Thumbnail
  • სერია B-ს კრემონეზეს ქართველმა მცველმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა
  • 25 წლის ფეხბურთელი ქალაქზე, კლუბზე, ლიგასა და მიზნებზე საუბრობს

ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში მეორე სეზონს ატარებს. მისი გუნდი - კრემონეზე, რომელიც სერია A-დან სერია B-ში წინა სეზონის შედეგებით დაქვეითდა,  ცხრილის ზედა ნაწილშია და უძლიერესთა შორის დაბრუნებისთვის იბრძვის. თავად საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ჩემპიონატის 7 მატჩში ითამაშა, კიდევ 2 შეხვედრა კი იტალიის თასზე ჩაატარა. 

ლუკა ლოჩოშვილმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში კლუბზე, ქალაქზე, ლიგასა და თავის მიზნებზე ისაუბრა.

…კლუბზე: "კრემონეზეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მომწონს ყველაფერი - დაწყებული კლუბიდან, მისი თანამშრომლებით დამთავრებული, რომლებიც ყოველთვის გამოხატავენ კეთილგანწყობას ჩემს მიმართ. რაც მთავარია, გუნდს ამბიციური გეგმები აქვს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანობაში, აქ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თანაც, ახლა უკეთესად ვსაუბრობ იტალიურად და ესეც მიადვილებს თანაგუნდელებთან ურთიერთობას. უფრო დიდ დროს ვატარებ მათთან ერთად. ახლა, როდესაც ენას უკეთესად ვფლობ, ყველაფერი გაცილებით მარტივია".

…ქალაქზე: "კრემონა დიდი ქალაქი არ არის, მაგრამ ის ძალიან მომწონს. ვაფასებ აქაური ადამიანების დამოკიდებულებას ჩვენი, ფეხბურთლების მიმართ. თავისუფალ დროს ხშირად გავდივარ ქალაქის ცენტრში, სადაც ცოლთან ერთად ვსეირნობ ხოლმე ან უბრალოდ, ყავას მივირთმევ". 

ქართველმა მცველმა წინა სეზონი სერია A-ში გაატარა

…ფანებზე: "მათ პირველივე დღიდან მაგრძნობინეს, რომ სასურველი სტუმარი ვიყავი. შარშან, მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც გვქონდა, ყოველთვის გვედგნენ მხარში და არასდროს ნებდებოდნენ. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოედანზე დამატებით იმპულსს გვაძლევს. ყოველთვის ვგრძნობ მათ სითბოს და ვაღიარებ, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც კრემონეზეში თამაში მაბედნიერებს".

…სერია B-ზე: "ვაღიარებ, რომ ამ ლიგის შესახებ უწინ ბევრი არაფერი ვიცოდი და მასზე მხოლოდ იმ თანგუნდელებისგან მქონდა გაგონილი, რომლებსაც აქ უთამაშიათ. აქ ყველა თამაში რთულია, ყველა მეტოქე ბოლო წუთამდე იბრძვის. ჯერ სეზონის დასაწყისია, თუმცა ძლიერი გუნდი ვართ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მიზნის მიღწევას და იმის დაბრუნებას, რაც წინა სეზონში დავკარგეთ".
 
…სერია A-ზე: "ასეთ ჩემპიონატში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანია. საუბარია, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაზე. დონე ძალიან მაღალია, არიან დიდი კლუბები და იმისთვის, რომ იქ ადგილი შეინარჩუნო, ბევრი უნდა იმუშაო. ჩემი მიზანი სწორედ ამ დონეზე დაბრუნება და რომელიმე დიდ საერთაშორისო ტურნირში გამოსვლაა".

ლუკას ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 8 მატჩი და 1 გოლია

…საქართველოს ნაკრებზე: " წარმოადგენდე შენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს, ნებისმიერი მოთამაშისთვის საოცნებო და საამაყოა. მოხარული ვარ, რომ მე ამის შესაძლებლობა მაქვს. ნაკრებში ახალგაზრდული გუნდი ვართ შეკრებილი და მჯერა, მომავალში რთული მეტოქე ვიქნებით ნებისმიერისთვის. ჩემი პირადი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად რომელიმე დიდ ტურნირზე მოხვედრაა".

…დაჩი ლორთქიფანიძეზე (კრემონეზეს ასაკობრივი გუნდის ქართველი მოთამაშე): "უწინ მას არ ვიცნობდი, მაგრამ აქ გატარებულ პერიოდში დავმეგობრდით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 18 წლისაა, ის ძალიან ინდივიდუალურია და თან, ყველაფერში ავლენს პროფესიონალიზმს, რაც ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მჯერა, მას დიდი მომავალი აქვს, იქამდე კი უნდა გააგრძელოს მუშაობა და მან ეს იცის".

კრემონეზეს სერია B-ში ჩატარებულ 12 მატჩში 19 ქულა აქვს და სატურნორო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, სტუმრად ბრეშასთან ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები