- UFC-ის ქართველი მებრძოლი დიდი ხანია სატიტულო ჩხუბის მოლოდინშია
- დვალიშვილი იმედოვნებს, რომ ო'მალისა და ვერას შორის მოგებულს შეხვდება
მერაბ დვალიშვილი (16-4) იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის ჩხუბის საშუალება მას არ მისცეს. 32 წლის ქართველ მებრძოლს, რომელიც რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს, დივიზიონის ჩემპიონ შონ ო’მალისთან (17-1) ჩხუბი სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მარლონ 'ჩიტო; ვერასთან (21-8) დაპირისპირება ამჯობინა.
UFC-მ გადაწყვიტა, რომ შონ ო’მალისა და ჩიტო ვერას სატიტულო ჩხუბი UFC 299-ზე შედგება, რომელიც მომავალი წლის მარტში გაიმართება. ბრძოლის ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება.

ო'მალისა და ვერას ჩხუბის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"სისულელე. მეც დავესწრები, რათა ვნახო, ვისი ცემა მომიწევს შემდგომში".
ცნობილია, რომ მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ამჟამად, სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მესამე ნომერი, ჰენრი სეხუდო (16-3) იქნება. არსებული ინფორმაციით, ეს დაპირისპირება 2024 წლის 20 იანვარს ტორონტოში (კანადა), UFC 297-ზე გაიმართება.

მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლის ბოლოდან გამოდის და ამ ორგანიზაციაში 11 ბრძოლას ითვლის, საიდანაც ბოლო 9 ზედიზედ მოიგო. ბოლოს “მანქანამ” გაზაფხულზე იჩხუბა და სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. ამის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ბოლო დრომდე რეაბიტილაციის პერიოდს გადიოდა.
კომენტარები