Thumbnail

მე-15 ვარდი, ფინიში პირველ რაუნდში - თოფურია ვოლკანოვსკსის დაემუქრა

  • თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ის ქამრისთვის იჩხუბებს
  • 26 წლის 'მატადორმა' სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა

UFC-ის ქვემსობუქი წონის დაუმარცხებელი მებრძოლი ილია თოფურია (14-0), რომელსაც დივიზიონის ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან (26-3) ქამარზე ჩხუბი ოფიციალურად ჩაუნიშნეს, მომავალ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ორიგინალურად გამოეხმაურა.

ქართველი და ავსტრალიელი მებრძოლები ერთმანეთს ოქტაგონზე 2024 წლის თებერვალში შეხვდებიან (ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება). ბრძოლის დანიშვნის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა ოფიციალურად გამოაცხადა.

ესპანეთში მცხოვრები ქართველი ქამრისთვის ჩხუბის დანიშვნას დიდი ხანი ელოდა

26 წლის "მატადორმა", რომელიც ვოლკანოვსკისთან ქამარზე ჩხუბის მიღებას დიდი ხანი ელოდა, ტვიტერზე საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა - “მეთხუთმეტე ვარდი”. ვიდეოში ილია ვარდით ჩნდება, რომელსაც ჯერ ფოთლებს და ფურცლებს აცლის, ეკალს უსინჯავს, შემდეგ კი ყუთში ინახავს. 

შეგახსენებთ, რომ თოფურია MMA-ში 14 წაუგებელ ორთაბრძოლას ითვლის და მე-15 ვარდით მიგვანიშნებს, რომ მომდევნოც მისი გამარჯვებით დასრულდება.

"ჩემი პროგნოზი - ფინიში პირველ რაუნდში. თქვენი როგორია?", - წერს ქართველი მებრძოლი.

ბოლოს ვოლკანოვსკი ისლამ მახაჩევთან (25-1) ნოკაუტით დამარცხდა

35 წლის ალექსანდრ ვოლკანოვსკი UFC-ის ქვემსუბუქ წონაში დაუმარცხებელია. ავსტრალიელი ორგანიზაციაში 2019 წლიდან გამოდის და მის ანგარიშზე 13 გამარჯვებაა, ტიტულს კი 2019 წლიდან ფლობს და მას შემდეგ ქამარი ხუთჯერ დაიცვა.

ილია თოფურიამ 2020 წლიდან დღემდე, UFC-ში 6-ჯერ იჩხუბა და ყველა მოიგო. ილიამ 4 მატჩი ვადაზე ადრე დაასრულა და მეტოქეები მხოლოდ ორჯერ ვერ დააფინიშა. დაუმარცხებელი "მატადორი" პირველი ქართველია, რომელიც მატჩს UFC-ის ქამრისთვის ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები