Thumbnail

უკვე ოფიციალურად: თოფურია ვოლკანოვსკის 2024 წლის თებერვალში შეხვდება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • 2024 წლის თებერვალში ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება
  • "მატადორი" პირველი ქართველია, ვინც UFC-ის ტიტულზე იჩხუბებს

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის ქამარზე 2024 წლის თებერვალში ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი (26-3) და ილია თოფურია (14-0) დაუპირისპირდებიან. 

აქამდე, არცერთ მებრძოლს დაუმალავს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩხუბი სურდათ. ჩემპიონი სატიტულო ბრძოლის გამართვას იანვარში აპირებდა, თუმცა ისლამ მახაჩევთან (25-1) რევანში დაუგეგმავად აიღო, პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა და ძალების აღსადგენად უფრო მეტი დრო სჭირდება. 

ავსტრალიელს UFC-ის ქვემსუბუქ წონაში მატჩი ჯერ არ წაუგია. ალექსი ორგანიზაციაში 2016 წლიდან ჩხუბობს და ამ პერიოდში ქვემსუბუქ დივიზიონში 13 ბრძოლა მოიგო. ვოლკანოვსკი ტიტულს 2019 წლიდან ფლობს და მას შემდეგ ქამარი ხუთჯერ დაიცვა. 

ილია თოფურიამ 2020 წლიდან დღემდე, UFC-ში 6-ჯერ იჩხუბა და ყველა მოიგო. ილიამ 4 მატჩი ვადაზე ადრე დაასრულა და მეტოქეები მხოლოდ ორჯერ ვერ დააფინიშა. დაუმარცხებელი “მატადორი” პირველი ქართველია, რომელიც მატჩს UFC-ის ქამრისთვის ჩაატარებს. 

აქვე, უაითმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლის მონაწილეებიც დაასახელა - შონ ო'მალის (17-1) მარტში ჩიტო ვერა (21-8) დაუპირისპირდება. საშუალო წონის დივიზიონში, კი შონ სტრიკლენდი (28-5) ქამრის პირველად დაცვას დრიკუს დუ პლესის (20-2) წინააღმდეგ იანვარში ეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები