Thumbnail

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა მორიგი სტატია მიუძღვნა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ვირტუს ბოლონიას ლიდერს, თორნიკე შენგელიას. საქმე Synergy Sports-ის მიერ შემუშავებულ ქულების დათვლის ახალ სისტემას ეხება სტატისტიკაში: "ახალი მაჩვენებელი კიდევ უფრო ნათლად ასახავს თორნიკე შენგელიას როლს ვირტუსის დაწინაურებაში - ეს არ არის მხოლოდ ქულები და პასები", - წერს ევროლიგის საიტი. 

თორნიკე შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით ევროლიგაში მე-2 ადგილზეა

"ვირტუსმა ევროლიგის სასტარტო 6 ტურში 5 მატჩი მოიგო, მაშინ, როცა წინა სეზონში სულ 14 გამარჯვება ჰქონდა. იტალიური კლუბი სრულიად გადასხვაფერდა ახალ სეზონში, ის მონსტრი გახდა. ვინაიდან კლუბს ზაფხულში დიდი ცვლილებები არ განუხორციელებია, წარმატების ძირითადი მიზეზი მძიმე ფორვარდის, თორნიკე შენგელიას თამაშია, რომელიც ოქტომბრის თვის MVP გახდა. ის ევროლიგის ერთ-ერთი ტოპმოთამაშეა", - ვკითხულობთ სტატიაში.

32 წლის თორნიკე შენგელია ევროლიგის ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია, რაც არის. მას ამ ტურნირში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. ბოლო სეზონების განმავლობაში მას ხშირად ჰქონდა წარმატებული თამაშები. ხოლო 2017/18 წლების სეზონში ის ევროლიგის პირველ ხუთეულში აირჩიეს (13.7 ქულა, 6.1 მოხსნა და 2.2 პასი საშუალოდ). მაშინ თოკო ბასკონიას ლიდერი იყო. 

იმის მიუხედავად, რომ შენგელია უკვე წლებია, რაც ევროლიგის ტოპმოთამაშეა, ახალ სეზონში მან საკუთარი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. ის ვირტუსის შეტევების მთავარი პერსონაა. ვირტუსი ძალზე ეფექტურია, გუნდი ევროლიგაში მესამეა საშუალოდ ქულების მიხედვით, ხოლო შენგელია გუნდის ლიდერია საშუალოდ 4.3 პასით თამაშში, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

Synergy Sports-ის მიხედვით, ტოპშემქნელები მე-6 ტურში

"ზემოთ ცხრილი Synergy Sports-ის ახალი მაჩვენებლის მიხედვითაა შედგენილი, ევროლიგის მე-6 ტურში. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა სტატისტიკური კატეგორიის - მეორადი პასები, "პიკ'ნ როლები", "პოსტ აპები" - აქ ყველაფერია ნაგულისხმები. რთული სტატისტიკური მახასიათებლები კარგად აჩვენებს, რომ შენგელია არა მარტო ძალზე ეფექტური იყო ფარქვეშ და 3-ქულიანებსაც კარგად ესროდა, არამედ, მან საკუთარი პლეიმეიქერული უნარები ახალ დონეზე გამოამჟღავნა. სწორედ ამის წყალობით ის ევროლიგის ყველაზე პროდუქტიულ ვარსკვლავთა შორისაა", - წერს ევროლიგის საიტი. ცხრილში შენგელია ისეთ კალათბურთელთა შორისაა, რომლებიც ძირითად უკანახაზელები არიან და ასე თამაში მათი მოვალეობაცაა. 

"ასეთი მაღლები ევროლიგაში იშვიათობაა. შენგელიამ მთლიანად შეცვალა ვირტუსის მიზნები ევროლიგაში. მისი წყალობით ვირტუსის შეტევაში მომენტები "არაფრისგან" იქმნება, მას ეს შეუძლია, თანაც იმ ზონაში, სადაც ერთდროულად ძალიან ბევრი კალათბურთელი არის ხოლმე. თოკოს წყალობით, მისი თანაგუნდელები მარტივად გადიან ფარქვეშ და იოლად ათავსებენ ბურთს კალათში. ამავე დროს, ის აგრძელებს გუნდისთვის ქულების მოტანას. თოკოსთვის მე-11 სეზონშია ევროლიგაში და ის კიდევ უფრო სანახაობრივი კალათბურთელი გახდა". 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ამ სეზონში ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო კალათბურთელი ევროლიგაში (კარიერაში მეშვიდედ და მერვედ, რითაც ლუკა დონჩიჩს დაეწია). ის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. თორნიკე საშუალოდ 18.5 ქულას (მე-3 შედეგი ევროლიგაში), 4.8 მოხსნას და 4.3 პასს აკეთებს. ქართველი ფორვარდის საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი 24.7-ია, რითაც ის მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩს ჩამორჩება. 

ევროლიგის მე-7 ტურში შენგელია და კომპანია მადრიდში რეალს ეთამაშება, ეს შეხვედრა 9 ნოემბერს გაიმართება. ვირტუსს 5-1 ბალანსი აქვს, ხოლო რეალს 5-0.  

კომენტარები

ბოლო ამბები