Thumbnail

საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ფრანგულ მეცში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება. ამის შესახებ Voetbalzone ფრანგ ჟურნალისტ მოჰამედ ტუბაშ-ტერზე დაყრდნობით იუწყება. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი იყო პირველი, რომელმაც მიქაუტაძის ამსტერდამის აიაქსში დაგეგმილ ტრანსფერზე დაწერა.

"მეცი სერიოზულად განიხილავს ვარიანტს, რომ გიორგი მიქაუტაძე აიაქსიდან იჯარის წესით დაიბრუნოს. აშკარაა, რომ ის ფრანგულ კლუბში თამაშით უფრო განვითარდება, ვიდრე – ამსტერდამში სკამზე ჯდომით. ამასთან, მისი სათამაშო სტილი მეცის სქემას უფრო შეესაბამება. სხვათა შორის, მეცი ერთადერთი კლუბი არაა საფრანგეთში, რომელიც ქართველი თავდამსხმელის დამატებაზე ფიქრობს.

ჯერჯერობით, ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია აიაქსს, რომელმაც მიქაუტაძის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, შესაბამისი სარგებელი არ მიუღია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მეცში 45 მატჩში 26 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა და აიაქსსი ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლიტანტიც ამით მოიხიბლა.

ქართველ ფორვარდს მეცში ისევ დიდი სიხარულით მიიღებენ

თუმცა, აიაქსში გადასვლის შემდეგ, მიქაუტაძეს თავი არაფრით გამოუჩენია. 23 წლის შემტევს ახალი კლუბის მაისურით ჩატარებულ ოთხ მატჩსა და 165 წუთში არც გოლი აქვს და არც შედეგიანი პასი. ისე სჩანს, რომ აიაქსში მასზე წინ ბრაიან ბრობისა და ჩუპა აკპომს აყენებენ. ამ უკანასკნელმა ბოლო ორ მატჩში (ვოლენდამთანა და ჰეერენვეენთან) შეცვლაზე კი ითამაშა, თუმცა, 3 გოლი გაიტანა.

დაუბრუნდება თუ არა ქართველი თავდამსხმელი უწინდელ კლუბს მომავალი წლის დასაწყისში გაირკვევა. საფრანგეთში სატრანსფერო ფანჯარა 2024 წლის 1 იანვარს იხსნება და ერთი თვის თავზე, 1 თებერვალს დაიხურება", - ვკითხულობთ Voetbalzone-ზე.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელებმა სეზონი კატასტროფულად დაიწყეს და ერედივიზიონში ბოლო ადგილზეც კი იყვნენ, თუმცა, ბოლო 2 მატჩი მოიგეს და ახლა, 11 ქულით მე-11 ადგილი უკავიათ. საინტერესოა, რომ აიაქსი ლიდერ პსვ-ს 22 (!) ქულით ჩამორჩება, არადა, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 11 ტურია გასული. 12 ნოემბერს ამსტერდამელებს ალმერესთან გასვლითი თამაში ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები