსა და ჩუბა აკპომი ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც აიაქსი შანსს კიდევ მისცემს, თუმცა, ძალიან უნდა მოინდომონ, რომ მათთან თანამშრომლობა გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელებმა სეზონი კატასტროფულად დაიწყეს და ერედივიზიონში ბოლო ადგილზეც კი იყვნენ, თუმცა, ბოლო 2 მატჩი მოიგეს და ახლა, 11 ქულით მე-11 ადგილი უკავიათ. საინტერესოა, რომ აიაქსი ლიდერ პსვ-ს 22 (!) ქულით ჩამორჩება, არადა, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 11 ტურია გასული. 12 ნოემბერს ამსტერდამელებს ალმერესთან გასვლითი თამაში ელით.

თავის მხრივ, გაძლიერება ნადვილად არ აწყენს მეცს, რომელსაც მიქაუტაძის წასვლის შემდეგ, შეტევის ხაზში ძალიან უჭირს. მეცელებს 11 მატჩში 9 გოლი აქვთ გატანილი (2 სწორედ ქართველის ანგარიშზეა) და საფრანგეთის ლიგა 1-ში, სადაც 18 კლუბი ირიცხება, მე-16 ადგილი უკავიათ. ცნობისთვის, ლიგიდან 2 აუტდსაიდერი ვარდება, სწორედ მე-16 პოზიციაზე გასული გუნდი კი, ელიტაში დასარჩენად, პლეი-ოფში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები