- დენიელ კორმიემ ილია თოფურიას და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ბრძოლაზე ისაუბრა
- UFC-ის ექსჩემპიონმა ორი მებრძოლის განსხვავებულ რეალობას გაუსვა ხაზი
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად ESPN-ის კომენტატორმა დენიელ კორმიემ, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე რაიან კლარკთან ერთად, პოდკასტში ილია თოფურიასა (14-0) და ალექსანდრ ვოლკანოვსკის (26-3) ჩხუბზე ისაუბრა.
ამერიკელი მიიჩნევს, რომ ამ დაპირისპირებაში ორივე მებრძოლს სხვადასხვა გამოწვევა ექნება, რადგან ილია და ალექსი განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობენ. ავსტრალიელი ჩემპიონია, რომელიც ცოტა ხნის წინ ნოკაუტით დამარცხდა, ხოლო ქართველი - ახალგაზრდა, რომელსაც არასდროს წაუგია. ამ ორ მოცემულობას, დენიელის აზრით, ჩხუბის ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
"ვოლკანოვსკის იანვარში უნდოდა დაბრუნდება, მაგრამ ცოტა გადაედო და თებერვალში იჩხუბებს. ძალიან მაინტერესებს, მახაჩევთან დანოკაუტების შემდეგ როგორ იჩხუბებს ალექსი ისეთი ბიჭის წინააღმდეგ, როგორიც თოფურიაა. ილია ძალიან ძლიერია, ძალიან გამძლე და კარიერაში არასდროს დამარცხებულა. ვფიქრობ, რომ წაგების გემოს არცოდნა ქართველს კიდევ უფრო სახიფათოდ აქცევს. როცა მეტოქის დამარცხების გზა ჯერ უცნობია, შენ ამ გზის გამოგონება გიწევს. დიახ, ვოლკანოვსკი სულ სხვა დონეზეა, იმ მოწინააღმდეგეებთან შედარებით, რომელიც ილიამ წარსულში დაამარცხა და ცხადია, ის ოქტაგონზე სხვა რეალობას შეეჩეხება.
ასე ვიყავი მეც, როცა ჯონ ჯონსთან საჩხუბრად დაუმარცხებელი გავედი, თავი სუპერმენი მეგონა და არ ვიცოდი, რომ იმ დონეს ჯერ არ ვაკმაყოფილებდი. თუმცა ეს პრობლემა არაა, რადგან ზუსტად ასეთ ბრძოლაში იზრდები, მაგრამ მსგავსი მატჩების მოსაგებად, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი, რაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი და მგონია, თოფურიასთანაც იქნება ეს გამოწვევა. როცა მებრძოლი სულ იგებს, მის მწვრთნელებს ის რთულ მდგომარეობაში ნანახი არ ჰყავთ, ხოლო როცა ასეთი სპორტსმენი რაუნდებს აგებს, ზოგჯერ, მწვრთნელებმა არ იციან რა ქნან. როცა ჯონსთან ჩხუბში ასეთი რამ მოხდა, ვეკითხებოდი მწვრთნელებს, როგორ ვიბრძვი, ვიგებ თუ ვერა და მათ ნათელი პასუხი არ ჰქონდათ, რადგან ახალ რეალობასთან შეგუებული არცერთი ვიყავით. ამიტომ, მსგავსი მომენტისთვის თოფურიას გუნდი მზად უნდა იყოს და უნდა იცოდნენ, რა იქნება გასაკეთებელი ბრძოლაში დასარჩენად.

როცა ამ ბიჭს უყურებ, მის საბრძოლო უნარებს განიხილავ, ილია ძალიან ძლიერია, მაგრამ რაუნდებს შორის სწორი დასკვნების გაკეთებასა და მატჩის ბედის შემოტრიალებას შეძლებს ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ალექს ვოლკანოვსკია? ავსტრალიელი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ ისლამთან ორჯერ წააგო, თან ახლა დაფინიშდა, შეუძლებელია ამ ყველაფერმა მის გონებაში კვალი არ დატოვოს. მახაჩევთან პირველი ბრძოლის შემდეგ, ალბათ იფიქრა, რომ იმაზე უკეთესი სპორტსმენი იყო, ვიდრე ეგონა. აი, მეორე მარცხზე იმავეს ვეღარ ვიტყვით - ნოკაუტით წააგო, თან პირველივე რაუნდში, არა მგონია, ახლა ფიქრობდეს, რომ ხელშეუხებელია" - თქვა UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა.
ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული MMA ორგანიზაციის ქამრისთვის იჩხუბებს. "მატადორის" სატიტულო ბრძოლა 2024 წლის თებერვალში გაიმართება, თუმცა მატჩის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
კომენტარები